GE

აბიტურიენტების მშობლები შვილების მომავალს, განათლების მიღების თვალსაზრისით, სხვა ქვეყანაში ხედავენ

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა იყო რეგისტრირებული – 45 000-ზე მეტი აპლიკანტი.

საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი მშობლების ნერვიულობის გარეშე არც ამ გამოცდებს ჩაუვლია და მათ ერთი მთავარი სურვილი აერთიანებდათ – შვილის სტუდენტობა.

რამდენი ათასი აბიტურიენტი გახდება წელს სტუდენტი და საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლებას მიიღებს, ეს ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. იქამდე კი, ჩვენ დავინტერესდით, სჯერათ თუ არა მშობლებს საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების და თუ არა, მაშ რატომ სურთ ასე მონდომებით შვილის გასტუდენტება. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მშობლების უმეტესობა, შვილების მომავალს, განათლების მიღების თვალსაზრისით, სხვა ქვეყანაში ხედავს.

აბიტურიენტი გოგონას დედა, ინეზა კობიაშვილი, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ იმ უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის სჯერა, რომელშიც მისი გოგონა აბარებს, თუმცა აქვე ამატებს, რომ თუ მისი შვილი წარმატებული სტუდენტი იქნება, შესაძლებლობა ექნება, გაცვლითი პროგრამით გაცილებით პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლოს.

“ჩემი გოგონა კომპიუტერულ მეცნიერებებზე აბარებს. არის ოქროს მედალოსანი. ბავშვობიდან ვამზადებთ ინგლისურ და გერმანულ ენებში. ვენდობი ამ უნივერსიტეტს, სწავლების ხარისხსაც. ჩემი შვილი ამბობს, რომ გაცვლითი პროგრამითაც შეუძლია ისწავლოს, მეორე სემესტრიდან. ფიქრობს, გერმანიაში განაგრძოს სწავლა და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით“.

ქალბატონი ინეზას თქმით, თავადაც რამდენჯერმე შეიცვალა პროფესია და დღეს ბუღალტერია – სამედიცინო განათლებით. მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში არ ფასდება:

“ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, თუ ბოლომდე არ მიჰყვა, არ გაიარა მაგისტრატურა, დოქტორანტურა… (მით უმეტეს სამედიცინო სფეროში ეს აუცილებელია), მას ძალიან მცირე შანსი აქვს, რომ მაღალშემოსავლიანი სამსახური ჰქონდეს. მე მგონია, საქართველოში უმაღლესი განათლება არ ფასდება და ხელობას ვინც სწავლობს, მათ უფრო მეტი აქვთ შემოსავალი”.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილის კიდევ ერთი მშობელი, მაია კახიანი კი გვიხსნის, რომ შვილის სტუდენტობა მათი საინტერესო მომავლისთვის სურს, ეს საინტერესო მომავალი კი ამ შემთხვევაშიც სხვა ქვეყანაში სწავლას უკავშირდება:

“გვინდა, ჩვენი შვილები სტუდენტები გახდნენ და ამისთვის ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ბავშვებსაც უნდათ, რომ მოსწავლეობაზე უფრო საინტერესო წლები ჰქონდეთ. მათ პანდემიის დროს გაიარეს თინეიჯერობა, სახლში იყვნენ ძირითადად. ისიც იციან, რომ თუ ჩააბარებენ, მეტია შესაძლებლობა სრულიად  უფასოდ და სტიპენდიით ისწავლონ ევროპულ უნივერსიტეტებში, ჩვენც ამის იმედი გვაქვს”.

აბიტურიენტი ბიჭის მშობელი იმასაც გვიყვება, რომ მაღალი შემოსავლის მქონე მშობელი, შვილს ქართული უმაღლესი განათლების მიღებას არ ურჩევს და მოსწავლეობის ასაკიდანვე განათლების მისაღებად ამერიკულ სასწავლებელში უშვებს. ამის შესაძლებლობა კი, საქართველოში, დაბალ თუ საშუალო შემოსავლიან მშობლებს არ გააჩნიათ.

“ვისაც არ გვაქვს მაღალი შემოსავალი და ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ თუნდაც ნაწილობრივ დავაფინანსოთ შვილების უცხოეთში მიღებული განათლება, ერთადერთი ალტერნატივა გვაქვს, ხელი შევუწყოთ, რომ ისევ აქ დარჩნენ და აქ მიიღონ უმაღლესი განათლება და შემდეგ, უკვე თავად თუ გაუმართლებთ და მოინდომებენ, უკეთესი შესაძლებლობები მიეცემათ“, – აღნიშნავს მაია კახიანი.

რაც შეეხება ჩვენს მთავარ კითხვას -სჯერა თუ არა ქართული უმაღლესი განათლების, გვპასუხობს, რომ თავად არ სჯერა, თუმცა მომავლის იმედს არ კარგავს: “არ მჯერა, მაგრამ იქნებ მოვიდეს ის დროც, რომ დაფასდეს უმაღლესი განათლების დიპლომი, ამ იმედით ვართ ყველა მშობელი“.

ჩვენმა ორივე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ქართული უმაღლესი განათლების სისტემა პოზიტიურ ცვლილებებსა და შესაბამისი უწყებების ჩართულობასაც საჭიროებს, რათა სტუდენტებმა დასაქმება შეძლონ უმაღლესში ნასწავლი და არა სხვა პროფესიით.

ასევე იხილეთ:

რატომ მინდა, ჩემი შვილი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს?- მშობლის თვალსაზრისი და მიმართვა აბიტურიენტებს

„სად ვაბარებ, ვინ მასწავლის, რას ვისწავლი?“ – როგორ გავიგოთ, ხომ არ ვცდებით ფაკულტეტის შერჩევისას

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური