GE

აწსუ-ში შიდა საფაკულტეტო შეჯიბრის „იმიტირებული სასამართლო პროცესი – ადმინისტრაციულ სამართალში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატისა და სამართლის დეპარტამენტის ეგიდით გამოცხადდა უნივერსიტეტის შიდა საფაკულტეტო შეჯიბრი „იმიტირებული სასამართლო პროცესი – ადმინისტრაციულ სამართალში“.

უნივერსიტეტის მიერ 20 ივნისს მოწოდებული ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა. შეჯიბრი მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინტერესის გაღვივებას, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ადმინისტრაციულ სამართალში. შეჯიბრის ფარგლებში გუნდებმა წარმოადგინეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები. შეჯიბრის ძირითადი თემატიკა გახლდათ ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალი, ადამიანის უფლებებათა სამართალი, ბავშვის უფლებათა სამართალი, შრომის სამართალი – მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობა. ამავდროულად, შეჯიბრის მსვლელობისას სტუდენტები, თემატიკის შესაბამისად, გაეცნენ და პრაქტიკული თვალსაზრისით გააანალიზეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, საქართველოს უზენაესი სასმართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

შეჯიბრის მონაწილე გუნდებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგები და გაეწიათ რეკომენდაციები მათ პოზიციებთან დაკავშირებით. ტრენინგების შემდეგ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესები სამ ეტაპად. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობდნენ საუკეთესო ქულების მქონე ორი გუნდი, რომელთა ზეპირი სხდომიდან გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და გადაეცათ შეჯიბრში 1 ადგილის დაკავებისათვის შესაბამისი თასი. ფინალში მონაწილეობდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები ლუკა თუთისანი, გიორგი კვანტალიანი, მინდია კიკალიშვილი, კონსტანტინე კოკელაძე, ნია თევდორაძე, სალომე დიდიძე, თიკო გოჩელაშვილი. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ნია თევდორაძე, სალომე დიდიძე და თიკო გოჩელაშვილი.

პროექტის მიმდინარეობის დროს, პროექტის იდეის ავტორს და მენტორს, სოფიო ორმოცაძეს ასისტენტობას უწევდნენ სამართლის მეორე კურსის სტუდენტები მარიამ ჭოლაძე და ანა დანელია. პროექტში მონაწილე ყველა წევრს და შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებელს გადაეცათ შეჯიბრში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც დაგვეხმარა მსაჯების კომპონენტში და მოგვცა შესაძლებლობა ფინალური ეტაპის ზეპირი მოსმენის სხდომა ჩაგვეტარებინა სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში. ასევე, მსაჯებისა და მენტორობის კომპონენტში შეუცვლელი მხარდაჭერა გაგვიწია იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურომ და ბიუროს სამოქალაქო – ადმინისტრაციული სპეციალიზაციის ადვოკატებმა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური