GE

5 გუნდური თამაში მოსწავლეებში პრაქტიკული უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად

განათლება სახელმძღვანელოებით არ იწყება და ტესტირებებით არ სრულდება. თითოეული საგნის და ზოგადად, განათლების მთავარი მიზანი მოსწავლის აკადემიური შეფასება კი არა, თანამედროვე სამყაროსთვის მისი მომზადება და წარმატებაში დახმარებაა. საგნის გარდა მოსწავლემ გაკვეთილზე სხვადახვა უნარ-ჩვევების გამომუშავებაც უნდა შეძლოს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკლასო ოთახში გუნდურობის შექმნაა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს კლასელებთან ერთად მუშაობა, სხვისი აზრის პატივისცემა. ეს ყოველივე ჯგუფში პოზიტიურ გარემოს შექმნის და რუტინისგანაც გიხსნით.

გთავაზობთ რამდენიმე ჯგუფურ თამაშს, რომლებიც მოსწავლეებში კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას და სხვა უნარებს განავითარებს:

ფაზლებით თამაში

დაყავით მოსწავლეები 6-7-კაციან ჯგუფებად (ან უფრო დიდ ჯგუფებად, თუ გინდათ, დავალება უფრო გართულდეს). თითოეულ გუნდს მიაწოდეთ ერთი ბარათი რაიმე გამოსახულებით და თითო ცარიელი ფურცელი გუნდის წევრებს. მოსწავლეებს ევალებათ, რომ დაჭრან ბარათი იმდენ ნაწილად, რამდენი წევრისგანაც შედგება მათი გუნდი. მას შემდეგ, რაც ყველა გუნდის თითოეული წევრი გამოსახულების ერთ ნაწილს მიიღებს, მათ ცარიელ ფურცელზე ნახატის გადახატვა უნდა დაიწყონ. მათი შექმნილი ფაზლი უნდა იყოს საწყისი ნაჭრის ფორმის. მაშინ, როცა ყველა გუნდი შექმნის ფაზლებს, გუნდებმა უნდა გაცვალონ ნამუშევრები და ააწყონ გამოსახულება.

ცხელი ადგილი

გაყავით კლასი ორ ჯგუფად და გუნდები დასვით ცალ-ცალკე. დაფის წინ დადგით სკამი ისე, რომ მასზე მჯდომი სახით კლასისკენ იყოს და არა დაფისკენ.

წინასწარ მოამზადეთ სიტყვები, რომლებსაც თამაშის დროს გამოიყენებთ.

ერთ-ერთი მოხალისე იკავებს სკამს, მეორე ჯგუფის წევრი კი დაფაზე წერს სიტყვას. თანაგუნდელები ცდილობენ აუხსნან სკამზე მჯდომს, რა წერია დაფაზე. ეს შეიძლება გააკეთონ სიტყვის უშუალო განმარტებით, სინონიმებითა და ანტონიმებით.

თვალებით კონტაქტი

ეს თამაში არავერბალური კომუნიკაციის განვითარებას უწყობს ხელს. აირჩიე ათი მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას პირველ ტურში მიიღებენ. დანარჩენები კი ამ ჯერზე მაყურებლების როლში იქნებიან. მოსწავლეებს დაეხმარეთ წრის შეკვრაში, აირჩიეთ ერთი მოთამაშე, რომელიც თამაშს დაიწყებს. მან სხვა მოთამაშესთან თვალებით კონტაქტის დამყარება სხვებისგან შეუმჩნევლად უნდა შეძლოს. მეორე მოთამაშემაც ანალოგიურად უნდა აირჩიოს მესამე და თვალებით უნდა მიახვედროს, რომ მისი რჩეულია. მას შემდეგ, რაც თამაშის არსს ყველა მოსწავლე გაიგებს, ერთმა მოხალისემ უნდა დატოვოს ოთახი, გუნდმა შეარჩიოს პირველი მოთამაშე, კვლავ იხმოს მოხალისე, რომელიც წრეში უნდა ჩადგეს და შეეცადოს, „გამოიჭიროს“ ის, ვინც თვალებით მინიშნებებს აკეთებს. ამ დროს კი მოსწავლეები შეუჩერებლად აგრძელებენ თამაშს.

ამბის შეთხზვა

ეს თამაში საკმაოდ პოპულარული და საინტერესოა, თუმცა კლასში მას პედაგოგები არ იყენებენ. თამაშის წესების მიხედვით, ერთი მოსწავლე ამბობს რაიმე წინადადებას (მაგალითად, „ისტორია მაშინ დაიწყო, როცა სამი ბავშვი ტყეში წავიდა…“), მოსწავლეები აგრძელებენ ამბავს და თითოეული მათგანი მასში ახალ დეტალს ამატებს ისე, რომ ისტორია ლოგიკურად განვითარდეს. თამაში დასრულდება, როცა მონაწილეობას მთელი კლასი მიიღებს და ამბავიც რაღაც აზრს შეიძენს.

მოსმენის უნარი

ეს თამაში მოსწავლეების მოსმენის უნარის და დეტალებზე ორიენტირებულობის შეფასების საშუალებას გაძლევთ. აირჩიეთ ერთი მოსწავლე, რომელსაც რამდენიმე წინადადებით მოუყვებით რაიმე ამბავს. თხრობისას გამოიყენეთ რიცხვები და ფერები. შემდეგ მოსწავლეს სთხოვეთ იგივე ამბავი უამბოს გვერდით მჯდომს ისე, რომ დანარჩენებმა არ გაიგონონ. მანაც უკან მჯდომს ჩუმად უამბოს ამბავი და თამაში დასრულდება, როცა კლასის ყველა მოსწავლემდე მივა ინფორმაცია. ბოლო მოსწავლემ კლასში ხმამაღლა უნდა გააჟღეროს, რაც მას უთხრეს. ხშირ შემთხვევაში, ის პირველწყაროსგან განსხვავდება.

სწავლების 32 თეორია, რომელიც ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: weareteachers.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური