GE

2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში პირველი ცვლილება შევიდა

2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ცვლილება შეიტანა. კერძოდ, განახლებულია ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსთან დაკავშირებით.

ცნობარის შეცვლილ ნაწილში ნახავთ ინფორმაციას, თუ რომელმა საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია და რომელმა ვერა.

იხილეთ:

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2021
N1 ცვლილება ცნობარში აბიტურიენტებისთვის 2021

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ მომზადებულია 2021 წლის 18 იანვარს (ცნობარის მომზადების დროისთვის) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამდენად, ცნობარში მითითებულია საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის შესახებ ინფორმაცია 18 იანვრის მდგომარეობით. გარდა ამისა, ცნობარში წარმოდგენილია იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალიც, რომლებზეც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

“საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის/რეაკრედიტაციის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაცია ელექტრონულ ბაზაში აგვისტოს თვის დასაწყისში განახლდება”, – განმარტავენ გამოცდების ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, რადგან არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური