აპელაციის შედეგად, ქართულის გამოცდაში ერთ-ერთ აპლიკანტს 18 ქულა მოემატა – რა იყო მიზეზი
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. სტუდენტი წელს 28 176 აბიტურიენტი გახდა. დაიდო საგნების სტატისტიკური ანალიზიც. ვის რა დავალების შესრულება გაუჭირდა, რომელია რთული ვარიანტი, რა გადაწყდა გასარედაქტირებელი ტესტებში არსებულ სადავო ფორმებზე? – ქართულის გამოცდის შესახებ ანალიზის გაკეთება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის და ლიტერატურის ხელმძღვანელს, კახა ჯამბურიას ვთხოვეთ.
– ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის სამ ვარიანტში დაიწია ბარიერმა. რომელი იყო რთული ვარიანტი?
კ.ჯ. დიდი განსხვავება სირთულის მიხედვით ვარიანტებს შორის არ არის. დაახლოებით, ერთნაირია ოთხივე ვარიანტი. დაახლოებით, აბსოლუტურად თანაბარი ვერასდროს იქნება. დიდი სხვაობა არცერთს არ უჩვენებია. ერთადერთი რაც ჩვენ თვალში მოგვხდვა და რამაც ამ სირთულის ხარისხზე გარკვეული გავლენა შეიძლება მოახდინა, ის არის, რომ ტექსტებში, რომლის ანალიზიც ბავშვებს უნდა დაეწერათ, თუ ისტორიული კონტექსტი იყო, ამას ვერ იგებდნენ.
აი, მაგალითად, ტექსტი, რომელიც ეხებოდა მეორე მსოფლიო ომის რაღაც ნაწილს, აბიტურიენტებს ამ ტექსტის გაგება გაუჭირდათ, იმიტომ რომ მოეჩვენათ, რომ აქ ლაპარაკი საქართველოს დამოუკიდებლობაზე იყო. გერმანელების მხარეს გადასული ქართველები წარმოიდგინეს, რომ დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა. ისტორიის არცოდნა მოქმედებდა ამ ტექსტების არასწორ გაგებაზე.
გურამ გეგეშიძის „ნაცრის კოშკი“ და ასევე არჩევით გამოცდაზე ლიტერატურაში გამოყენებული ორი ტექსტი, სადაც მოცემული იყო თევდორე მღვდლის გმირობის შესახებ ორი სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებიდან ნაწყვეტი, ჯემალ ქარჩაძის „რახათ ლუხუმიდან“ პატარა ნაწყვეტი და გივი გეგეჭკორის ლექსი „თევდორე“ – აბიტურიენტების ნაწილმა ეს სწორად ვერ გაიაზრა იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მღვდელი თევდორეს შესახებ მათ სკოლიდან ინფორმაცია არ ჰქონდათ.
წარმოიდგინეს, რომ ის არის ორი სხვადასხვა პიროვნება და სხვადასხვა რამეზეა საუბარი. ზოგს ეგონა, რომ ერთი სამღვდელო პირია, მეორე – საერო პირი და მოკლედ, ასე იმსჯელეს.
ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ სირთულეს ქართულის გამოცდაზე ხშირად ქმნის ის, რომ ბავშვებმა ისტორია არ იციან. ამიტომ კონტექსტს ვერ იაზრებენ. კონტექტის გაგება რომ უჭირთ, ეს არის სერიოზული პრობლემა ისტორიის სწავლების თვალსაზრისით.
ეს ადრეც ვნახეთ, როდესაც რევაზ ინანიშვილის „ლარა“ ვერ გაიგეს ბავშვებმა. იმიტომ რომ კონტექსტი არ იცოდნენ და სტალინური რეპრესიების შესახებ არ ჰქონდათ ინფორმაცია.
– აბიტურიენტს ხომ იმ ტექსტის გააზრება და ანალიზი მოეთხოვება, რომელიც დავალებაშია მოცემული? ანუ წინ უდევთ მასალა და უნდა გაიაზრონ.
კ.ჯ. ტექსტში კი ყველაფერი ჩანს და საერთოდ ქართულის პროგრამაშიც წერია, რომ მოეთხოვებათ კონტექტსის გააზრების უნარი, რაც გულისხმობს, რომ მას რაღაც ინფორმაცია ამ ეპოქის შესახებ უნდა ჰქონდეს სკოლიდან.
ასეთი გამოცდები სასწავლო პროცესის ბევრ ხარვეზს ავლენს, მაგრამ ამ ხარვეზებზე მარტო ლაპარაკი არ არის საკმარისი. ადრეც ვამბობდით, რომ ისტორია არ იციან ბავშვებმა, როდესაც „ლარას“ შემთხვევაში ასეთ გაუგებრობას წავაწყდით. სხვა წლებშიც იყო ეს პრობლემები, მაგრამ ამას რეალურად არაფერი შედეგი არ მოჰყოლია. სასწავლო პროგრამა ეტყობა სხვანაირად უნდა აიგოს ისტორიაში, ან სწავლების მეთოდიკა უნდა შეიცვალოს, ან სხვანაირად უნდა გადანაწილდეს მასალა.
– ანუ აბიტურიენტებს ყველაზე მეტად ქართულის გამოცდაზე წაკითხულის გააზრება გაუჭირდათ?
კ.ჯ. წაკითხულის გააზრება ნაკლებად, აი – თხზულების დაწერა, რომელიც მოჰყვება წაკითხულის გააზრებას. თუ ადამიანი ადეკვატურად კითხულობს ტექტს, კითხვებზეც პასუხობს. მაგრამ კონტექსტის უცოდინარობა მსჯელობის დროს ძალიან იჩენს ხოლმე თავს. აი, იქ ჩანს ჩვენი სასწავლო პროცესის ხარვეზი.
თქვენ ჟურნალისტებმა იქნებ მოიწვიოთ მრგვალი მაგიდა და სამინისტროს წარმომადგენლებს დაუსვათ კითხვა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ფაქტია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია არ იციან!
– როგორც ცნობილი გახდა, აპელაციის შემდეგ ერთ აბიტურიენტს საკმაოდ დიდი რაოდენობის ქულები მოემატა. იყო თუ არა ასე და რამდენ აბიტურიენტს დაუკმაყოფილდა სააპელაციო განაცხადი?
კ.ჯ. სააპელაციო განაცხადი დაახლოებით, ასზე მეტ ბავშვს დაუკმაყოფილდა. განცხადება შემოტანილი ჰქონდა თითქმის 500-ს. ზოგს გადაუსწორდა ერთი ან ორი ქულა, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც ტექნიკური ხარვეზი ვიპოვეთ. ერთ აბიტურიენტს პირველმა გამსწორებელმა დაუწერა 16 ქულა, მეორემ 17, მესამემ – ქულების ბოლოში არის აღნიშვნა, დავალება ცარიელია და იმას დააჭირა ხელი და შეფასდა, როგორც ნული ქულა.
ეს იმიტომ მოხდა, რომ როდესაც უნარების ქულები გამოცხადდა, ჩვენი სერვერი გადაიტვირთა. როდესაც მისდიოდათ გამსწორებლებს გასასწორებელი მასალა, ის დრო იყო, როდესაც აბიტურიენტები შედიოდნენ და უნარების ქულებს იგებდნენ. გამოსახულება – თვითონ ნაწერი არ ჩანდა. თითქოს დავალება ცარიელი იყო. ამან გამოიწვია, რომ ერთს ნოლი ეწერა და 18 ქულა მოემატა, იმიტომ რომ თემა კარგად იყო შესრულებული. აი ასეთი კურიოზული შემთხვევა გვქონდა.
სამწუხაროდ, ისევე როგორც კალმისტრებზე, რომელიც არაფრად ვარგა, დიდი ხანია, საუბარია სერვერზეც. ათი წლის წინანდელი ტექნიკა წელს ძალიან დაძველებულია. არ შეიძლება ასეთი სერვერებით და ასეთი კომპიუტერებით ამხელა საქმის კეთება, იმიტომ რომ გადატვირთვის შემთხვევაში ითიშება სერვერები, მერე ნერვიულობენ აბიტურიენტები. არის რეკვა და აურზაური.
როგორც აღმოვაჩინეთ, გამსწორებლები შეცდომებს უშვებენ. ძალიან ცუდია, რომ არ გვაქვს საშუალება, შევისყიდოთ ეს ტექნიკა, იმიტომ რომ ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ამ ტენდერში ვინც ყველაზე იაფად მოგვცემს, ის უნდა ვიყიდოთ, თუ არა და კანონის დარღვევაა და ის იაფი არაფრად არ ვარგა.
– იმ აბიტურიენტს რომ არ შემოეტანა სააპელაციო განაცხადი, გამოცდების ეროვნული ცენტრი ვერ გაიგებდა 18 ქულა რომ დააკლდა აპლიკანტს?
კ.ჯ. ჩვენ ვერ გავიგებდით, მაგრამ წარმოუდგენელია, თვითონ ვერ მიმხვდარიყო. ეს მართლა უსამართლობა იყო. ამიტომ არის კარგი ეს სისტემა, რომ აბიტურიენტები, მათი მშობლები, მასწავლებლები ხედავენ ნაწერს. ეს ხომ ქვეყნდება?!
ჩვენს ქვეყანაში ხდება ასე, თორემ სხვა ქვეყანაში არ ქვეყნდება. ჩვენ რომ ვაკეთებთ ამას, აბიტურიენტი თვითონ რომც ვერ მიხვდეს, სხვას აჩვენებს და მასწავლებელი მაინც ხომ მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვეს გამსწორებლებმა და შემოიტანს სააპელაციო განაცხადს და ფულიც არ დაეკარგება.
– სააპელაციო განაცხადის შემოტანის შემდეგ თუ იყო ქულების დაკლების შემთხვევა?
კ.ჯ. მხოლოდ ორს დააკლდა ქულები. ძალიან რბილად და ლოიალურად ვცდილობთ ნაშრომები გავასწოროთ, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ სადაც ნამდვილად ნოლს იმსახურებს, იქ 3 ქულას მაინც უსწორებენ გამსწორებლები. ჩვენს ტრენინგებზე ყოველთვის საუბარია, რომ გადავიხაროთ აბიტურიენტისკენ, რომ ის არ დაზარალდეს, მაგრამ ხანდახან ზედმეტიც მოგვდის. იყო შემთხვევა, რომ სააპელაციო კომისიამ ჩამოაკლო ქულები.
– როდესაც ქულები ჩამოაკლდება, თანხა უბრუნდება აბიტურიენტს?
კ.ჯ. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს მაინც არის კომისიის ნაკლი, რომ შეცდომა დაუშვა შეფასების დროს. სულერთია, რის გამო. აბიტურინეტს უნდა დაუბრუნდეს, ცხადია, ფული.
– ქართულის ვარიანტებში იყო უზუსტობები. ამას აღნიშნავდნენ სპეციალისტები და ჩვენც ვწერდით ამის შესახებ. რა გადაწყდა, სადავო ფორმებს შორის რომელი ჩაითვალა სწორ ფორმად?
კ.ჯ. არცერთი არ ითვლება შეცდომად. როდესაც სადაო ფორმაა და სპეციალისტებსაც განსხვავებული აზრი აქვს, იქ როგორ შეიძლება ბავშვს ქულა დააკლდეს? მაგიტომ არის ბავშვი დაცული, რომ რამდენიმე გამსწორებელი ასწორებს ამ ნაწერს. არის სააპელაციო პროცედურა.
თქვენს ვებგვერდზე წავიკითხე ის შენიშვნები. დავით გურამიშვილს ის მასწავლებელი რატომღაც სუსტ პოეტად მოიხსენიებდა, რამდენჯერ აძლევენ გამოცდაზე დავით გურამიშვილსო. მრავალფეროვნება ქართულის ტესტებს არ აკლია, უბრალოდ, ძალიან აგდებულად იხსენიებს ლადო ასათიანს, რაც აბსოლუტურად გაუგებარია და ძალიან უცნაურია მისი დამოკიდებულება გურამიშვილთან. რუსთველის შემდეგ შემდეგ ჩვენ ასეთი პოეტი არ გვყავს და რაც იმ ინტერვიუში წავიკითხე, გამაოგნებელია (რესპონდენტი გულისხმობს ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა ჩვენს საიტზე ფილოლოგ ნანა გოგშელიძესთან. ავტ.)
– ჩვენ სხვა სპეციალისტებიც გვყავდა ჩაწერილი, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია სადავო ფორმების საგამოცდო საკითხად მოსვლასთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავდნენ, რომ არ არის რეკომენდებული მსგავსი საკითხების გამოცდებზე მოტანა.
ასეთ დროს რაც არ უნდა დაწეროს ბავშვმა, არცერთი შეცდომად არ ითვლება. ანუ იმის გასწორებას არავინ არ თხოვს. ჩვენ ყველა სექტემბერს ვაწყობთ შეხვედრებს და თუ რამე არ მოსწონთ სპეციალისტებს, აქვთ ჩვენთან დაკავშირების და განხილვებში მონაწილების საშუალება. შეუძლიათ მოგვცენ შენიშვნები, ჩვენ გავითვალისწინებთ, ან ავუხსნით ერთად. ამაში არაფერი ცუდი არ არის.
– ანუ აბიტურიენტებს, სადავო ფორმიდან რომელიც არ უნდა დაეწერათ, არცერთი არ ჩაეთვალათ შეცდომად?
კ.ჯ. არ ჩაეთვალათ შეცდომად. ყოველ წელს ასე იყო.
– ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე ყველაზე მეტად რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აბიტურიენტებს?
კ.ჯ. ვერცერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გაუჭირდათ. დაახლოებით ერთი სირთულის იყო. კარგი ნაწერი ცოტა იყო, როგორც ყოველ წელს ხდება, ანუ უმაღლესი ქულის მიღება ამ ტესტებში ადვილი არ არის, მაგრამ ბარიერის გადალახვა ძალიან ადვილია.
ვინც მოემზადა და იმეცადინა, ბარიერის გადალახვა ძალიან ადვილია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, დაბალი ქულები ადვილად უნდა მიიღონ, მაგრამ უმაღლესი ქულები შეიძლება საერთოდ ვერ მიიღონ. ან ერთი ორმა მიიღოს.
– ქართულში მხოლოდ 2-ს ჰქონდა უმაღლესი 80 ქულა მიღებული. როგორ შეაფასებდით ამ შედეგს და ელოდით თუ არა, რომ მეტი აბიტურიენტი მიიღებდა უმაღლეს ქულას?
კ.ჯ. რა თქმა უნდა, კი. ჩვენ როდესაც თხზულებაზე ვმუშაობდით, კონსულტაცია გავიარეთ დიდ ბრიტანეთში. სხვათა შორის, კემბრიჯში ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ თუ ბევრი მიიღებს ამ დავალებაში უმაღლეს ქულას, იცოდეთ, რომ თქვენი დავალება არ ვარგა, ან შეფასების კრიტერიუმები არ ვარგა. იმიტომ რომ ვინც კარგი იყო, მისი შედეგები ამ ბევრში დაიკარგა. ანუ საუკეთესო ვერ გამოავლინეთ. უმაღლეს ქულას ამ დავალებაში ბევრი ვერ იღებს, ან იღებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ერთი ან ორი ბავშვი. ისინი უნდა გამოვლინდნენ და გამოიყონ.
„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები
ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის სტატისტიკური ანალიზი ცნობილია – გამოცდები 2017
მომამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება