GE

35%–იან სახელფასო დანამატს მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე ბაღის პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალიც მიიღებს

ფოტო –
ნეტგაზეთი

მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგების გარდა, 35%-იან სახელფასო დანამატს მიიღებს როგორც საჯარო სკოლების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის“ ერთ-ერთმა თანაავტორმა, მერვე მოწვევის პარლამენტის ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა წარადგინა.

„მაღალმთიანი სკოლების ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი, ასევე, სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგები და თანამშრომლები არ იყვნენ წინა კანონში გათვალისწინებული და მათაც შეეხება ეს ცვლილება. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც მოდიოდა, მაგრამ ჩვენც ხომ ვხედავთ როგორ მუშაობს კანონი. არც კანონი და არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე იდეალური. ამიტომ, პერიოდულად ვცდილობთ, ის დავხვეწოთ. ამ შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, ამ მხრივ ცვლილებები შეგვეტანა“, – აცხადებს დეპუტატი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

როგორც მირიან წიკლაური აღნიშნავს, მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებს 35%-იანი დანამატი არ გაეზრდებათ, ცვლილება კი, რომელიც როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებში მომუშავე დაახლოებით 4 800 პირს შეეხება, მომავალი 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.

„პედაგოგებს ისევ ისე დარჩებათ დანამატი, როგორც აქამდე ჰქონდათ და მათ გარდა, ვინც სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მუშაობს, დაახლოებით 4 800 პირი, ყველას მოემატება ხელფასი. თუმცა ჯერ ამ კანონმა მხოლოდ ორი საკომიტეტო მოსმენა გაიარა, პარლამენტში პროექტის წარდგენა ხდება, მთავრობასთანაც შესათანხმებელია, რადგან ბიუჯეტში ცვლილებებს მოითხოვს. პროექტი, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს, შემდეგი წლის განმავლობაში განხორციელდება”, – აღნიშნავს მირიან წიკლაური.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური