GE

ამ შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი გასამმაგდება – რა სთხოვა ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს ამერიკაში

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომელიც აშშ-ში შეხვედრებს მართავს, აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სთხოვა განათლების რეფორმის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარონ. მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვალიფიციური მუშახელის არარსებობას ასახელებენ.

„შეხვედრების დროს ვმსჯელობთ საქართველო როგორ ვითარდება, სხვადასხვა რეიტინგებში როგორი წარმატებულია და ა.შ მაგრამ თუ ბიზნესს შეეკითხებით, როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისოს, რა აწუხებს ყველაზე მეტად საქართველოში? ეს არ არის არც კორუფცია, არც ზედმეტი რეგულაცია, ან სტაბილურობის ნაკლებობა. მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვალიფიციური მუშახელის არარსებობაა. გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, ერთის მხრივ რომ არის უმუშევრობის მაღალი დონე და მეორეს მხრივ სერიოზული მოთხოვნაა ბიზნესიდან მუშახელზე. აქ არის ზუსტად განათლების თემა და ამიტომ ყველა ვთანხმდებით ხელისუფლებაში, რომ ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ეკონომიკის განვითარებისთვის. მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლებაში ინვესტირება“, – თქვა ფინანსთა მიისტრმა აშშ–დან პირდაპირი ჩართვის დროს.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე მსხვილი ბიზნეს–ჯგუფი, რომლებსაც ქართულ განათლებაში ინვესტიციების ჩადების სურვილი აქვთ და კერძო სკოლებისა და კოლეჯების გახსნას გეგმავენ.

„ხელისუფლება და მთავრობა იწყებს განათლების ბიუჯეტის გეგმაზომიერ ზრდას, რომელიც იქნება არაუმეტეს მშპ-ის 6% და იმედი მაქვს კერძო სექტორიც აგვყვება. არის რამდენიმე მსხვილი ქართული ჯგუფი, შეგნებულად არ მინდა დავასახელო, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ჩვენგან დამოუკიდებლად ფიქრობდა განათლებაში ინვესტიციის განხორციელებას, საუბარია კერძო სკოლებსა და სხვადასხვა ტიპის კოლეჯებზე. ჯამში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ სინერგია ჩვენი და კერძო სექტორის რესურსების და მივაღწიოთ იმას, რომ განათლების ინვესტიცია ჯამში იყოს მშპ-ის 10%. მსოფლიო ბანკმა აიტაცა ეს იდეა. ჩვენ რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკება გვქონდა, ფულის გარდა, ვთხოვდით მათ მონაწილეობას რეფორმის გაწერაში. რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლა საუბარია იმაზე, რომ შევიდეთ მეტ დეტალებში. კონკრეტულ რეგიონში რა უნდა გაკეთდეს, რამდენი სკოლა აშენდეს, რამდენის მოდიფიკაცია მოხდეს, გამსხვილდეს სკოლები თუ პირიქით, სადღაც შეიძლება გაიმიჯნოს კიდეც. აქ საუბარია სკოლების გადაიარაღებაზე, რაშიც მხოლოდ ინტერნეტი არ იგულისხმება. აქ საუბარია თანამედროვე ლაბორატორიების შექმნაზე, გამორიცხულია სკოლაში ფიზიკა, ქიმია თანამედროვე ლაბორატორიის გარეშე ისწავლებოდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა პედაგოგთა ხელფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ თუ რეფორმა გეგმის მიხედვით განხორციელდა, 2023 წლიდან მასწავლებლების ანაზღაურება გასამმაგებული იქნება.

„ყველაზე მთავარი ეს არის მასწავლებლების გადამზადება და მათი ხელფასის გაზრდა. როდესც ლაპარაკობენ მაგალითად განათლების ფინურ მოდელზე, იქ მთავარი კომპონენტი არის ის, რომ იმ ქვეყნებში მასწავლებლის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. ზუსტად ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ, რომ ახალგაზრდა, რომელიც ამთავრებს უნივერსიტეტს, ერთ- ერთ არჩევნად ჰქონდეს სკოლაში წასვლა. ეს უნდა გახდეს სრულფასოვანი პროფესია ანაზღაურების და პრესტიჟის კუთხით. თუ ეს განხორციელდა, მასწავლებლის ხელფასი 2023 წლისთვის მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საერთო ეროვნული კონსენსუსის არსებობა. ეს იყო მთავარი მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისგან!“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური