GE

„ალბათ, მხოლოდ ერთეულებს ექნებათ მაღალი ქულები“ – აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდაზე

ზოგადი უნარების გამოცდის პირველი დღე დასრულებულია. გამოცდების ცენტრის ცნობით, დღევანდელ სესიებზე გამოცხადდა 87%- მდე აბიტურიენტი და ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო კი, გამოცდაზე არ გამოცხადდა 4 აბიტურიენტი.

175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ აბიტურიენტები გამოცდას რთულად აფასებენ.

„ბევრი დამეთანხმება ალბათ, რომ არ იყო მარტივი ტესტი, განსაკუთრებით მათემატიკური ნაწილი, თუმცა ვერბალურშიც ბევრი კითხვა გამოვტოვე. ეს ტესტი განსაკუთრებით დიდ კონცენტრაციას მოითხოვს და ბევრი ფიქრი გვჭირდებოდა სწორ პასუხამდე მისასვლელად. სტრესთან ერთად სიცხეც დაგვემატა, რატომღაც ვფიქრობ, რომ არჩევითებიდან ამ საგანში ყველაზე მეტი ჩაჭრილი იქნება, რადგან კონცენტრაცია ყველას გვიჭირდა“.

ეროვნული გამოცდების ჩაბარება აპლიკანტებს ჰაერის მკვეთრად მაღალი ტემპერატურის ფონზე უწევთ – როგორია კვირის პროგნოზი

„რთული იყო ნამდვილად, ლოგიკურ ნაწილი გამიჭირდა, ვერ ვფიქრობდი კითხვებიც ისეთი იყო პლუს სიცხე, ჩემი აუდიტორიიდან ერთ საათში არავინ გასულა, ბოლო წამამდე ვწერდით ოფლად ვიღვრებოდით და გადავიწვით ყველა ასპექტში”.

„ყველაზე მეტად ეს საგანი გამიჭირდა, რომ მცოდნოდა ასეთ პირობებში მომიწევდა წერა სხვა მიმართულებას ავირჩევდი. ბოლო წუთამდე არ გამოვედი, მაგრამ ყველა დავალება არ შემისრულებია, დრო არ მეყო. კონცენტრაცია მიჭირდა და თავი მტკიოდა, არ ვიცი სხვებმა როგორ შეძლეს მუშაობა, მაგრამ ალბათ ერთეულებს ექნებათ მაღალი ქულები”.

ზოგადი უნარების გამოცდის შემდეგი სესია ხვალაა ჩანიშნული, ასევე ხვალ მოუწევთ გამოცდის ჩაბარება ფიზიკისა და ლიტერატურის არჩევით საგნებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტებსაც.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური