GE

„აუდიტორია 115–ის“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო – რითია უკმაყოფილო მარიამ ჯაში

“აუდიტორია 115“– ის სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ისინი უმაღლესი განათლების შესახებ კანონის რამდენიმე მუხლს ასაჩივრებენ.

როგორც ირკვევა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და მისი თავმჯდომარისთვის სარჩელის შეტანის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.

”კანონში ცვლილებათა პაკეტის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა, თუმცა ჩვენთვის მოულოდენილი იყო, რომ შევიტყვეთ ”აუდიტორია 115-ის” მიერ  სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანასთან დაკავშირებით. ისინი უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-20, 27-ე, 43-ე და 45-ე მუხლებს ასაჩივრებენ. ახლა უნდა ვიმსჯელოთ და გვაქვს ორი შესაძლებლობა: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს  რეკომენდაციებს და შესაბამისად შევიტანოთ ცვლილებები კანონმდებლობაში,  რაც ბუნებრივია დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, ან შევიტანოთ თებერვალში დამოუკიდებლად კანონპროექტი, რომლის ინიცირების მზაობაც იყო”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარე უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ”აუდიტორია 115-ის” წევრებს დეპუტატებთან არსებული კონსტრუქციული ფორმატის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ მათთვის წინასწარ  ეთქვათ.

”როდესაც დიალოგი გადადის კონსტრუქციის რეჟიმში და მხარეები ურთიერთპატივისცემის და სხვადასხვა პოზიციის შეჯერების ფორმატით სარგებლობენ, ვფიქრობ, სულ მცირე, ჩვენთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო  მათი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მათი უფლებაა და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილებას, თუ არა”, – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე.

თავად ”აუდიტორია 115-ში” აცხადებენ, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის მაისში მიმართეს და ეს ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში ერთი კვირის წინ მიიღო და დაიწყო განხილვა.

”მაისში შევიტანეთ და წარმოებაში მიიღო ერთი კვირის წინ. არ უნდა ყოფილიყო  მისთვის მოულოდნელი. კარგი იქნება, თუ შეიტანს კანონპროექტს და პარლამენტი დაასწრებს ამ პროცესს. გვირჩევნია, რომ  პარლამენტმა შეცვალოს ეს კანონი და შესაბამისად  ჩვენი სარჩელიც უკვე აზრს დაკარგავს და უმოქმედო იქნება”, – განუცხადა ირაკლი კუპრაძემ EDU.ARIS.GE– ს.

,,აუდიტორია 115″ – ვრჩებით უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური