„ასეთი მიდგომა ნაკლებად სამართლიანია“ – აბიტურიენტი უნივერსიტეტების ნაწილისგან უცხო ენად მხოლოდ ინგლისურის არჩევაზე
2024 წლის აბიტურიენტების გამოცდები უცხოურ ენებში დღეს დასრულდა. შუადღის სესიაზე ტესტირება იმ აბიტურიენტებისთვის ჩატარდა, რომლებმაც მეორე სავალდებულო ჩასაბარებელ საგნად, ინგლისურის ნაცვლად, რუსული, ფრანგული და გერმანული ენები აირჩიეს. აპლიკანტები გამოცდას მხოლოდ ერთ სესიაზე წერდნენ, რადგან მათთან შედარებით, ვინც ინგლისურის ტესტი ჩააბარა, მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი.
EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, რამდენად დარწმუნებული არიან საკუთარ არჩევანში და გრძნობენ თუ არა თავს თანაბარ კონკურენტულ პირობებში ის აპლიკანტები, რომლებმაც უცხო ენად ინგლისურის ჩაბარება არ გადაწყვიტეს.
„ბევრ უნივერსიტეტს კონკრეტულ ფაკულტეტებზე სტუდენტის მოსახვედრად კვლავ მხოლოდ ინგლისური აქვს არჩეული – „საერთაშორისო ურთიერთობებზე სხვა უცხო ენით თუ გეგმავ ჩვენთან ჩაბარებას, მაშინ ვერ ჩააბარებო“, მაგალითად, ასე მითხრეს თსუ-ში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებზე უცხო ენებიდან მხოლოდ ინგლისური ენა ბარდება, საგამოცდო ბარიერი კი 51%-ზე მეტია. ასეთი მიდგომები ნაკლებად არის სამართლიანი. ილიას უნივერსიტეტში ყველა უცხო ენა ბარდება, ამიტომ ვფიქრობ ილიაუნის. კერძო უნივერსიტეტების გარკვეულ ნაწილსაც მსგავსი პრაქტიკა აქვს. ვფიქრობ, რომ ინგლისური არ უნდა იყოს პრიორიტეტული, ყველა უცხო ენას თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს“, – გვეუბნება ლუკა კაპანაძე, რომელმაც დღეს გამოცდა რუსულში ჩააბარა.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც გერმანულ ენას აბარებს, გვიხსნის, რომ მისთვის გამოწვევაა თუ როგორ გაართმევს თავს უნივერსიტეტში ინგლისურ ენის სწავლას, როცა სხვა უცხო ენას აბარებს. აბიტურიენტი მოგვითხრობს, რომ უნივერსიტეტებში ის საგანი, რომლითაც აბარებს – გერმანული, ძირითად საგნად არ ისწავლება.
„ინგლისური ვიცი საშუალოდ, გერმანული კი C1 დონეზე. სტუდენტი რომ გავხდები ვაპირებ, რომ გავიუმჯობესო ცოდნა და ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც ავიღო. თუმცა გავარკვიე და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სასურველ უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლა მომიწევს და არა გერმანულის. ეს, ალბათ, არ არის სამართლიანი. რომელი საგნითაც ვაბარებთ, სასურველია იქ იმავე საგანს ვსწავლობდეთ, ინგლისურთან ერთად. ამის გამო გეგმა არ შემიცვლია. დარწმუნებული ვარ, გერმანულს ვინც ვაბარებთ, მაღალი კონკურენცია იქნება“, – ამბობს ანიტა ლილუაშვილი.
დღეს საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან 79%-მდე გამოცხადდა და არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რატომ ირჩევთ იმ უცხო ენას, რომლითაც აბარებთ. რა პრიორიტეტებს ხედავთ მათში და პირიქით.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება