GE

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირება 27 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ბრძანებით, განისაზღვრა 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი.

ბრძანების თანახმად, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირება 27 ოქტომბერს, 09:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 26 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება. დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული.

საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება:

  • მონაწილის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი;
  • ინფორმაცია პრეტესტის შესახებ

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 27 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.vet.emis.ge.

საგამოცდო ბარათის მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარადგინოს:

  • სარეგისტრაციო ფურცელი;
  • პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

გაითვალისწინეთ! – აპლიკანტი, რომელიც ვერ წარადგენს დოკუმენტს ფოტოსურათით, სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით, გამოცდაზე არ დაიშვება.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული განათლების სისტემისათვის ახალი საგამოცდო მოდელი მომზადდა, რომელიც მათი თქმით, კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, წელს საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ ტესტირებაზე 10 622 აპლიკანტი დარეგისტრირდა და აქედან 235 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.

ამავე თემაზე :

2015-2016 წლის პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირების ნიმუშები

გაზაფხულის პროფესიულ ტესტირებაზე ჩაჭრილ პირებს ქულების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ

დუალურ პროგრამებზე მსურველები ტესტირების გარეშე ჩაირიცხებიან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კი სიახლე ელით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური