GE

„ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება“ – გიორგი ამილახვარის ანგარიშს პარლამენტში უსმენენ

საჯარო სკოლის მოსწავლეების დაანონსებული სასკოლო შეფასებების დანერგვამდე მათი პილოტირება განხორციელდება, რაც მომდევნო ორ წელს მოიცავს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს, 13 ივნისს განაცხადა. გიორგი ამილახვარს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

„ზოგად განათლებაში ორი გამოცდა იქნება შემოღებული“ – განათლების მინისტრის მოადგილე

მინისტრი ხაზგასმით ამბობს, რომ მოსწავლის სკოლიდან უმაღლესში ან პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ახალი პრინციპი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოება ამისათვის მზად იქნება, იქამდე კი, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღევანდელი ფორმატით ჩატარდება და უახლოეს წლებში მისი ცვლილება არ იგეგმება.

“ეროვნული შეფასება აუცილებელი კომპონენტია ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის იმის გასაზომად, თუ როგორ ვითარდება სკოლა, ასევე მასწავლებლის შედეგების გასაზომად, და, რაც მთავარია, მოსწავლის ტრანზიციისთვის, იქნება ეს უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბოლოს, პირველ ეტაპზე განხორციელდეს სადიაგნოსტიკო – არა განმსაზღვრელი და სავალდებულო, არამედ შეფასებითი შეფასება, სადაც ჩვენ ვნახავთ მოსწავლის განვითარების ეტაპებს და შევაფასებთ მოსწავლისა და მასწავლებლის მიღწევებსა და შედეგებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგ წელს, გარკვეულ პილოტირებას დავიწყებთ დაწყებით საფეხურზე და 2026 წელს, სავარაუდოდ, შევძლებთ საბაზო და საშუალო საფეხურზე შეფასებების პილოტირებას.

„XII კლასში მოსწავლეთა ეროვნული განმსაზღვრელი შეფასების სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება“ – მინისტრი უკვე უმაღლესში ჩარიცხვის ახალ წესზე საუბრობს

“აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, ვინაიდან სულ ჩნდება ეს კითხვა, ეროვნულ გამოცდებს არაფერი არ ემუქრება, ეს პროცესი მიმდინარეობს და აშენდება პარალელურად. როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ სისტემა ამისთვის მზად არის, ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება სრულად მოერგო ე.წ. ეროვნულ შეფასებას, შემდგომ, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, შეგვეძლება ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმის ტრანზიცია უნდა ვიხმაროთ მოსწავლის უმაღლესში თუ პროფესიულ განათლებაში [გადასვლისთვის]. არ მინდა, შეიქმნას მოლოდინი, თითქოს ეროვნულგამოცდებს რამე ემუქრება”, – განაცხადა გიორგი ამილახვბარმა.

მინისტრის მოხსენების თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის არსებული სისტემის რეფორმას და ამ რეფორმის ერთ-ერთი წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლებისა და უნივერსიტეტების როლის გაზრდა. ახალი სისტემის დანერგვა იგეგმება 2027 წლის ზაფხულში.

“მინისტრის საათი” კითხვა პასუხის რეჟიმსა და დებატებს ითვალისწინებს, სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან და ოპოზიცია მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავდება“ – განათლების მინისტრი

ცნობილია რაზე ისაუბრებს განათლების მინისტრი პარლამენტში – 42-გვერდიანი მოხსენების შინაარსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური