GE

18 სკოლა პირველკლასელის გარეშე მაღალმთიან აჭარაში – მძიმე სტატისტიკა 2023-2024 სასწავლო წლისთვის

საქართველოს მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაცია შეუქცევად პროცესად იქცა და ამას ადასტურებს იქაურ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის კლებაც. სტატისტიკა ყოველწლიურად უარესდება, როგორც პირველ კლასში შემსვლელი მოსწავლეების, ასევე მაღალკლასელების კუთხით, ვინაიდან ყოველწლიურად მთის მოსახლეობას ოჯახები ტოვებენ.

მოსწავლეთა შემცირებას მაღალმთიანი აჭარის საგანმანათლებლო რესურსცენტრებშიც მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნიან – „სოფლებში მოსახლეობა შემცირდა“.

EDU.ARIS.GE ამ კუთხით 2023-2024 სასწავლო წლის პირველკლასელების მონაცემებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ მაგალითად ქედის მუნიციპალიტეტს წელს პირველკლასელი მოსწავლე ყველა სკოლაში ეყოლება, განსხვავებით შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან მიღებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს შორის განსაკუთრებულად დაბალი მაჩვენებელი აქვს შუახევს. აქ 10 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაიწყებს ახალ სასწავლო წელს პირველკლასელის გარეშე. საუბარია ამ სოფლების სკოლებზე: უჩამბა, ცინარეთი, გოგინაური, ოლადაური, წყაროთა, სხეფი, კარაპეტი, ტომაშეთი, გომარდული, ვანი.

არის სკოლები, სადაც 2023-2024 სასწავლო წელს მხოლოდ ერთი პირველკლასელი ეყოლებათ და ასეთი შუახევში რვა სკოლაა.

შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე გვიხსნის, რომ მსგავსი სტატისტიკა მოსახლეობის ბარისადმი მიდრეკილებამ გამოიწვია.

„რაც შეეხება პედაგოგებს, მათ ამ დროისთვის სამსახურის დატოვება არ უხდებათ, ვინაიდან ბოლო პერიოდში, დაბალი კონტინგენტის გამო, კლასები გადაკეთდა კლას-კომპლექტებად. (სხვადასხვა კლასების შერწყმა ავტ.) შესაბამისად ის პედაგოგი, რომელიც პირველ კლასში იყო დასაქმებული, რომელიმე კლასკომპლექტს მოემსახურება, თუმცა მათ საგაკვეთილო საათები უმცირდებათ. არის შემთხვევები, რომ დაბალი ანაზღაურების გამო, მასწავლებელი სამსახურს თავად ტოვებს“, – გვიხსნის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ წელს რვა საჯარო სკოლაა, სადაც პირველ კლასში მოსწავლე არ დარეგისტრირებულა და როგორც ხულოს რესურსცენტრში განმარტეს, მსგავსი სტატისტიკა ჯერ არ ჰქონიათ.

„იყო სასწავლო წლები, როდესაც ორი, სამი სკოლა გვქონდა პირველკლასელის გარეშე, თუმცა წელს ეს ზღვარი მაქსიმუმზეა“, – გვითხრა ედუარდ მიქელაძემ.

EDU.ARIS.GE სკოლების ადმინისტრაციასთან გასაუბრებასაც შეეცადა. ვინც პრობლემის შესახებ საუბარს დათანხმდა ამბობს, რომ მიზეზი მოსახლეობის მაღალ მიგრაციაში უნდა ვეძებოთ.

სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის დირექტორი მერი თავართქილაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლას ახალი მოსწავლე არ შეემატება, რაც ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია:

„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც სკოლაში, სადაც ერთ დროს მოსწავლეთა რაოდენობა 200-სს აჭარბებდა, წელს ცხრილის შედგენა მეორე კლასიდან მოგვიწევს. ეს დაწესებულებას დააწვება ეკონომიკურადაც, თუმცა მასწავლებლებს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრებათ“.

კიდევ ერთი სკოლის ხელმძღვანელმა, ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი გვითხრა, რომ მსგავსი გამოცდილება – კლასჩავარდნის 2021 წელს მიიღეს.

„ნამდვილად შეექმნება სკოლას ფინანსური პრობლემა. მასწავლებელსაც. ეს არის საფინანსო კლასის არქონა. შესაბამისად, სამინისტრო ამ კლასს ვერ დააფინანსებს. ამ დროისთვის პედაგოგს სახლში გაშვება არ ემუქრება, ვინაიდან იგი მათემატიკაში არის სერტიფიცირებული და შეუძლია, რომ საგნის პედაგოგად იმუშაოს მეექვსე კლასამდე. თუმცა ფინანსური დილემის მოგვარებას ასეთ დროს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით ვახერხებთ“, – განუცხადა EDU.ARIS.GE -ს იოსებ აბულაძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. 43 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა შუახევში, ხოლო ქედაში 29 საჯარო სკოლა.
სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

ასევე იხილეთ:

წელს პირველკლასელი 60 000-მდე ბავშვი გახდება – რა თხოვნით მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს

პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური