GE

„ახალგაზრდებს უჭირთ წერა, აზრების მკაფიოდ გამოხატვა და კრიტიკული აზროვნება“ – UNICEF-ის უახლესი კვლევა და რეკომენდაციები

„ახალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში“; „ფსიქიკური ჯანმრთელობა ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა“; „ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ქიმიური პროდუქციის წარმოება“, – ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის რამდენიმე მთავარი მიგნება, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების უნარებისა და საკვანძო კომპეტენციების შესახებ ზოგად ტენდენციას ასახავს.

2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ქვეყნის შვიდ რეგიონში ჩატარებული მიზნობრივი კვლევის შედეგები, რომლის წარდგენასაც EDU.ARIS.GE-ც ესწრებოდა, UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობამ 15 ივლისს გაასაჯაროვა, რითაც ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები მრავალმხრივია და წიგნიერებასა და მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას (STEM) განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობასა და მეწარმეობის უნარებს მოიცავს.

თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში გორში, ახალციხესა და ახალქალაქში ჩატარებულ კვლევაში განსხვავებული აკადემიური მოსწრების 18-20 წლის 155 სტუდენტი მონაწილეობდა. კვლევისთვის შერჩეული იყო სხვადასხვა გამოცდილების სტუდენტი როგორც სოფლებიდან, ისე ქალაქებიდან და განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებიდან. კვლევის მიხედვით:

„სტუდენტების მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდა მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდა აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა.

„ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობებისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად, წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო აღმოჩნდა.

„ბევრმა ასევე აღნიშნა სოციალურ მედიაში არსებული გამოწვევები, მათ შორის, ნამდვილი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რის გამოც თავს დაცულად ვერ გრძნობენ“.

უფრო დეტალურად კი, კვლევის საკვანძო მიგნებები ასე გამოიყურება:

-მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება;

-ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისათვის;

-მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით;

-მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერების და ციფრული საფრთხეების მიმართულებით;

-მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციის და პიროვნული ზრდის მიმართულებით, ხშირად დემოტივირებულნი არიან საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით;

-მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე.

ახალგაზრდების წინაშე მდგარი მრავალფეროვანი გამოწვევების გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE დაინტერესდა კვლევაში ჩართული ერთ-ერთი სტუდენტის, ნინი ნასარიძის მოსაზრებით, თუ სად ხედავს მთავარ პრობლემას და რა დრო წარმოუდგენია მის აღმოსაფხვრელად.

როგორც ნინო ამბობს, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან, სად და რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება და მნიშვნელოვანია, მათ ვინმემ „თავისი მომავალი უფრო ნათლად დაანახოს“.

„მე გამიმართლა და მქონდა პატივი, კერძო სკოლა დამემთავრებინა. შესაბამისად, რაღაც პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მასიურადაა, ჩემს შემთხვევაში ნაკლებად იყო. ამის მიუხედავად, არის საქართველოს მასშტაბით ასპექტები, რომლებზეც ყურადღება კერძო სკოლებშიც უნდა გაამახვილონ. ერთ-ერთი ასეთი კარიერული „გაიდლაინია“. მე ვიცოდი ბავშვობიდან, რაზე მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ჩემს კლასში, სამეგობროში, ბევრმა ეს არ იცოდა და მათ ასე ვთქვათ, დახმარება სჭირდებოდათ.

„დახმარებაა საჭირო თუნდაც იმისთვის, რომ ახალგაზრდამ თავისი ძლიერი მხარეების შესახებ იცოდეს – როგორ რეალიზდეს და პრაქტიკაში რა გზით დანერგოს ის თეორიული ცოდნა, რასაც სკოლაში სწავლობს. მიმაჩნია, რომ ყველა მოსწავლეს სჭირდება ამ მხრივ გარკვეული ხელშეწყობა. გასაგებია, რომ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება, მაგრამ ნაბიჯები უკვე უნდა გადაიდგას. განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მაინც, უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავიანთი მომავალი უფრო ნათლად დაინახონ; არ ჩააბარონ იქ, სადაც ორ წელიწადში აღმოაჩენენ, რომ არ უნდათ“, – აღნიშნა ნინი ნასარიძემ ჩვენთან საუბრისას (კავკასიის უნივერსიტეტი).

გაეროს ბავშვთა ფონდი, პრობლემური სფეროების გამოკვეთის გარდა, კვლევაში გასცემს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებამაც მომავალი თაობის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და განათლება უნდა უზრუნველყოს.

UNICEF-ის რეკომენდაციები შემდეგია:

-ყოვლისმომცველი მიდგომა მოზარდებისა და ახალგაზრდების შემეცნებითი, ემოციური და სოციალური განვითარების კუთხით;

-ფორმალური განათლების და განმანათლებლების გაძლიერება ადრეული განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რათა ეფექტიანად განვითარდეს მოსწავლეთა საკვანძო კომპეტენციები;

-არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე ყურადღების გამახვილება. არსებული საგანმანათლებლო და მუნიციპალური პლატფორმების, ასევე უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრების გამოყენება, სადაც მოზარდები შეძლებენ პროექტებში მონაწილეობას, უნარების განვითარებას და ჩაერთვებიან აქტივობებში პირადი და ჯგუფური განვითარებისთვის;

-ხელმისაწვდომი ციფრული პლატფორმის შემუშავება და დისტანციური თვითსწავლის მიზნებისთვის;

-მრავალფეროვანი სასწავლო და განვითარების შესაძლებლობების შექმნა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის, რათა გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნა;

-კარიერული განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა;

-ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ცოდნის გაზიარების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და გაძლიერება, რომლებიც მიმართული იქნება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასა და ოჯახებზე.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ვინ, რომელი უწყება/უწყებებია UNICEF-ის რეკომენდაციების მთავარი ადრესატი და რას გააკეთებს გაეროს ბავშვთა ფონდი იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგას უკვე იდენტიფიცირებული გამოწვევების დასაძლევად და რეკომენდაციების შესასრულებლად.

UNICEF-ის განათლების სპეციალისტი, ნათია ჯოხაძე გვიხსნის, რომ რეკომენდაციები, პირველ რიგში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიემართება.
მისი განმარტებით, ყველაზე დიდი დაფარვა და წვდომა ახალგაზრდებთან აქვს განათლების სისტემას. საუბარია ადრეულ, სასკოლო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებაზე. ამიტომ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, ფორმალური განათლების კუთხით, არის განათლების სამინისტრო, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, განმანათლებლები – მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ. ანუ ერთი მსხვილი მიმართულება არის განათლების ეკოსისტემა და მეორე არის არაფორმალური განათლების მიმართულება, რომელიც შეიძლება, იყოს ადგილობრივი ხელისუფლება.

„მათ აქვთ ახალგაზრდული საბჭოები, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაც ახალგაზრდების არაფორმალური განათლებაა. ჩვენი რეკომენდაციების ადრესატი ასევე არის კერძო სექტორი, რომელსაც სჭირდება კადრები და ახალგაზრდებიც მზად არიან, რომ იქ დასაქმდნენ. ადრესატები არიან ასევე მშობლები და დარგში მომუშავე პროფესიონალები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, შეიძლება, სკოლას არ ჰყავდეს ფსიქოლოგი, მაგრამ რა გვაქვს ჩვენ მოსწავლეების მენტალური ჯანმრთელობისთვის გაკეთებული?! ვიცით, რომ მანდატურის სამსახური მუშაობს და არის სერვისები, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რამდენად ხელმისაწვდომია, რამდენად ხარისხიანია, რა შეიძლება დავამატოთ. ანუ, ჩვენ – პროფესიონალები, პასუხისმგებელი მოქალაქეებიც ვართ ადრესატები ამ რეკომენდაციების. UNICEF-ის მიზანია, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ, ბავშვთან მივიდეს”, – ამბობს ნათია ჯოხაძე.

როგორც 15 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის გასაჯაროებული მიგნებები ზოგად ტენდენციებს აჩვენებს, შემოდგომაზე კი მას სრულად გამოაქვეყნებენ და ყველა პარტნიორს მიეწოდება.

„ვართ ღია და მზად, რომ მათთან ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ. ყოველთვის მარტივია პასუხი კითხვაზე, „რა გვინდა“? – ბედნიერი ახალგაზრდობა; „როგორ მივაღწიოთ ამას“ – ამაზე ცოტა მეტია სამუშაო“, – ამბობენ UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

ასევე იხილეთ:

„რას გვასწავლის PISA-ს უახლესი შედეგები?“ – 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰონდეს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური