GE

აბიტურიენტების ნაშრომების გამსწორებლების შედეგები – გამოცდები 2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 128 440-ზე მეტი ნაშრომიდან 4292 გასაჩივრდა – ეს ნაშრომების 3.34%-ია.

2022 წელს მეტი ნაშრომი იყო გასაჩივრებული – 4.18%, მაგრამ, შარშან საჩივრების მომატებული რიცხვი, უფრო ნაშრომების გამსწორებლების შარშანწინდელ „მიღწევებს“ უკავშირდებოდა (იხ. აპელაციის შედეგად, აბიტურიენტს 21 ქულა მოემატა!).

2023 წელს 4292 სააპელაციო განაცხადიდან ქულა 1498 ნაშრომში შეიცვალა, რაც გასაჩივრებული ნაშრომების 34.3% შეადგენს. 2022 წელს კი 4881 საჩივრიდან 1546 ნაშრომში შეფასება შეიცვალა , რაც გასაჩივრებული ნაშრომების 31.7%-ს შეადგენდა.

პროცენტულად, თუ სააპელაციო განაცხადებების რაოდენობიდან გამოვალთ, ნაშრომების გამსწორებლებს წელს შემოწმების დროს მეტი შეცდომა აქვთ დაშვებული, თუმცა ობიექტურად, ალბათ, გასწორების დონე, შარშანდელთან შედარებით, იგივე დარჩა, დაკმაყოფილების პროცენტი კი უფრო გააზრებული სააპელაციო განაცხადების ხარჯზეა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვალათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციაში გადახდილ ფულს, ელექტრონული ფორმის შევსების შემდეგ, 2 ოქტომბრიდან დაუბრუნებს. წელს ნაეკი 2794 ნაშრომის გასაჩივრებაში გადახდილ ფულს დაიტოვებს, ხოლო შეცდომით შეფასებულ 1498 ნაშრომში გადახდილს – დაუბრუნებს აპლიკანტებს.

ისევ ფულს ეხება. საინტერესოა, არასწორად შეფასებულ ნაშრომში ნაშრომების გამსწორებელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ანაზღაურებას აძლევს?

2022 წელს გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობით პირველი ხუთეული საგნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: ისტორია, ინგლისური ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბიოლოგია. საჩივრების ყველაზე დიდი ოდენობა კი ინგლისურ ენაში დაკმაყოფილდა.

2023 წელს სიტუაცია შეიცვალა:

პირველ ადგილს რაოდენობით ქართული ენისა და ლიტერატურის საჩივრები იკავებს. შარშანდელთან შედარებით, აღნიშნულ საგანში საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სულ ქართული ენასა და ლიტერატურაში 1588 საჩივარი შემოვიდა, რაც ამ საგანში ტესტების 4,06%-ს შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი 2.65% იყო. EDU.ARIS.GE არკვევს, თუ რით იყო განპიროვნებული ასეთი ზრდა და მასალას ამ თემაზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მეორე ადგილზე რაოდენობით ისტორიის საჩივრებია. შარშანდელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ისტორიაში 796 საჩივარი შემოვიდა, რაც ისტორიის ტესტების 3.85%-ს შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი 6.85% უდრიდა. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში საჩივრები შარშან პირველ ადგილს იკავებდა.

მესამე ადგილზე რაოდენობით ინგლისური ენის ნაშრომებზე შეტანილი საჩივრებია. შარშანდელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ინგლისურ ენაში 754 საჩივარი შემოვიდა. ეს რაოდენობა ინგლისურ ენაში ყველა აბიტურიენტის ტესტების 2.05%-ს შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი კი 4.06% იყო. ინგლისურში საჩივრების შემცირებას ჩვენ ინგლისური ენის ტესტის ცვლილებას ვუკავშირებთ – წელს ტესტურ დავალებაში ღია კითხვა („სიტყვების ჩაწერა“) დახურული კითხვით შეიცვალა, შესაბამისად, მანიპულაციის შესაძლებლობაც შემცირდა. ამ ცვლილებამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჩივრების რაოდენობა კი შეამცირა, მაგრამ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც გამოცდაში მაქსიმალური ქულები მოიპოვა, შარშანდელთან შედარებით თითქმის სამჯერ გაზარდა. რამდენად იყო გათვლილი ასეთი შედეგი?

მეოთხე ადგილზე რაოდენობით მათემატიკაში საჩივრებს ვხედავთ. მათემატიკაში 510 საჩივარი შემოვიდა, რაც საგნის ყველა ნამუშევრის 3.42%-ს შეადგენს, შარშან კი ეს მაჩვენებელი 5.25% იყო.

მეხუთე ადგილზე რაოდენობით ბიოლოგიის ნაშრომებზე შეტანილი საჩივრებია. ბიოლოგიაში 228 საჩივარი შემოვიდა, რაც მთლიანად ბიოლოგიაში ნამუშევრების 6.63%-ს შეადგენს.

მაღალი პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიოლოგიაში ყოველი მე-15 ნამუშევარი გასაჩივრდა. შარშან ეს მაჩვენებელი კი 4.80%-ს (ყოველი მე-20) უდრიდა.

EDU.ARIS.GE აბიტურიენტებზე და გამსწორებლებზე თემის გაგრძელებას გეგმავს.

ასევე იხილეთ:

2023 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 34 843 აბიტურიენტმა მოიპოვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm