GE

„7 და 8 მარტს იქნება ჟურნალი გახსნილი და მასწავლებლებს შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა“ – EMIS-ის განმარტება სკოლებს

სკოლებში ჰიბრიდული სწავლების პარალელურად, საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს ელექტრონული ჟურნალის წარმოება. პედაგოგების ნაწილი აცხადებს, რომ პროცესში ისევ გარკვეული ხარვეზებია, ზოგჯერ არ ჩანს განაყოფი კლასები, ვერ ახერხებენ საკლასო თუ შემაჯამებელი გაკვეთილების ქულების შეყვანას და ა.შ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ინფორმაციით, მასწავლებლებს, რომლებმაც ამ დრომდე ვერ შეძლეს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, ამის საშუალება 7 და 8 მარტს ექნებათ.

„მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის შეტანა (მათ შორის შემაჯამებელი წერის) შეუძლია რვა დღის განმავლობაში. იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა (საუბარია მხოლოდ ჩანიშნულ შემაჯამებლის ნიშნებზე და არა მიმდინარეზე, მაგ. საკლასო). იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში დღემდე არ უჩანს რომელიმე მონაცემი (ცხრილი, სია, თარიღი და ა.შ.) პირველ რიგში გადაამოწმეთ სკოლის ადმინისტრაციასთან, რამდენად სწორად არის შეყვანილი მონაცემები, რომ ზემოთ აღნიშნულ ვადებში მოახერხოთ შემაჯამებელი ნიშნების შეტანა, თუ ამის საჭიროება გაქვთ“, – ნათქვამია EMIS -ის განცხადებაში.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა აღრიცხვის და შეფასებისთვის ელექტრონული ჟურნალის წარმოება საპილოტე რეჟიმში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრდან დაიწყო და ამ ეტაპზე მისი გამოყენება მატერიალური ჟურნალის პარალელურად მიმდინარეობს.

ელექტრონული ჟურნალის წარმოებას სკოლები წელს დაიწყებენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ჟურნალი სულ გაუქმდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური