„რას გვასწავლის PISA-ს უახლესი შედეგები?“ – 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰონდეს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA – 2022) უახლესი კვლევის საქართველოს შედეგების, შესახებ, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, სპეციალური ანალიზი მოამზადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), სადაც მიმოხილულია 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებაზე.
მიმოხილვის ავტორთა შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგებში გაუარესებული შედეგები გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ 2012-2018 წლებში საატესტატო გამოცდებში საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდებოდა. გაუარესებული შედეგების პასუხად კი 2020 წლიდან საერთოდ გაუქმდა საატესტატო გამოცდები, მისაღებ გამოცდებზე კი მოიხსნა ზოგადი უნარების გამოცდა, “რასაც დადებითი გავლენა ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელზე”.
“სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი PISA-ს შეფასებაა, რაც წარმოადგენს OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამას, რომელიც 15 წლის მოზარდებში ზომავს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნას და უნარებს. 2022 წლის შეფასებაში 81 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველომ 65-ე ადგილი დაიკავა. 2018 წელს, ამავე რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილს იკავებდა, თუმცა, რეიტინგში დაწინაურების მიზეზი არა გაუმჯობესებული შედეგები, არამედ სხვა ქვეყნების დაბალი შედეგებია. მათემატიკის კომპონენტში საქართველო 390 ქულით 60-ე ადგილს იკავებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 66-ე, ხოლო წაკითხულის გააზრებაში კი – 67-ე ადგილს. შეფასების მიხედვით, გაუარესებულია შედეგები კითხვის და მათემატიკის კომპონენტებში და მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელს მიღებული შედეგი”, – წერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი დეკემბრის მიწურულს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც ორგანიზაცია წერს, მრავალგვერდიან მიმოხილვაში გამოკვეთილია ის 10 მიზეზი, რაც მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვნად აფერხებს განთლების სისტემის განვითარებას და მათ შორის მესამე ადგილზეა მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მეორეზე სასკოლო ინფრასტრუქტურა, პირველზე კი სიღარიბე.
„რას გვასწავლის PISA-ს შედეგები?“ – 10 მიზეზი
1. სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია სიღარიბე, რის გამოც მოსწავლეებს არ მიუწვდებათ ხელი საგანმანათლებლო მასალებზე, ვერ ერთვებიან შემეცნებით/სპორტულ აქტივობებში. 2023 წლის ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 60%-ზე მეტს აქვს მინიმუმ ერთი მატერიალურ-სოციალური დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისი სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს აქვს (47%). ბავშვების 37.8%-სთვის ოჯახები ვერ უზრუნველყოფენ სამ ან მეტ საჭიროებას, რაც აღემატება ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონეს – 19.6%-ს. აქედან, ბავშვების 23.4%-ს აქვს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი, 5.3%-ს – მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბე და ბავშვების 14.3% ერთდროულად ორივე მდგომარეობაშია.
მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებიდან 10.5%-ია იმის ალბათობა, რომ ფუნქციური სირთულე ჰქონდეთ, მაგ., ჰქონდეთ სწავლის, მხედველობის, ქცევის კონტროლის, მეხსიერების, კონცენტრაციის ან სხვ. სირთულე. ამასთან, ბავშვების მესამედზე მეტი არ იკვებება სკოლაში და მატერიალური მდგომარეობის გამომდინარე. მოსწავლეთა 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა, მაგ., კომპიუტერი, წიგნი, სახატავი მასალა, სხვ.
2. გამართული და ადაპტირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის განათლების მიღება, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე არ შეცვლილა საჯარო სკოლების რაოდენობა და შეადგენს 2,086-ს, მაშინ როცა მოსწავლეთა რაოდენობა ამავე პერიოდში 37,700-ით გაიზარდა. ამასთან, 200-მდე სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი ვერ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივების გამო. მაგ., ნაძალადევის რაიონში 4 სკოლაა დანგრეული, რომელთა მოსწავლეები თბილისის რამდენიმე სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდნენ. სკოლებში მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს სასწავლო პროცესზე, რადგან მოსწავლეთა ნაწილს გაკვეთილები დღის მეორე ნახევარში, მაგ. 16:00-ზე ეწყება.
3. PISA-სა და სხვა საერთაშორისო შეფასებებში მოსწავლეთა დაბალი მოსწრების განმაპირობებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შესაძლებელია განვიხილოთ მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2010 წელს დაიწყო მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი საქართველოში, რომელიც თავდაპირველად ნებაყოფლობითი იყო. სერტიფიცირებამ მასწავლებლებს საშუალება მისცა, სასერტიფიკაციო გამოცდის შემდეგ მიეღოთ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და უფრო მაღალი ანაზღაურება. 2015 წლიდან 2020 წლამდე, მასწავლებელთა 21%-ს სტატუსი არ შეუცვლია და პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა. 2017-2019 წლების მონაცემების მიხედვით, წამყვანი მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ მხოლოდ 2%-ია, რომლებიც დასაქმებულნი არიან არსებული სკოლების მხოლოდ 25%-ში, ხოლო რაც შეეხება უმაღლეს საფეხურს − მენტორს, ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებელი განათლების სისტემაში მხოლოდ 0.4%-ია.
2017-2019 წწ. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასული მასწავლებლების მხოლოდ 1.5%-მა შეძლო ორივე გამოცდაზე 60%-იანი ზღვრის გადალახვა. 2021 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, სკოლებში მომუშავე 58,870 მასწავლებლიდან 49,785-მა მასწავლებელმა გამოცდების და სხვა აქტივობების გზით შეძლო და ნაწილობრივ ან სრულად დაადასტურა საკუთარი კომპეტენცია, თუმცა პედაგოგების მთლიანი რაოდენობის 11.5%-მა (6,780-მა პედაგოგი), საკუთარ საგნობრივ გამოცდაში კომპეტენცია ვერ დაადასტურა. მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კვალიფიკაციის მინიმალური ზღვარი დაბალია საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ დონეზე (70%).
2020 წლიდან უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგ მოდულები, ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა. ADB-ს დაკვირვებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით არ არსებობს სისტემური ცვლილებების გეგმა, იგი ხდება არაორგანიზებულად, გულისხმობს დროებით ინიციატივებზე რეაგირებას. IDFI-ის მიერ ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა და რეგიონულმა შეხვედრამ გამოკვეთა, რომ მასწავლებლებს უწევთ სხვადასხვა ტრენინგის გავლა სახელფასო დანამატის მისაღებად, თუმცა, ტრენინგები არ ითვალისწინებს თითოეული მათგანის საჭიროებებს.
4. განათლების სისტემის ძირეული რეფორმის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, შესაძლოა, იყოს სკოლის პოლიტიზირება/დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი. სხვადასხვა ანგარიშები ცხადყოფს, რომ საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ხშირად არიან ჩართული საარჩევნო პროცესში, ხოლო მათი ბენეფიტები დაკავშირებულია საარჩევნო ციკლთან. (საფეხურის დეტალური მიმოხილვა იხილეთ ქვემოთ მოცემულ სრულ დოკუმენტში. ავტ.)
5. სკოლების დაფინანსებას, რაც უზრუნველყოფს მათი მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვას, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებით დაკომპლექტებას, მნიშვნელოვანი როლი აქვს განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში. განათლების დაფინანსება, როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილი 2018 წლიდან მცირდება და 2022 წელს 14.8% შეადგენდა. განათლების ხარჯები როგორც მშპ-ს წილი ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს – 5.3%- ს.
მასწავლებლის ანაზღაურება – მიუხედავად იმისა, რომ 2015-2022 წლებში, მასწავლებლის სახელფასო დანამატის ზრდის ხარჯზე, განათლებაში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება წლიდან წლამდე იზრდებოდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო (905 ₾) ხელფასი, ისევე როგორც სექტორის მედიანური (747 ₾) ხელფასი ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ მედიანურ ხელფასს (1040 ₾, 2022 წ.), რაც ნიშნავს რომ განათლების სექტორში დასაქმებულთა დიდ ნაწილს დაბალი ანაზღაურება აქვს.
მოსწავლეების დაფინანსება – 2023 წლიდან გაიზარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერები, რომლებიც განისაზღვრება ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით. ვაუჩერის მოცულობა განსხვავდება სკოლების ტიპების (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი, მაღალმთიანირეგიონის), მოსწავლეთა რაოდენობის და კლასების მიხედვით.
მოსწავლეების დაფინანსებისთვის გამოყოფილი ვაუჩერის მოცულობა უფრო მაღალია ქართულენოვანი სკოლების და ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებისთვის.
6. საქართველოს სკოლის მოსწავლეების განათლების არსებული ხარისხი, ცალსახად არსებული სკოლის პროგრამის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. IDFI-ს კვლევებში, სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევებზეა საუბარი. მაგალითად, სახელმძღვანელოების თარგმნის დაბალი ხარისხი, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, არ არსებობს მოსწავლეთა შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც პერიოდულად შეაფასებს მათი სწავლის ხარისხს, პროგრესს. უფრო მეტიც, ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებებით, კიდევ უფრო გართულდა სწავლების შედეგების გაზომვა, მაგ., 2020 წლიდან მოიხსნა საატესტატო გამოცდები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში სკოლას მოსწავლეების 96% ამთავრებს, რაც სამხრეთ კორეის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
7. PISA-ს 2022 წლის შეფასებაში, ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია COVID-19 პანდემია, რამაც გარკვეული გავლენა იქონია სწავლების ხარისხზე, მათ შორის, ქართველი მოსწავლეების შედეგებზე. ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა დისტანციური სწავლების რეჟიმს: მასწავლებლებს და მშობლებს არ ჰქონდათ დისტანციური კლასების მართვის, დასწრებისა და საშინაო დავალების ატვირთვისთვის საჭირო ტექნიკური უნარ-ჩვევები, შინამეურნეობათა 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი, ხოლო 16%-ს ინტერნეტი. სოფლებში შინამეურნეობების წილი, ვისაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ ჰქონდათ 68%-ს და 26%-ს შეადგენდა, შესაბამისად და ქალაქებში იგივე მაჩვენებლები 24% და 9% იყო. ამასთან, TEAMS-ის სასწავლო პროგრამით არ უსარგებლია მასწავლებელთა და მოსწავლეთა 11%-ს.
ამ პერიოდში, COVID-19-ის პანდემიამ კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შეამცირა, უმეტესად საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ, მოსწავლეთა თითქმის 1.4%-მა საერთოდ მიატოვა სკოლა 2019/2020 სასწავლო წელს.
შემოღებულმა შეზღუდვებმა და დისტანციური სწავლის მიმართ გამოუცდელობამ, სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შეფერხების გამომწვევ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ. IDFI-ს მიერ ჯერ კიდევ 2021 წელს განხორციელებული კვლევები, პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე, საკმაოდ დიდ დანაკარგებს პროგნოზირებდა. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები, რომელიც განათლების სექტორზე COVID19-ის უარყოფითი ეფექტის შემსუბუქებას ემსახურებოდა. სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, რაც უზრუნველყოფდა სასწავლო დანაკარგების შემცირებას.
8. მოსწავლეთა დაბალი მოსწრება და შედეგები ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში განათლების სისტემის უმთავრესი გამოწვევაა. საგანგაშოა ქართველ მოსწავლეთა შედეგები, პიზას გარდა, სხვა საერთაშორისო შეფასებებშიც. მაგ., საქართველო არც TIMSS- ის საერთაშორისო შეფასებაში აჩვენებს მაღალ შედეგებს და ჩამორჩება სომხეთის, ყაზახეთის, ლიეტუვას, თურქეთის შედეგებს. მართალია, აღინიშნება საშუალო სკალირებული ქულის ზრდა საგნისა და კლასის მიხედვით (გრაფიკი 1), თუმცა, 2019 წლის შედეგებიც ჩამორჩება საერთაშორისო დონეზე დადგენილ საშუალო სარეიტინგო ქულას (500), ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა და რეგიონის ქვეყნების ქულებს.
საქართველომ 2006 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) შეფასებაში და მას შემდეგ კვლევის 3 ციკლში შეფასდა (2006, 2011 და 2016 წლებში) შედეგებით: 471, 488 და 488. ქართველი მოსწავლეების შედეგები 17 ერთეულით გაუმჯობესდა 2006-დან 2011 წლამდე, თუმცა ცვლილება არ შეინიშნება 2016 წლის მონაცემებში. საქართველოს შედეგები თითოეულ შეფასებაში ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოს (500 ქულას), 2016 წლის მონაცემებით, ქვეყნების რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს, რაც წინა (2011 წლის) შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუარესებული შედეგია.
საერთაშორისო რეიტინგებში გაუარესებული შედეგები გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ 2012-2018 წლებში საატესტატო გამოცდებში საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდებოდა. განსაკუთრებით მძიმე იყო 2016-2018 წლის მონაცემები, როდესაც მოსწავლეების 25%, 27% და 24.5%, შესაბამისად, დარჩა საგამოცდო ზღვარს მიღმა. გამოცდებზე მოსწავლეებს განსაკუთრებით უცხო ენა და მათემატიკა უჭირდათ. 2011-2017 წლებში ორივე საგანში თითქმის ერთნაირად მძიმე შედეგები იყო, 2018 წელს კი, მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობამ გადააჭარბა უცხო ენებში ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობას. გაუარესებული შედეგების პასუხად კი 2020 წლიდან საერთოდ გაუქმდა საატესტატო გამოცდები. ამასთან, 2020 წლიდან, აღარ არის სავალდებულო ზოგადი უნარების გამოცდა, რასაც დადებითი გავლენა ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელზე.
9. სრულფასოვანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის ყველა მოსწავლისათვის. განსაკუთრებით დაბალია მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიურობა განათლების სისტემაში. „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა“-ს მიხედვით, საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა 5.8% პროცენტს აღენიშნება რომელიმე ფორმის ფუნქციური სირთულე, მათ შორის შშმ პირის ოფიციალური სტატუსი კი მხოლოდ ბავშვების 12.6%-ს აქვს. ფუნქციური სირთულეები უფრო ხშირია სასკოლო ვიდრე სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.
საშუალო განათლების მიღების მაჩვენებელი და სწავლების შედეგები ძალიან დაბალია იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას ან უმცირესობების ჯგუფს მიეკუთვნებიან. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით გამოკვეთილია იმიგრანტი ჯგუფების წარმომადგენელი მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა შედეგებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი აქვს საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამაში.
2023/24 სასწავლო წელს სულ 12,801 სსსმ და/ან შშმ მოსწავლეა, რაც არც ისე მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგ., TALIS-ის 2018 წლის გამოკითხვის მიხედვით, ქვედა საბაზისო საფეხურის მასწავლებლების მხოლოდ 4.4%-ს ჰყავს კლასში 10%-ზე მეტი სსსმ მოსწავლე, მაშინ როდესაც OECD-ს ქვეყნებში საშუალოდ 27.4%-ს, ხოლო მაგალითად, ფინეთში – 25.7%-ს აღწევს. თუმცა, სსსმ მოსწავლეთა დაბალი მაჩვენებელს ისიც განაპირობებს, რომ სტატუსის დადგენა სამედიცინო მოდელით ხდება, რომელიც ფუნქციურ სირთულეებს არ ითვალისწინებს.
10. ბავშვების აკადემიურ შედეგებზე მშობლების ჩართულობას სხვადასხვა გავლენა აქვთ და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით არის მშობელი ჩართული, რა ასაკისაა მოსწავლე და როგორ იზომება მოსწავლეთა მიღწევები. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაწყებით კლასებში მშობლების მიერ მოსწავლეებისთვის წიგნების კითხვა, ხოლო უფროს ასაკში მათთან ერთად სოციალური და პოლიტიკური საკითხების განხილვა დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა შედეგებზე. ასევე, დადებითი შედეგები აქვს მშობლების ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში, მაგ., სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებას. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის არარის აუცილებელი მშობელი მუდმივად მონაწილეობდეს საშინაო დავალებების მომზადებაში. მშობლის მიერ სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობა, სახლში სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა შვილისთვის ის მაგალითებია, რითიც მისი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაა შესაძლებელი32. PIRLS-ის შედეგების, მათ შორის საქართველოს მონაცემების, ანალიზიდან ჩანს, რომ რაც მეტად უყვართ მშობლებს კითხვა და მეტად არიან ჩართულნი შვილების წიგნიერებასთან დაკავშირებულ ადრეულ აქტივობებში, მით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ მოსწავლეებს. ეს შედეგი კონსისტენტურია სკოლის ადგილმდებარეობის (ქალაქი/სოფელი) და ტიპის (კერძო/საჯარო) მიხედვით.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან PISA-ს შედეგების გამოქვეყნების პარალელურად სამინისტროს მიერ დაანონსდა ახალი რეფორმა, რომელიც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებასაც ითვალისწინებს, იმედი აქვთ, “დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე”.
იხილეთ მიმოხილვის სრული დოკუმენტი
ასევე იხილეთ:
მოსწავლეები გაცდენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობას ასახელებენ – საქართველოს შედეგი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება