GE

„ატესტატს დამსახურება უნდა“ – რატომ მოსწონს სკოლაში გამოცდების დაბრუნების გეგმა დირექტორს და რა დათქმა აქვთ აბიტურიენტებს

„ე.წ. კატის გაუქმებით სკოლებში არანაირი განმსაზღვრელი შეფასება არ გვაქვს, რამაც სამწუხაროდ, ბევრი ნეგატიური ეფექტი მოუტანა სკოლას. ის ფორმალური გახდა… უკიდურესად მნიშვნელოვანია, პერიოდულად, თუნდაც სადიაგნოსტიკოდ გაიზომოს ბავშვის შეფასება საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, რომ შემდგომი სასწავლო პროცესი სწორად დაიგეგმოს“, – ასე ახსნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ინიციატივა, რომლის თანახმად, სკოლებში საატესტატო გამოცდები ბრუნდება, დაწყებითი და საბაზო საფეხურების ბოლოს კი, მოსწავლეები განმავითარებელ გამოცდებს ჩააბარებენ.

გიორგი ამილახვარი 13 ივნისს, პარლამენტის წინაშე ამტკიცებდა, რომ ამ ეტაპზე ერთიან ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება და ჯერ სასკოლო – “ეროვნული შეფასება” პრაქტიკაში უნდა გამოცადონ.

„ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება“ – გიორგი ამილახვარი

EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები – მასწავლებლები, დირექტორები და მოსწავლეები ამბობენ, რომ ზოგადად, სკოლაში გამოცდების დაბრუნების იდეას იმ შემთხვევაში ემხრობიან, თუკი მისი რეალიზება სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მოხდება, სწორად განისაზღვრება რა ტიპის გამოცდები უნდა ჩატარდეს, გამოცდები სამართლიანიც იქნება და მინისტრს თუ დავესესხებით, უმაღლეს განათლებაში „ტრანზიციასაც შეუწყობს ხელს.

სწორედ ასეთი პოზიცია აქვს გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართული სკოლის (IGS) დამფუძნებელსა და დირექტორს, ქეთევან დოჩანაშვილს. ქალბატონი ქეთევანი იმ არგუმენტებს გვიზიარებს, რის გამოც იდეას მხარს უჭერს და იმასაც გვიმხელს, რა შემთხვევაში შეიძლება „ამ კარგმა ინიციატივამ“, დადებითი შედეგი ვერ მოიტანოს.

ქეთევან დოჩანაშვილის აზრით, იდეის სწორად განხორციელების შემთხვევაში, სკოლებში გამოცდების შემოღების შედეგი სწავლის ხარისხის ამაღლება იქნება: „ჩემთვის ეს ინიციატივა მისაღებია, რადგან გარკვეულწილად მოსწავლესაც და მასწავლებელსაც უქმნის მოტივაციას, რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეები საერთოდ არ სწავლობენ იმ საგნებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აბარებენ. სკოლაში გამოცდები ფაქტობრივად იძულებულს ხდის მოსწავლეს, რომ ყველა საგანი მეტ-ნაკლებად ისწავლოს. არასწორად მიმაჩნია მოსწავლის წინასწარ დაპროგრამება და ადრეული ასაკიდანვე პროფესიის გადაწყვეტა. ვფიქრობ, მოსწავლე უნდა განვითარდეს თანაბრად ყველა საგანში და შემდეგ თავად გააკეთოს არჩევანი. ამიტომ, მგონია, სასკოლო გამოცდები, სასწავლო პროცესს უფრო სავალდებულოს გახდის ამა თუ იმ საგნის მიმართ. მსურს, სკოლა ნამდვილად ემსახურებოდეს იმ საქმეს, რასაც წესით უნდა ემსახურებოდეს – ბავშვს მრავალმხრივი განათლება მისცეს და მრავალმხრივი უნარები ჩამოუყალიბოს“, – ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

„ზოგად განათლებაში ორი გამოცდა იქნება შემოღებული“ – განათლების მინისტრის მოადგილე

ქეთევან დოჩანაშვილს იმის მოლოდინიც აქვს, რომ სკოლაში გამოცდების შემოღების ინიციატივა, მაღალი კლასის მოსწავლეებს „სკოლაში დააბრუნებს“. „ვიცი, რომ საჯარო სკოლებში უფროსკლასელები გაკვეთილებს ძალიან ხშირად აცდენენ. მეტიც, ფაქტობრივად სკოლაში არ დადიან. სხვათა შორის, თავის დროზე, ე.წ. კატის გამოცდები სწორედ ამ პრობლემის გამო დაინიშნა. შეიძლება ითქვას, რომ „კატის“ გამოცდებმა მაშინ საკლასო ოთახებში დააბრუნა მოსწავლეები და მგონია, რომ ამჯერადაც ასე მოხდება“, – განაცხადა ქეთევან დოჩანაშვილმა.

თავის დროზე, ექსპერტები, „კატის“ გამოცდების ერთ-ერთ ნაკლოვანებად იმას მიიჩნევდნენ, რომ მოსწავლეები და პედაგოგებიც, უმეტესად ტესტის ჩაბარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი და გამოცდის აღნიშნული ფორმა, სულაც არ იძლეოდა მოსწავლის ცოდნის რეალურად შემოწმების საშუალებას. ამ მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, საერთაშორისო ქართული სკოლის დირექტორს მიაჩნია, რომ გამოკითხვის მეთოდზე, ტესტებზე და იმაზე, როგორი გამოცდები უნდა ჩატარდეს სკოლის დამამთავრებელ კლასში, სპეციალისტებს ძალიან დიდი მსჯელობა და ფიქრი მოუწევთ.

„გადაწყვეტილება დიდი დაკვირვებითა და ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების საფუძველზე უნდა მივიღოთ. სწორად უნდა განისაზღვროს როგორი გამოცდები უნდა ჩატარდეს სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადებით შედეგს ვერ მივაღწევთ“, – აცხადებს ქალბატონი ქეთევანი და EDU.ARIS.GE-სთან იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომლის წინაშეც, ცენტრალიზებული სასკოლო გამოცდების დაბრუნების შემთხვევაში, უმეტესად საჯარო სკოლები დადგებიან:

„არიან თუ არა სკოლები მზად აღნიშნული გამოცდები ჩაატარონ? ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ნებისმიერ ავტორიზებულ სკოლას აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რასაც ვერ ვიტყვი შინაარსობრივ მხარეზე. ვფიქრობ, ამ მხრივ, საჯარო სკოლები საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგებიან. ჩემი და ბევრი კერძო სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ კერძო სკოლებს გამოცდების სათანადოდ ჩატარების მზაობა აქვთ, რადგან აქ მაინც დიდი ყურადღება ექცევა ყველა საგნის სწავლას, მიუხედავად იმისა, მოსწავლეები მას ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ თუ არა“.

რაც შეეხება დამამთავრებელი კლასის გამოცდას და მისი დახმარებით მოსწავლის უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ჩვენი პირველი რესპონდენტის აზრით, სამომავლოდ, „კარგი იქნება, თუ საატესტატო გამოცდები ისე და იმ ფორმით ჩატარდება, რომ პირდაპირ შეუღოს მოსწავლეებს უნივერსიტეტების კარი“.

მსგავსი სურვილი და მოლოდინი აქვთ აბიტურიენტებსაც. მათი უმეტესობა სკოლებში გამოცდების დაბრუნებას იმ შემთხვევაში ემხრობა, თუკი ეს უმაღლეს სასწავლებელში შესვლის შესაძლებლობას მისცემს. აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ თუ სკოლისა და ეროვნული გამოცდები მკვეთრად განსხვავებული იყო, მათთვის ორჯერ გამოცდების ჩაბარება სტრესი იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თითქმის იდენტური გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, ეროვნული გამოცდების აზრს უბრალოდ ვეღარ ხედავენ.

„ამ ინიციატივას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვემხრობი, თუკი ეროვნული გამოცდები გაუქმდება. არ ვიცი დედაქალაქში როგორი ვითარებაა, მაგრამ რეგიონებში მე-8 – მე-9 კლასებიდან სკოლაში აღარავინ დადის. ვფიქრობ, მოსწავლეს სკოლაში გამოცდები მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს, თუკი ეცოდინება, რომ საატესტატო გამოცდებზე მიღებული შედეგით, შესაბამის უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი აქვს. ამ შემთხვევაში სწავლის ხარისხიც ამაღლდება“, – აცხადებს ზესტაფონის მკვიდრი ლევანი, რომელიც 2024 წლის აბიტურიენტია და სამედიცინოზე აბარებს.

მომავალი იურისტი, აბიტურიენტი ანანო საკუთარ გამოცდილებას გვიმხელს. მისი თქმით, როცა მოსწავლემ იცის, რომ სკოლაში არანაირი გამოცდა არ უტარდება და ატესტატს უპრობლემოდ აიღებს, არც ივლის და სწავლაზე ორიენტირებულიც არ იქნება – ეცოდინება, რომ აბიტურიენტობისას შესაბამის საგნებში რეპეტიტორთან მოემზადება.

„ასეთ ვითარებაში სკოლას ფუნქცია ეკარგება. სკოლაში გამოცდის დანიშვნის შემთხვევაში კი, მოსწავლე თავიდანვე მოტივირებული იქნება და ატესტატსაც დამსახურებულად აიღებს. ეს განსაკუთრებით კარგი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც რეპეტიტორთან მომზადების შესაძლებლობა არ აქვს“.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი ელენე, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, PR მენეჯერი გახდეს, დარწმუნებულია, სკოლაში გამოცდები რომ ჰქონდეს ჩასაბარებელი, აბიტურიენტობა უფრო მარტივი იქნებოდა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ მქონოდა ვალდებულება, სკოლაში გამოცდები ჩამებარებინა, აბიტურიენტობა არ გამიჭირდებოდა. ბევრი მასალაა, რომელიც სკოლას კარგად აქვს გადანაწილებული, უბრალოდ, მაღალ კლასებში, უმეტესად რეპეტიტორებთან ვიწყებთ სიარულს და სკოლაში იშვიათად დავდივართ. ვფიქრობ, სკოლის გამოცდები მოსწავლეს აბიტურიენტობის შიშსაც მოუხსნის და ზოგადი განათლების ხარისხსაც აამაღლებს. თუ მოსწავლე მარტივად ვერ გადავა კლასიდან კლასში და ამისთვის მართლა შრომა მოუწევს, ლოგიკურია, ბევრად განვითარებული იქნება და შესაძლოა, რეპეტიტორებთან სიარულიც არ დასჭირდეს“.

ასეთი ოპტიმისტური განწყობა არ აქვს მარიამ თოდრიას, რომელიც მე-12 კლასში გადავიდა და აბიტურიენტი მომავალ წელს ხდება. მისი აზრით, საატესტატო გამოცდების ჩანიშვნამდე, სკოლაში არსებული მთელი რიგი პრობლემები უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში კი, სწავლის დონე უნდა ამაღლდეს:

„ვფიქრობ, ამ ცვლილებას უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე დადებითი. იმისათვის, რომ მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება დავავალდებულოთ, საჭიროა სკოლაშიც შესაბამისი განათლების დონე იყოს. რადგან დღეს სკოლა სათანადო განათლებას ვერ გვაძლევს და არაფერს გვთავაზობს ისეთს, რაც რეალურ ცხოვრებაში გამოგვადგება, გამოცდების დანიშვნა ალოგიკურია. მოსწავლეებში უფრო მოიმატებს სტრესის დონე. ვფიქრობ, სანამ გამოცდების დაწესებაზე ვილაპარაკებთ, საჭიროა ის პრობლემები გამოვასწოროთ, რომელსაც დღეს ვხვდებით. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად კი, ჩემი აზრით, ეროვნულებიც სრულიად საკმარისია“.

მე-12 კლასელი დავით ცერცვაძე კი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც მიაჩნია, რომ მოსწავლეებმა გამოცდები სკოლაშიც უნდა ჩააბარონ და „ეროვნულებზეც“ უნდა გავიდნენ. მიაჩნია, რომ სკოლაში გამოცდების დაბრუნება, მოსწავლეებს „გამოაფხიზლებს“ და სწავლის დონეს აამაღლებს.

„შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოსწავლეები იძულებულნი გახდებიან ისწავლონ, რათა გამოცდა ჩააბარონ. შესაბამისად მათი ცნობიერებაც ამაღლდება ყველა საგანში. გარდა ამისა, ვფიქრობ, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება, განსაკუთრებით საჯარო სკოლებში, სადაც კერძო სკოლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, სწავლა სათანადოდ არ მიმდინარეობს. მეტიც, ვფიქრობ, საატესტატო გამოცდა ცალკე უნდა ჩატარდეს, უნივერსიტეტში მოსახვედრად კი, ისევ უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდები – ატესტატის გარეშე უნივერსიტეტში აბიტურიენტი არ მიიღება, შესაბამისად, ამასაც დამსახურება უნდა“, – ფიქრობს დავითი.

მინისტრ გიორგი ამილახვარის განმარტებით, 2025, 2026 წელს იგეგმება ინიციატივის პილოტის გაშვება და წარმატების შემთხვევაში, სამინისტრო იფიქრებს ეროვნული გამოცდების სახეცვლილებაზე. ასე რომ, სასკოლო საზოგადოებას, კიდევ ერთი, როგორც თავად სამინისტროს წარმომადგენლები უწოდებენ – ფუნდამენტური და დიდი რეფორმის ტალღა ელის, რომლის შედეგსაც, წლების შემდეგ ვნახავთ. იმედია, მომავალში ამ გადაწყვეტილებებსაც შეცდომას არ ვუწოდებთ და როგორც მაგალითად „კატის“ შემოღება-გაუქმების შემდეგ ვამბობდით, არ ვიტყვით – რას ვიზამთ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო.

ამავე თემაზე:

„XII კლასში მოსწავლეთა ეროვნული განმსაზღვრელი შეფასების სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება“ – მინისტრი უკვე უმაღლესში ჩარიცხვის ახალ წესზე საუბრობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური