GE

2025 წლის აბიტურიენტებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, ქართულის სწავლის ვალდებულება ექნებათ – ვადები და ახალი დეტალები ცვლილებაზე

თუ თქვენ 2025 წლის აბიტურიენტი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ნებისმიერ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გაივლით სავალდებულო საგანს, რომელიც სახელმწიფო ენის შესწავლას მიეძღვნება.

ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, შესაბამის გადაწყვეტილებას კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

დღეს, 5 მაისს, ცნობილი გახდა ისიც, რომ დიდი ალბათობით, სახელმწიფო ენის სწავლების სავალდებულო კურსს ორი სემესტრი დაეთმობა.

ქართულის სავალდებულო სწავლების შემოღების მიზნით, შესაბამისი წესი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ენის სწავლის ვალდებულება უნივერსიტეტში 2025 წელს ჩარიცხულ ყველა აბიტურიენტს 1-ელი სექტემბრიდან ექნება, კომიტეტი კი მიადევნებს თვალს წესის დამტკიცებასაც და უნივერსიტეტებში დანერგვის პროცესსაც.

“ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ თუკი ეს შესაძლებელი იქნება, ორი სემესტრით განისაზღვროს სასწავლო პროცესი”, – თქვა დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ძირითადი მოცემულობები, რომლებიც სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლებას ეხება და დღეს გააჟღერეს ასეთია:

– ეს ცვლილება შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან 2025 წლის 1-ელი აგვისტოს შემდეგ. დათქმაა, რომ პირველ აგვისტომდე ჩარიცხულებზე ეს ცვლილება არ გავრცელდება. ანუ წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულებით დაიწყება ამ სისტემის დანერგვა.

– კიდევ ერთი დათქმაა ის, რომ ძალაში უნდა შევიდეს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს. ვფიქრობდით ოქტომბერს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რიგი უმაღლესი სასწავლებლები სექტემბრის მეორე ნახევარში იწყებენ სასწავლო პროცესს, ამიტომ თავი გადავიზღვიეთ და პირველი სექტემბრიდან გვინდა, რომ ავამოქმედოთ.

“ვფიქრობთ, ორ თვეზე მეტი საკმარისია იმისათვის, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კურსის გავლის შესაბამისი წესი დაამტკიცოს, რომლითაც შემდგომში იხელმძღვანელებენ უმაღლესი სასწავლებლები და შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში მოხდეს მისი ასახვა და, რა თქმა უნდა, იზრუნებენ იმაზე, რომ შესაბამისი პედაგოგების ჩართულობა უზრუნველყოფილ იქნეს”, – აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე:

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური