ადრეული და სკოლამდელი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში – რა იგეგმება ამ მიმართულებით
საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. 4 ნოემბრის მდგომარეობით, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია განხილული.
საბავშვო ბაღებში ხელფასების მატების დრო და სავარაუდო ოდენობა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაასახელა
ბიუჯეტში გაწერილი გეგმა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით ასეთია:
– საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კვლავ უფასო იქნება;
– სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები გარდაიქმნება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად, რაც უზრუნველყოფს სკოლებში ბავშვებისთვის საჭირო, მრავალმხრივი აკადემიური, ფუნქციური, ქცევითი, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას; განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების 78 მომსახურების უზრუნველსაყოფად;
– გაგრძელდება სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნის მხარდაჭერა; შემუშავდება და განხორციელდება „სკოლა-ბაღის“ კონცეფციის სტანდარტი;
– განისაზღვრება სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება, გაგრძელდება ღონისძიებების განხორციელება მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის; დაიწყება ღონისძიებების განხორციელება სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის ხელშეწყობისთვის;
– ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება საჯარო დაწესებულებების მონიტორინგი; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გადამუშავდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ზოგადი განათლების საფეხურზე ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფას და გრძელვადიან პერიოდში საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი პირების საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას;
– ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე გადასვლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;
– შეიქმნება 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ამსახველი, ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა;
– დასრულდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების დაფუძნება; განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მთავრობა პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში წარუდგენს. მომავალი წლის ბიუჯეტს უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
ამავე თემაზე:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება