GE

„ასეთ ვითარებაში რომელი უნივერსიტეტი არ იბრძოლებს ადგილების შევსებაზე და უარს იტყვის თანხაზე? – ეს 90-იან წლებში დაბრუნებას ჰგავს“

განათლების რეფორმის პრეზენტაციათა ციკლი სამინისტროს ჯერ არ დაუსრულებია და მას საზოგადოებაში უკვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ განათლების სფერო მდგრადი განვითარებისგან შორს არის, ვინაიდან ამ სფეროს სათავეში ყოველი ახალი მინისტრის მოსვლა ახალ–ახალ ცვლილებებს იწვევს, რომელიც წინასთან, ხშირ შემთხვევაში, ლოგიკურ კავშირში არ არის. EDU.ARIS.GE–მ საზოგადოებას განათლების სფეროს არაერთი წარმომადგენლის პოზიცია გააცნო მიმდინარე მოვლენებზე. ამჯერად ჩვენ უნივერსიტეტების წარმომადგენლების მოსაზრებით დავინტერესდით. გთავაზობთ ინტერვიუს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტის  პროფესორ ქეთევან ჭკუასელთან.

ქალბატონო ქეთევან, უკვე მეორე კვირაა, განათლების, მეცნიერების სპორტის და კულტურის სამინისტრო საზოგადოებას აცნობს ახალ ხედვებს და გადაწყვეტილებებს განათლების სფეროში. თქვენ  რას იტყოდით განათლების სისტემის ახალ რეფორმასთან დაკავშირებით?

ქეთევან ჭკუაზელი: საქართველოს განათლების სისტემაში 30 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. ცხადია, მიუხედავად საზოგადოებაში გაბატონებული აზრისა, რომ სკოლა დაინგრა, რაღაც პოზიტიური მაინც იქმნებოდა ამ რეფორმების შედეგად, თუმცა ეს პოზიტივი და მასზე დახარჯული თანხების პროპორციულობა არავის გაუზომავს. უარყოფითი კი გაზომვას არ საჭიროებს, ის სახეზეა. სამწუხაროდ, ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება, ყოველთვის ბანკროტი იყო საზოგადოებასთან და მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, რის გამოც ცვლილებები განათლების სფეროში/და ალბათ სხვა სფეროებშიც/ უმეტესწილად, საარჩევნო პროცესებზე იყო გათვლილი და არა რეალურ საჭიროებებზე. მაქვს შიში, რომ ახლანდელი რეფორმის შინაარსიც ამას ჰგავს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ შეიძლება ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს არ უნდოდეს სისტემის გაჯანსაღება, თუნდაც მისი პრესტიჟის გაზრდის მიზნით, მთავარია რამდენად ჰყოფნის უნარი და  ნება ცვლილებების განხორციელებისა.

როგორც წესი, ნებისმიერი რეფორმის, მათ შორის, განათლების სისტემაშიც, ფუნდამენტურ საფუძველს სერიოზული კვლევითი შედეგები უნდა წარმოადგენდეს. ჩვენი ქვეყნის სარეფორმო ტრადიცია სწორედ საპირისპირო შინაარსისაა – ჩვენ ჰიპოთეზებით ვმართავთ განათლების სისტემას, რომლებიც მესაჭეების ცვლასთან ერთად, გადაუსინჯველად იცვლება და ახალი იბადება. ამ ეტაპზეც ყველაზე მეტად საინტერესოა გასაჯაროვდეს რომელი კვლევით, რაზე დაფუძნებით იხელმძღვანელა სახელმწიფომ განათლების პოლიტიკის ამგვარი ნაბიჯების გადადგმისას. და თუკი არსებობს ამგვარი საყრდენი, რამდენად გამომდინარეობს ცვლილებათა ლოგიკა მისი კვლევის საგნისა და შედეგებიდან.

გაუგებარია თავად ტერმინიც „მომავლის რეფორმა“, ნეტავ რომელი რეფორმა არ არის გათვლილი მომავალზე ან რას ნიშნავს სიტყვათა ეს თანაწყობა? საინფორმაციო გადაცემებში ასე გაიჟღერა.

მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აბიტურიენტებს მხოლოდ 3 სავალდებულო გამოცდის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის და მესამე არჩევითი საგნის ჩაბარება მოუწევთ. არჩევითი საგანი იქნება მათემატიკატექნიკური მიმართულების შემთხვევაში ან ისტორიაჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური/არჩევით გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით); უნივერსიტეტებს ასევე პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. თქვენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როგორ შეაფსებდით ამ ცვლილებას?

–სამწუხაროდ, ამ ცვლილებებს ვერაფრით გავიზიარებ გარკვეული მიზეზების გამო. კერძოდ, ყველაზე მეტად მაწუხებს არა ის, თუ რა გამოცდებს ჩაატარებს სახელმწიფო ერთიანი სისტემით და რას აირჩევენ უნივერსიტეტები, არც ის, გამოცდები ცენტრალიზებული იქნება თუ არა, ეს, ალბათ, გასაგებად გამოვხატე, რომ ჩვენს წუხილს სახელმწიფოს ამგვარი ხედვა იწვევს და არა სხვა კონკრეტული საორგანიზაციო საკითხები. თუ ასეთია სახელმწიფოს ხედვა, მაშინ ჩნდება შეკითხვა, საჭიროა კი საერთოდ გამოცდები ამგვარი ფორმით? იქნებ არჩევანი თავად  უნივერსიტეტებს მივანდოთ?

რაც შეეხება საგნობრივ ბარიერს, ეს გავს საქართველოში ერთ–ერთი მინისტრის მოღვაწეობის პერიოდში მასწავლებელთა მიერ საგამოცდო კრედიტების მოპოვების სისტემას, მთავარია, გამოცდაზე გახვიდე, მნიშვნელობა არ აქვს, რა ქულას მიიღებ, მაინც გეთვლება. ასეთ ვითარებაში რომელი უნივერსიტეტი არ იბრძოლებს ადგილების შევსებაზე და უარს იტყვის თანხაზე? განსაკუთრებით იმ არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ამ საკითხზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ გამოვხატოთ, ეს მიდგომა უმაღლესი განათლების 90-იან წლებში დაბრუნებას ჰგავს.

კვლავ დავსვამდი კითხვას – ხელისუფლების ასეთი მიდგომების გათვალისწინებით,  საჭიროა კი ასეთი მოდელით გამოცდების ჩატარება? სავარაუდოდ, ჩვენი მოსწავლეებისა და მათი მშობლების ნაწილი ამას ძალიანაც მოიწონებდა. მით უფრო, რომ გამოცდა სტრესსა და ნერვიულობას იწვევს.  ეს ნაბიჯიც საარჩევნო კამპანიის ნაწილი ხომ არ არის?

განათლების ახალი რეფორმის თანახმად, სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე–11 კლასში გაუქმდება, მე–12-ში მხოლოდ წელს შენარჩუნდება, ხოლო 2020 წლიდან სკოლებში გამოცდები საერთოდ მოიხსნება. რას იტყვით ამ ცვილებებთან დაკავშირებით?

–მიჭირს ამ კითხვაზე სერიოზული პასუხის გაცემა. დღეს უკვე მე-12 კლასელები ითხოვენ გამოცდების გაუქმებას და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეც უჭერს მათ მხარს. ხვალ შესაძლოა ჩვენმა მოსწავლეებმა ატესტატიც მოითხოვონ სკოლაში სიარულის გარეშე და იმ მინისტრის სურათიც დადონ თავიანთ გვერდებზე, რომელიც ამას შეუსრულებს. ვფიქრობ, ღირს ამ მოვლენაზე დაფიქრება, როგორი მენტალობის ახალგაზრდების აღზრდას ვუწყობთ ხელს? გამოცდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოდნის სისტემატიზებისა და განზოგადების თვალსაზრისით, მასალის ახლებურად გადააზრების თვალსაზრისით. გამოცდა ერთ–ერთი საშუალებაა სისტემური აზროვნების, კითხვისა და სწავლის უნარის ფორმირებისათვის, ერთ–ერთი ძირითადი მოტივატორია სწავლისა, (ყველასათვის ცნობილია, რომ დღევანდელი სკოლების ადამიანური თუ მატერიალური რესურსები ვერ უზრუნველყოფს სხვა მოტივატორებს). ასევე, ერთ–ერთი მთავარი მოტივატორია ის მასწავლებლის მუშაობისა წლის განმავლობაში. შესაძლოა, გვქონდეს შენიშვნები საატესტატო გამოცდების ადმინისტრირების პროცესთან, მაგრამ ზოგადად, განაცხადი საატესტატო გამოცდების გაუქმებისა, თუნდაც სკოლის დონეზე და თუნდაც შერჩევით, კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად, საზოგადოებას.

აქვე მინდა შევეხო გახმაურებულ თემას არათანაბარი შესაძლებლობებისა და რეპეტიტორობის გაუქმებისა. ისმის კითხვა, ქართულისა და ინგლისურის სწავლას რეპეტიტორი არ სჭირდება? სკოლა ამ საგნების ჩაბარებას უზრუნველყოფს? ფიზიკას და ზოგად უნარებს სჭირდება მხოლოდ? და კიდევ, დღეს, სამწუხაროდ სკოლის ხარვეზს სწორედ რეპეტიტორი და გამოცდის ჩაბარების მოტივაცია ასწორებს ნაწილობრივ მაინც. ამაზეც ვთქვათ უარი? თუ სკოლას ერთი ჯოხის აქნევით გავაჯანსაღებთ? გვიფიქრია და გვიკვლევია კი დღეს საქართველოში რა სჭირდება სკოლის გაჯანსაღებას და რამდენი წელი და თანხაა ამისთვის საჭირო? გამოცდების მოხსნა–დანიშვნით სწავლის ხარისხზე და ზგემის (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. ავტ.) მიღწევაზე რაიმე ტიპის ინტერვენციის მოხდენა თითქმის შეუძლებელია. თუ ყველა ვაღიარებთ და კვლევებიც ამას გვიჩვენებს, რომ სკოლაში სწავლება არაჯეროვან დონეზეა, გვითხარით, ზემოდაანონსებული რეფორმიდან რომელი კომპონენტი ასწორებს ამ პრობლემას სკოლაში  – არც ერთი!

ვფიქრობ, ქართული საზოგადოების სერიოზული ნაწილი არასოდეს იტყვის უარს საკუთარი შვილის განათლებაზე და პოპულისტურ ნაბიჯებს არ აჰყვება. კვლევები აჩვენებს, რომ თბილისის და რეგიონის მოსწავლეთა შედეგებს შორის არის განსხვავება გამოცდებზე. მაგრამ ასევე კვლევებით არის დადასტურებული, რომ ეს განსხვავება მე-4, ასევე, მე-8 კლასელებს შორისაც არსებობს წიგნიერებასა და ბუნებისმეტყველებაში. ეს გამოცდების პრობლემა კი არ არის, იმის პრობლემაა, რომ, რესურსია შეზღუდული, მაგალითად, წიგნის მაღაზია არ არსებობს რეგიონებში, ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვთ მოსწავლეებს და ა. შ.

როგორ გესახებათ უნივერსიტეტის როლი მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით?

–ეს ძალზე დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია და სერიოზული განსჯას საჭიროებს. ვფიქრობ, თითოეულმა უნივერსიტეტმა საკუთარი მისიიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და სიფრთხილით, ყველა რისკისა და დადებითი მომენტების გათვალისწინებით გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, აქ მაინც დგება საკითხი დივერსიფიცირებისა, კერძოდ, უნივერსიტეტისათვის საერთო/სავალდებულო და კონკრეტული ფაკულტეტებისათვის სავალდებულო საგნებისა. ყველა შემთხვევაში ეს მსჯელობის საგანია. ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებულ რისკებს წინა შეკითხვაშიც შევეხე.

პედაგოგები ჩივიან, რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე აზრი არავის უკითხავს სამინისტროდან. აღმოჩნდა, რომ პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელიც  არ ეთანხმება რეფორმის პუნქტებს და პარლამენტში მის განხილვაზე დაყენებას გეგმავს. საინტერესოა, გაიარეს თუ არა კონსულტაციები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან განათლების რეფორმის საკითხებზე?

–ნამდვილად ასეა, არც პედაგოგებისათვის და არც უმაღლესი სკოლებისათვის უკითხავს ვინმეს რამე. შესაძლოა ეს კონცეფცია (თუ ამას კონცეფცია შეიძლება ვუწოდოთ), რექტორებს გააცვნეს, მაგრამ პროფესორ–მასწავლებლებამდე ის არავის მოუტანია.

ვფიქრობ, არასერიოზულია, რომ რეფორმის შესახებ ხედვებს საინფორმაციო შეხვედრების სახით ვეცნობით საზოგადოება. ახალს არაფერს ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ მიზანშეწონილია რეფორმის ხედვები სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი იყოს კონცეფციის სამუშაო ვერსიის სახით, რომელიც განხილული იქნება პროფესიული საზოგადოების მიერ და შემუშავდება წარმოდგენილი რეფორმის გრძელვადიანი სტრატეგია,  რომელშიც სისტემურად და თანმიმდევრულად იქნება ცვლილებები დაგეგმილი. ეს ის მინიმუმია, რომლის გარეშეც პროცესის გაუმჯობესებაზე საუბარი ზედმეტი იქნება.

ამავე თემაზე:

ბატიაშვილის რეფორმა– სიახლეები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური