GE

2018 წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები ცნობილია – პროცედურები

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა–ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად სააგენტოს ვებ–გვერდზე – kids.org.ge

როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს ორ ეტაპად;

პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც არ მიეკუთვნება პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს.

წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 13 ათასზე მეტი აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, ხოლო ორ ბაგა-ბაღს შეემატება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი.

სააგენტოს ინფორმაციით, წელს ბაღში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 2 წელი 16 და 17 სექტემბერს უსრულდებათ.

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების ნომრებია:

ნაძალადევის რაიონში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე – N49

საბურთალოს რაიონში – სოფელ დიღომში N67

საბურთალოს რაიონი – დიდი დიღმის მე-3 მ/რ N73

გლდანის რაიონში – სოფელი გლდანი N53

გლდანის რაიონი – მე-3 მ/რ. მ N57

ვაკის რაიონში – ნუცუბიძის მე-4 მ/რ N44

ვაკის რაიონში – წყნეთში, ბაღი N118

დიდუბის რაიონში – ზუგდიდის ქუჩა N3-ში, ბაღი N38

ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე – ბაღი N68

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური