GE

ავტორიზაცია-აკრედიტაციის მოლოდინი და გორის უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ორი უნივერსიტეტის ჩამოყალიბების შედეგად შეიქმნა. გორის და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტები 2007 წლის 22 აგვისტოს გაერთიანდნენ.

შიდა ქართლის ცენტრში არსებულ უმაღლეს სასწავლებელს თითქმის 150-წლიანი ისტორია აქვს. ყველაფერი კი 1876 წლის 12 სექტემბერს, გორში, ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარის გახსნით დაიწყო.

დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება ორ საფეხურზე, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე ხდება. თუმცა უახლოეს პერიოდში სასწავლებლის ხელმძღვანელობა განაცხადს დოქტორანტების მიღებაზეც გააკეთებს. ამ და სხვა სიახლეების შესახებ Aris.ge- განათლებას გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ესაუბრა. საუბარი კი უნივერსიტეტისთვის სადღეისოდ ყველაზე აქტუალური საკითხით დავიწყეთ:

– ბატონო გიორგი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს უახლოეს პერიოდში გეგმიური ავტორიზაცია–აკრედიტაციის გავლა უწევს, ხომ არ არის საფრთხე რომ ვერ გაიაროთ ეს პროცედურა?

– ეს გეგმიური ავტორიზაცია–აკრედიტაციაა. ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ამ პროცედურის გავლისას. ჩვენთან შიდა კომისიაც ჩამოყალიბდა, რომელიც შიდა აკრედიტაციას გადის და ყველა წვრილმან საკითხს დეტალურად სწავლობს. ეს იქნება ადამიანური რესურის თუ მატერალურ–ტექნიკური ბაზა. ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის ყველა პირობაა შექმნილი. დაწყებული აუდიტორიების კეთილმოწყობით დასრულებული ზოგადი კლიმატით. აღარაფერს ვამბობ ახალ ავეჯსა და ახალ კომპიუტერებზე. ასე რომ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ იმისას, რომ ვერ გავიაროთ.

– დოქტორანტურის დამატებას როდისთვის გეგმავთ?

– მას შემდეგ რაც გეგმიურ ავტორიზაცია–აკრედიტაციის ეტაპს გავივლით, განაცხადს დოქტორანტურის დამატებაზეც გავაკეთებთ. პირველ ეტაპზე სულ ორი მიმართულება გვექნება საქართველოს ისტორიაში და ქართულ ენათმეცნიერებაში.

– რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს რამდენი ადგილზე გაქვთ აბიტურიენტების მიღება გამოცხადებული?

– კვოტა 750 ადამიანზე გვაქვს გაკეთებული. შევსების პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ახლა 1880 სტუდენტი გვყავს და იმედია, დაგვიბალანსდება და არსებული ფინანსური ვითარება შეგვინარჩუნდება. ამ მხრივ ვითარების გუარესებას არ ველოდებით.

– რომელია გორის უნივერსიტეტის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი?

– ყველაზე მოთხოვნადი ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტია. შარშან სამართლის ფაკულტეტზე 100 ადგილი გვქონდა და მხოლოდ ერთი ადგილი დაგვრჩა. წელს 150 ადგილი გვაქვს და დარწმუნებული ვარ შევსების პრობლემა არ იქნება, რადგან ეს პროფესია რეგიონში ძალიან მოთხოვნადია. გარდა ამისა მოთხოვნაა საბანკო–საფინანსო მიმართულებაზეც. ჩვენ მუდმივად ვატარებთ შრომითი ბაზრის კვლევებს და პროფესიებსა და ფაქულტეტებზე კვოტებს ამის მიხედვით ვაწესებთ.

– თქვენი კურსდამთავრებულთა რამდენი პროცენტია დასაქმებული? ამ შინაარსის კვლევებს თუ ატარებთ?

– მსგავს კვლევებს სისტემატურად ვატარებთ. როდესაც რაღაც პროდუქტს ქმნი, ბუნებრივია, რომ მისი რეალიზების პროცესსაც თვალს ადევნებ. ჩვენი კურსდამთავრებულების 50% დასაქმებულია. ბევრი ადგილობრივი ორგანიზაცია გვიკავშირდება და გვთხოვს წარმატებული სტუდენტების რეზიუმეს. უმეტესობა აქვე რეგიონში საქმდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ამასთან, უნივერსიტეტს აქვს შექმნილი საინფორმაციო ბაზა, სადაც ვაკანსიებს ვინახავთ. სტუდენტს კი ამ ბაზაზე წვდომის შესაძლებლობა აქვთ.

– ვინ არის თქვენი კონკურენტი სასწავლებელი რეგიონში? დედაქალაქს არ ვგულისხმობ..

– ჩვენი სასწავლებელი რეგიონული სასწავლებელია. კასპი, ქარელი, ხაშური გორის… ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს. ეს არის დიდი ისტორიის მატარებელი სასწავლებელი. არ ვთვლი, რომ კონკურენტი გვყავს, ეს არის ერთადერთი აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებელი რეგიონში. ასე რომ კონკურენციის განცდა არ მაქვს.

– თქვენს აკადემიურ პერსონალზე მინდა გკითხოთ, რამდენად მაღალკვალიფიციური კადრებითაა უნივერსიტეტი დაკომპლექტებული და როგორია მათი ანაზღაურება?

– როდესაც აკადემიურ პერსონალს ირჩევ ბუნებრივია, ის უნდა აკმაყოფილებდეს კიდეც სტანდარტს, სხვა შემთხვევაში მათ ნდობასაც არ გამოვუცხადებდით. ძალიან მაღალი დონის პროფესორები გვყავს. ბევრი მათგანით წამყვანი უნივერსიტეტებიც იამაყებდნენ. გვყავს დედაქალაქიდან მოწვეული კადრებიც. რაც შეეხება ანაზღურებას ჩემი მოსვლიდან მათი ხელფასი ორჯერ გაიზარდა. პირველად 20%-ით, მეორედ 35%-ით. ახლა სრული პროფესორის ხელფასი 1300 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, გვაქვს მეცამეტე ხელფასის სისტემა. ასევე წახალისებისთვის გვაქვს სემესტრული დაფინანსება. თითოეული კათედრა ირჩევს საუკეთესო ლექტორს და მათ სახელობითი პრემიები გადაეცემათ. მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის პრემია – ისტორიაში; დიმიტრი უზნაძის – ფსიქოლოგიაში. ესაა დამატებითი მოტივაცია, რომ აკადემიურმა პერსონალმა ღირსეულად გააგრძელოს მუშაობა.

– სტუდენტებისთვისაც თუ გაქვთ ფინანსური წახალისება?

– ბუნებრივია, წარჩინებულ სტუდენტებს აქვთ სახელმწიფო, 150 ლარიანი სტიპენდია. კარგ სტუდენტებს, რომლებიც ვერ იღებენ სახელმწიფო სტიპენდიას ვუნიშნავთ სამთვიან შიდა სტიპენდიებს – 150 ლარის ოდენობით. გვაქვს სემესტურული სტიპენდიები, როდესაც კათედრა საუკეთესო სტუდენტს ავლენს. ასევე, გვაქვს ორი სახელობითი სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის, ვინც აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. გარდა ამისა, სემესტრულად ვცდილობთ დავეხმაროთ სოციალურად ყველაზე მეტად გაჭირვებულ სტუდენტებს. ეს დახმარება 500 ლარიანია. წინა სემესტრში უკვე გავეცით, ამ სემესტრში თანხის შემოდინებაზე ვართ დამოკიდებული.

– რა პრობლემები აქვს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს?

– პრობლემა დაფინანსებაშია. ბავშვებს უჭირთ გადასახადების გადახდა. ჩვენ კი მთლიანად ამ თანხაზე ვართ დამოკიდებულები.

– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თქვენს თანამშრომლობაზე მინდა გკითხოთ, რაში საჭიროებს გორის სასწავლო უნივერსიტეტი უწყების დახმარებას?

– სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან აქტიურად გვიდგას მხარში. თამარ სანიკიძე ცოტა ხნის წინ ჩამოსული იყო და აკრედიტაციასთან დაკავშირებით პირადად მასთან გავიარეთ კონსულტაციები. სამინისტრო აფინანსებს საზღვრისპირა რეგიონების სტუდენტებს, აქამდე, მათ უმრავლესობას სტატუსი შეჩერებული ჰქონდა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ერთი ფლიგელი გარემონტებას საჭიროებს. წერილი უწყებას უკვე გადავუგზავნეთ და დიდი ალბთობით დადებითი პასუხი დაგვიბრუნდება. შენობის ამ ნაწილში უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სექტორი განთავსდება.

– პროფესიულ განათლებას რაც შეეხება, როგორც ვიცი თქვენ პროფესიული მიმართულებებიც გაქვთ..

– დიახ, ასეა. ჩვენთან 20–მდე პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი. სამშენებლო, მცირე ბიზნესი, წარმოება, საოფისე საქმე, სასტუმროს ადმინისტრირება – ბევრი მიმართულება გვაქვს. მოთხოვნაც არის, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რძის გადამამუშავებელი საწარმო ავამუშაოთ და მსურველებს რძის წარმოების ტექნოლოგია ვასწავლოთ.

– და ბოლოს, უნივერსიტეტის მომავალზე გკითხავთ, როგორს ხედავთ მას წლების შემდეგ?

– გორის უნივერსიტეტი რეგიონში ყველაზე მაგარი უნივერსიტეტი იქნება. ჩემი ოცნებაა, რომ რეგიონში მცხოვრებმა ყველა სტუდენტმა განათლება მიიღოს აქ და დარჩეს აქ. იპოვოს სამსახური და აღარ დასჭირდეს დედაქალაქში სამსახურისა და განათლების მისაღებად წასვლა.
P. S. ავტორიზაცია აკრედიტაციის პროცესის გავლის შემდეგ უნივერსიტეტის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. იანვარში მოქმედ რექტორს ამ პოსტზე ყოფნის პირველი ვადა გასდის. როგორც გიორგი სოსიაშვილმა Aris.ge-განათლებას განუცხადა, ის რექტორის პორსტზე მეორე ვადითაც იყრის კენჭს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური