მიიღებენ თუ არა და როდის სკოლები შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას? – რატომ დუმს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
„ვერაფერს გეტყვით ამაზე“, – ასე უპასუხა EDU.ARIS.GE-ს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, რომელსაც 7 ოქტომბერს, სკოლების შედეგების მიხედვით დაფინანსების პროგრამაზე ვკითხეთ.
საუბარია პროექტზე, სახელწოდებით „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“, რომლის განხორციელებაც 2022 წელს დაანონსდა და რომელიც საზოგადოებას თავად გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი
ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვიცოდით, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სკოლები შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას მიიღებდნენ და ის საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში განხორციელდებოდა. ხელშეკრულებას ხელი 2022 წლის 30 მარტს მოეწერა და IBRD-მა საქართველოს 358 500 000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით გამოუყო.
დადებული ხელშეკრულების განმარტებით ბარათში ეწერა, რომ პროგრამის მიზანი იყო, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა უფრო ეფექტური და ინკლუზიური გამხდარიყო. პროექტი ითვალისწინებდა ღონისძიებების განხორციელებას განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში და მოიაზრებდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის გაზრდას დევიზით – რასაც ვხარჯავთ, იმაზე მეტი შედეგი მივიღოთ.
გამოდის, რომ სამი წლის წინ ვიცოდით პროგრამის არსი, თუმცა სამი-წლისთავზე არ ვიცით არათუ შედეგი, არამედ არც ის, რა ბედი ეწია პროექტს. სწორედ ამიტომ, EDU.ARIS.GE-მ სცადა, შეკითხვები – რა ეტაპზეა პროექტის განხორციელება და რა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ სკოლებმა დაფინანსების მისაღებად – ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის დაესვა, რომელმაც გუშინ, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. მანვე, განათლების სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ოდენობაზე ისაუბრა და მათ შორის, განაცხადა, რომ საჯარო სკოლების დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ, „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამაზე“, რომელიც ასევე სკოლების შედეგების მიხედვით დაფინანსებას გულისხმობს, ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან გადაგვამისამართა.
„მე ხომ არ უნდა მკითხოთ ყველაფერი. აქ არის განათლების სფეროს წარმომადგენელი და მას ჰკითხეთ“, – გვითხრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც სამი წლის წინ, ამავე თემაზე აცხადებდა:
„შედეგებზე ორიენტირებული პროგრამაა, ახალი ინსტრუმენტია, რომელსაც პირველად იყენებს საქართველო, სხვა ქვეყნებში იშვიათად არის გამოყენებული, თუმცა ადამიანური კაპიტალის ნაწილში პირველები ვართ, ვინც ამ მიმართულებით სესხი აიღო… გრძელვადიანი სტრატეგიაა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის ჩამონათვალი უკვე არის წარმოდგენილი ხელშეკრულებაში, თუ რა შედეგებს უნდა მივაღწიოთ თითოეული მიმართულებით“.
გიორგი კაკაურიძე ასევე განმარტავდა, რომ დაფინანსების გაცემამდე, განათლების სამინისტროს სკოლების მიმართულებით კვლევები უნდა ჩაეტარებინა და დაედგინა, რა ტიპის პრობლემები არსებობდა მაღალმთიანი რეგიონების თუ დიდი ქალაქების სკოლებში და რა იყო საჭირო მათ აღმოსაფხვრელად.
„შემდგომ კი, ახალი ფორმულაა სკოლების დაფინანსებაზე მისაღები და ეს ყველაფერი რომ განხორციელდება, ამის შემდეგ მოხდება გარკვეული ტრანშის ჩამორიცხვა“, – აცხადებდა გიორგი კაკაურიძე 2022 წელს.
„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ დასრულების თარიღად ხელშეკრულებაში 2028 წლის 31 დეკემბერი იყო მითითებული, თუმცა 2025 წელს, მისი განხორციელების ეტაპებთან ერთად, IBRD-თან გაფორმებული შეთანხმების, გადმორიცხული თუ გადმოსარიცხი თანხის ბედიც გაურკვეველია.
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება