GE

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება ​

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებას იწყებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ მიზნით, მარნეულში, პროექტის წარმომადგენლებმა არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებთან და დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს, პროექტის საქმიანობაზე და გადამზადების პროგრამაში მასწავლებელთა და დირექტორთა  ჩართულობის მნიშვნელობაზე მათი ინფორმირება წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში 2017-2019 წლებში გადამზადდება:

− არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების 2,177 მასწავლებელი;

− 213 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლაში პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.

საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულად, რუსულად და სომხურად. შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა. ასევე, გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები, რომელებიც შემდგომში ჩაატარებენ აღნიშნულ ტრენინგებს.

მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს: ზოგადპროფესიულ უნარებში და საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური ენა).

დირექტორებისთვის კი ამოქმედდება ლიდერობის აკადემია, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება  სკოლის დირექტორებს, გააუმჯობესონ  საკუთარი  პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:

− დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა;

− მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება;

− სასწავლო თემების განვითარება;

− სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა;

− გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების  სისტემის დანერგვა.

მონაწილეები ტრენინგების ჩატარების გრაფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას  მიიღებენ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტს აფინანსებს  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური