GE

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა!

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.

იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.

დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. უკვე რამდენიმე წელია საქართველოში სწორედ ამ დღეს ასახელებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს.

წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან: სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი; ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი.

დღეს მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და მრავალწლიანი გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

EDU.ARIS.GE თითოეულ მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღეს, წინსვლას,ჯანმრთელობას, წარმატებებს და დამსახურებულ დაფასებას უსურვებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური