ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი წინადადება უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების დაბრუნების შესახებ.
დაგეგმილია, რომ შესაბამისი პროგრამის სწავლება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლიდან უნდა დაიწყოს.
ამ მომენტისთვის უცნობია როგორ იქნება შედგენილი პროგრამა, რომ მან არ გაიმეოროს სკოლაში ნასწავლი საკითხები, რა პრინციპით დაკომპლექტდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლებისთვის კათედრები თუ სხვა სამსახურები, რამდენი სემესტრის განმავლობაში იქნება სავალდებულო სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სწავლა, ვინ უნდა ასწავლოს საგანი და სხვა მრავალი დეტალი.
EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხი სახელმწიფო ენის სტრატეგია (ერთიანი პროგრამა) 2021-2030-ის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო ენის სტრატეგიისა (ერთიანი პროგრამის) და შესაბამისი სამოქმედო გეგმების ეფექტურად განხორციელებისათვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილია სტრატეგიის სამდივნო, “რომელიც კოორდინაციას უწევს პოლიტიკური და ტექნიკური დონის ჯგუფთა ჰარმონიზებულ მუშაობას სტრატეგიის დაგეგმვის, შემუშავებისა და განხორციელების სახელმძღვანელო სტანდარტების შესაბამისად”.
სტრატეგიის განხორციელების ინსტრუმენტია ორწლიანი სამოქმედო გეგმები და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა სწორედ ახლა დაიწყეს.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, EDU.ARIS.GE-ს 23 აპრილს განუმარტა, რომ ამ ეტაპზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგია) 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე და უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულოდ სწავლების საკითხი მასში სრულფასოვნად უნდა აისახოს. პროცესის დასრულებამდე კი, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შეჯერება არაერთ მხარესთან იქნება აუცილებელი.
EDU.ARIS.GE გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წერილობით დადებით დასკვნას სახელმწიფო ენის უმაღლესებში დაბრუნების თაობაზე, სადაც საკანონმდებლო წინადადების არსიც დაწვრილებით არის გადმოცემული და კომიტეტის პოზიციაც.
საკანონმდებლო წინადადების არსი
“საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ბოლო ათწლეულებში ხშირია საუბარი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა სტუდენტებში ძალიან დაბალია. ამას ადასტურებს როგორც შიდა, ასევე გარე კვლევები. ეს აისახა კიდეც საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წელს დამტკიცებულ “სახელმწიფო ენის სტრატეგიაში“. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “წიგნიერების დაბალი დონე და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის პრაქტიკული კურსის არარსებობა (გარდა პროფილური ფაკულტეტებისა) უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებში ვერ უზრუნველყოფს აბიტურიენტობის დროს შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და განვითარებას. სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობისას გაანალიზებულ იქნა რუსთაველის საზოგადოების მიერ ჩატარებული ზედაპირული მოკვლევის მასალები, რომლებიც ცხადად აჩვენებენ, საუნივერსიტეტო საფეხურზე ქართული ენის ფლობისა და წიგნიერების დაბალ დონეს“.
2003 წელს რევოლუციის გზით მოსულმა არაეროვნულმა ხელისუფლებამ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი “ქართული ენა“ გააუქმა. ეს იყო ნაწილი იმ დანაშაულებრივი ღონისძიებებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა სახელმწიფო ენის მიმართ (დახურეს ენის სახელმწიფო პალატა; გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია; პარლამენტში გაუქმდა სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი; დაიხურა ყველა რადიო და ტელეგადაცემა ქართული ენის შესახებ; დაიხურა ჟურნალ-გაზეთები ქართული ენის შესახებ; სკოლაში შემცირდა ქართული ენის საათები…). წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაუქმებული სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება უნდა აღდგეს უმაღლეს სასწავლებლებში.
შესაბამის კანონში უნდა განხორციელდეს შემდეგი ცვლილება: “საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა“.
დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, დადებით დასკვნაში საკუთარ პოზიციას ასე ასაბუთებს:
,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით ,,სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისათვის სათანადო პირობების შექმნას“. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს სახელმწიფო ენის შესწავლისათვის სათანადო პირობების შექმნას განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის სახელმწიფოენოვან და არასახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში.
ორგანული კანონის მე-7 მუხლში გაწერილია არა სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლებლების ვალდებულებები ქართული ენის შესწავლის მიზნით. კერძოდ, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით ,,საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი“. აღსანიშნავია, რომ ორგანული კანონის მე-7 მუხლში არ არსებობს ნორმა სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ორგანული კანონის 37-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის მიღებას, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ინტერესის მაქსიმალური უზრუნველყოფა. ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ენის შესწავლას და წიგნიერების დონის ამაღლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებში.
კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა მისაღებად”.
ქართული ენის სავალდებულო საგნად უნივერსიტეტში დაბრუნების ინიციატივა საზოგადოებისგან უმეტესაც დადებითად შეფასდა.
პროფესიული წრეებისა და დარგის სპეციალისტების შეფასებებს EDU.ARIS.GE რეგულარულად გაგაცნობთ.
ასევე იხილეთ:
-
რა (არ) უნდა იცოდეს პირველკლასელმა სკოლაში შესვლისას – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს by ARIS.GE-განათლება
-
ვადა 14 მაისის დღის ბოლომდე გაქვთ – ზაფხულის გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ქართული ენა და ლიტერატურა და ლიტერატურა – აბიტურიენტის რა ცოდნა შემოწმდება ამ საგნების ტესტებით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე