GE

2016 წლიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით 23 მასწავლებელი გათავისუფლდა – სამინისტრო

უცნობია, თუ როგორ მუშაობს განათლების სამინისტრო სკოლებში სკოლის თანამშრომლების ან მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების მიმართ ძალადობის შემთხვევების პრევენციაზე, როდესაც უწყებას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიზეზით სკოლიდან გათავისუფლებულთა სტატისტიკა არ გააჩნია, ან არ ასაჯაროებს.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ EDU.ARIS.GE-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდეგი ინფორმაციის მოწოდების თხოვნით მიმართა: „რამდენი პედაგოგი ან სკოლის თანამშრომელი გათავისუფლდა მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით სკოლიდან 2012 წლიდან დღემდე“.

ცნობისთვის, მინისტრის მოადგილე გასულ დღეებში ამბობდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ მიმართულებით მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო და „შედეგად ასეთი ფაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი და თითზე ჩამოსათვლელია“.

განათლების მინისტრმა კი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას უწყების მიღწევებს გაუსვა ხაზი: „ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. სკოლებში ყოველდღიურად გვაქვს გაუმჯობესება მდგომარეობის“.

მიუხედავად ასეთი პოზიციებისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხოლოდ მიმდინარე და გასული წლის მონაცემების მოწოდება შეძლო, რომელიც ასე გამოიყურება:

„2016 წელს იყო 14 შემთხვევა გათავისუფლების. 2017 წელს, იანვრიდან დღემდე ჯამურად დაფიქსირდა 9 გათავისუფლება, აქედან 4 შემთხვევა მოხდა მიმდინარე სასწავლო წელს ანუ სექტემბრიდან“, – ამბობს ჯეჯელავას უწყება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დამატებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, 2016-2017 სასწავლო წელს  დისციპლინური წარმოება დაიწყო სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ სავარაუდო ძალადობის 76 შემთხვევაზე.

„თუმცა  აქედან რამდენს დაეკისრა პასუხისმგებლობა და რა სახის,  ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – აცხადებენ უჩა ნანუაშვილის აპარატში.

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა და მდგომარეობა საგანგაშოდ შეაფასა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ  ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან.

ანგარიშის თანახმად, როგორც სკოლის მასწავლებლები ისე მოსწავლეები ძალადობად არ აღიქვამენ ისეთ აშკარა ძალადობის ფაქტებს, როგორიც არის ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვა. ასე ფიქრობს, მასწავლებელთა დაახლოებით 14% და მოსწავლეთა 40% და მეტი.

ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად გამოკვეთილია ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს, როგორც უფროსების მხრიდან გამოყენებულ მიმართვის ფორმას. მასწავლებელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.

სკოლის თანამშრომლების და განსაკუთრებით მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს ძალადობად არ მიაჩნია დასჯის მიზნით, გაკვეთილის მანძილზე მოსწავლის ფეხზე დაყენება (მოსწავლეების 51%; სკოლის თანამშრომლების 21%); სკოლის თანამშრომლების მიერ მოსწავლის (მოსწავლეების) დაბარება შინამეურნეობაში დასახმარებლად (მოსწავლე (31.9%); სკოლის თანამშრომელი (11.4%)”, – ვკითხულობთ უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბავშვის უფლებების ცენტრმა, 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად.

მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით რამდენიმე მასწავლებელი სკოლიდან გათავისუფლდა

როდის უნდა მიმართონ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა

“ძალადობის საკითხებზე სკოლების მონიტორინგის შედეგები საგანგაშოა” – უჩა ნანუაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური