4 საგამოცდო ცენტრი გაუქმდა – რა ცვლილებები შევიდა ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ არსებულ პუნქტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას აბიტურიენტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში“.
საკითხის უფრო დეტალურად გარკვევის მიზნით, EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძეს მიმართა:
–ბატონო ივა, რას გულისხმობს ეს ცვლილება და რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა აღნიშნულის გათვალისწინებით?
ეს დიდი ცვლილება არ არის, უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის ვიტოვებთ შესაძლებლობას, რომ გადავანაცვლოთ აბიტურიენტები, ეს უფრო მაგისტრებს ეხებათ, გულახდილი რომ ვიყო. გვქონდა პრეცედენტი, როცა მაგისტრები გორში გადავიყვანეთ თბილისიდან, ეს იყო დაახლოებით 4-5 წლის წინ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ბევრი დარეგისტრირდა და არ იყო საშუალება ყველა ერთ ცენტრში მიგვეღო.
–2018 წლის აბიტურიენტები გვწერენ, რომ თელავის, ფოთისა და ოზურგეთის საგამოცდო ცენტრები გაუქმდა და მათ გამოცდის ჩაბარება სხვაგან მოუწევთ, დაგვიზუსტეთ ეს ინფორმაცია
–თელავში არ გაუქმებულა, საგამოცდო ცენტრები იქნება მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც გვაქვს უმაღლესი სასწავლებლები. ასეთი უმაღლესი სასწავლებლები არ გვაქვს ფოთში, ოზურგეთში და ხულოში – ეს ცვლილება შევიდა.
–ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს გამოცდის ჩასაბარებლად სხვა ქალაქში მოუწევთ წასვლა…
–ეს რეგისტრაციის დროს არ იქნება, ვთქვათ, მაგალითად ბოლნისელი და დმანისელი ზუსტად არც ვიცი, სად აბარებს, რომელ ქალაქში აირჩევს. ეს უშუალოდ დამოკიდებული იქნება აბიტურიენტზე. 4 წლის განმავლობაში აბიტურიენტი სადაც აპირებს რომ ისწავლოს. აქედან ლოგიკურია მათ ვთხოვოთ, რომ გამოცდა იმ ქალაქში ჩააბარონ სადაც სწავლას აპირებენ.
–რამ განაპირობა ეს ცვლილება, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით არის განპირობებული თუ რაიმე სხვა მიზეზია?
–ეს ახალი და დიდი სიახლე არ არის. მაგალითად სიღნაღში გვქონდა საგამოცდო ცენტრი, სადაც იყო უმაღლესი სასწავლებელი და როცა ეს სასწავლებელი გაუქმდა, საგამოცდო ცენტრიც დაიხურა.
–სულ რამდენი საგამოცდო ცენტრი იქნება საქართველოში და რამდენი გაუქმდა, როგორც ცნობილია, გამოცდები არც ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში აღარ ჩატარდება…
–ზუსტად რამდენ ცენტრში გვექნება გამოცდები ამ წუთას ზუსტად ვერავინ იტყვის, რადგან დამოკიდებულნი ვართ აბიტურიენტების რაოდენობაზე. შარშან თბილისში თუ არ ვცდები გვქონდა შვიდი თუ რვა ცენტრი, წელს რამდენი გვექნება ვერ გეტყვით.
ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ გვექნება, ცენტრები იქნება სხვა შენობებში სკოლებში. რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ეს იქნება დიდი სკოლები, რომლებსაც აქვთ დიდი ტერიტორია, მეტი სივრცე, აქვს ბევრი ოთხები, გარკვეული ზომის, რაზეც ცხადია, დამოკიდებულნი ვართ. საგამოცდო ცენტრი ნამდვილად არ იქნება ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფოთში, ხულოსა და ოზურგეთში.
–რაც შეეხება საგამოცდო ცენტრების მოწყობას, იგივე კონდიცირების მხრივ ხომ არ არის რაიმე ცვლილება, რასაც აბიტურიენტები და მშობლები ხშირად უჩივიან და წინა განათლების მინისტრმა თითქოს პირობაც დადო, რომ პრობლემა გადაიჭრებოდა…
–ცვლილება არ არის. ცხადია, განათლების სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ და საქმის კურსში არიან, რომელ უმაღლეს სასწავლებელში რა პირობებია. თუმცა კონდიცირების საკითხი ასე მარტივად მოსაგვარებელი არ არის, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე ერთი ხელის მოსმით შესაძლებელია მოგვარება. ცხადია, მოხარულები ვიქნებით, რომ სიგრილეში იყვნენ აპლიკანტები, თუმცა ცოტა სკეპტიკურად ვარ ასეთ შემთხვევებში მე პირადად განწყოფილი..
ამავე თემაზე:
რა ფერის ტუშიანი კალმები უნდა მიიტანონ აბიტურიენტებმა 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება