„ამ აქტივობის შემდეგ, წინა ტესტის შედეგი გაუმჯობესებული იყო“ – გამოვაცხოთ ციფრები და რიცხვები
ავტორი: ნინო ხარაიშვილი, მასწავლებლის განათლების მაგისტრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩნის დაწყებითი სკოლის წამყვანი მასწავლებელი.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და შინაარსი. ისინი ცალ-ცალკე არ არსებობენ, განუწყვეტელ მთლიანობას ქმნიან. არასწორად შერჩეულმა ფორმამ სიდიადე არ უნდა დაუკარგოს შინაარსს და პირიქით, უვარგისი შინაარსი უსარგებლოა თუნდაც კარგი შინაარსის გამოყენების დროს. ყველაზე მეტად ფორმისა და შინაარსის ჰარმონიული კავშირი სასწავლო პროცესშია აუცილებელი, სამივე საფეხურზე მნიშვნელოვანია ეს, განსაკუთრებით კი -დაწყებით კლასებში.
პედაგოგიკის ორი მთავარი კითხვიდან: რა ვასწავლოთ? და როგორ ვასწავლოთ? დაწყებით საფეხურზე მეორე უფრო მწვავედ დგას მასწავლებლის წინაშე. საბაზო და საშუალო საფეხურზე საინტერესო შინაარსი იმდენად მიმზიდველი ხდება მოსწავლეებისათვის, რომ შეიძლება, მხოლოდ სასკოლო-სალექციო მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი აღმოჩნდეს მრავლისმომცველი და დაუვიწყარი მოსწავლეებისათვის. სულ სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. ყოველთვის უნდა მოვიფიქროთ ფორმა, ჩვენი პატარა ადამიანებისათვის მოსაწონი, ისეთი, რომ შინაარსამდე მისვლის ინტერესი გაუჩნდეთ, მოუნდეთ, თან იხალისონ, თან ითამაშონ და, რაც მთავარია, ამასობაში ისწავლონ. რთულია… საკმაოდ რთულია. თითოეული ბავშვი ხომ პიროვნებაა, თავისი ჯადოსნური სამყაროთი… ძირითადად მათემატიკის ეშინიათ, ეს საგანი ეპირქუშებათ, ერთულებათ. განსაკუთრებით პირველ კლასში, როდესაც მათ წარმოდგენაში მათემატიკა გაუაზრებლად დაზეპირებული ციფრების თანმიმდევრობა ან მიმატება-გამოკლებაა… უნდა ისწავლონ ციფრები, უნდა დაწერონ, რაც მათი პატარა და გაუწაფავი თითებისათვის საკმაოდ რთული საქმეა.
დიდი ხანი არ არის, რაც დაწყებითების მასწავლებელი ვარ, სულ ორი წელია. როდესაც პირველკლასელებთან ციფრების სწავლებას მოვრჩი, მივხვდი, რომ მათ წარმოდგენაში ციფრები მაინც „უცხოებად“ დარჩნენ, რთულად, არაშინაურად, ვერ გაითავისეს.
ვიცით, რომ კეთებით სწავლება ყველაზე მეტად უწყობს ხელს ცოდნისა და ჩვევების ფორმირებას, ოღონდ, იმის გათვალისწინებით, რომ ინსტრუქციები უნდა იყოს მარტივი, მოსწავლეებისათვის ადვილად გასაგები. მასწავლებელი პროცესში აქტიურად უნდა იყენებდეს უკუკავშირს და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი წახალისება. ბევრი ფიქრისა და ძიების შემდეგ (ასეთ დროს ჩემი საუკეთესო დამხმარე ინტერნეტი და სოციალური ქსელია), გადავწყვიტე განმეხორციელებინა აქტივობა- გამოვაცხოთ ციფრები.
ამ აქტივობისთვის საჭირო ტექნიკური მხარის მოგვარება ადვილი იყო, რადგან ჩვენს სკოლაში სულ 12 ბავშვია, აქედან სამია პირველკლასელი და ყველა ჩვენს სოფელში ცხოვრობს. საჭირო მასალა და ინვენტარი ადვილად მოვაგროვეთ. დასაწყისშივე საოცარი ხალისით მიუდგნენ საქმეს ბავშვები. ინაწილებდნენ, ვინ რომელ ინგრედიენტს მოიტანდა ცომის მოსაზელად და მოუთმენლად ელოდნენ ციფრების გამოცხობას. თავიდან ვშიშობდი, როგორ წარიმართებოდა პროცესი და გაართმევდნენ თუ არა თავს, მაგრამ ისე დაფუსფუსებდნენ პაწაწინები, ცომი მოხერხებულად გაამზადეს და დავიწყეთ ციფრების „ძერწვა“ ცომით. თითოეული ასახელებდა რომელ ციფრს „ძერწავდა“, შემდეგ კი გაფაციცებულნი უყურებდნენ, როგორ „სუქდებოდნენ“ მათი ციფრები ღუმელში…აი, გამოღების პროცესი კი საოცარი იყო… მივიღეთ დიდი ხალისი, მონდომება, ისე იხუტებდნენ გულში თავიანთ შექმნილ ციფრებს, ზოგს შეჭმაც კი დაენანა. არც ის დავიწყებიათ, რომ ჩვენი პატარა სკოლის დარჩენილი მოსწავლეებისთვის ეწილადებინათ და სახლებშიც კი წაუღეს ოჯახის წევრებს თავიანთი ნახელავი.
აქტივობამ ბევრად უფრო კარგი შედეგი მომცა, ვიდრე გათვლილი მქონდა. რამდენიმე დღე მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდნენ პატარები. დაფაზე თუ რვეულში ციფრის დაწერისას მის გამოცხობას იხსენებდნენ და, რაც მთავარია, როდესაც კიდევ ერთი ტესტი წერეს ციფრების ცნობაზე, ამ აქტივობის შემდეგ, წინა ტესტის შედეგი გაუმჯობესებული იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ აღნიშნული აქტივობა გამომეყენებინა სხვა კლასებშიც. მეორე კლასში გამოვაცხვეთ ასამდე რიცხვები, მესამეში -ასეულების აღმნიშვნელები ათასამდე და მეოთხეში -ათასზე მეტი რიცხვები იმის მიხედვით, რომელ კლასში რა გავიარეთ.
ასე ჩამოყალიბდა ჩემთვის და ბავშვებისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი, სახალისო და ნაყოფიერი აქტივობა – „გამოვაცხოთ ციფრები და რიცხვები“, რომელიც, ვფიქრობ, ტრადიციად იქცევა და ყოველ შემდეგ სასწავლო წელს აუცილებლად მოვაწყობთ ციფრებისა და რიცხვების ცხობის კვირეულს სოფელ ჩორჩნის დაწყებით სკოლაში.
ასევე იხილეთ:
„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება