GE

განათლების სამინისტრო: „სახელმძღვანელოების წერა-დამტკიცება დაწყებულია, საგნობრივი სტანდარტები დამტკიცების ეტაპზეა“

EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის გარშემო არსებული გაურკვევლობისა და არაერთ კითხვაზე პასუხების მიღების მიზნით, გივი მიქანაძის უწყებას 14 აპრილს, კონკრეტული წერილობითი კითხვებით მიმართა.

როგორც ცნობილია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სკოლა განახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით.

განათლების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დღეს, 17 აპრილს მოწოდებული პასუხებიდან ვიგებთ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების წერა დაწყებულია, თუმცა განახლებული საგნობრივი სტანდარტები საბოლოოდ დამტკიცებული არ არის:

– დაიწყო თუ არა გრიფირების გაუქმების შემდეგ განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების წერა და რა ეტაპზეა ამჟამად პროცესი?

– სასკოლო სახელმძღვანელოების წერა დაწყებულია და პროცესი დაგეგმილია იმგვარად, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან, გარკვეულ საგნებში მოსწავლეებს დახვდეთ ახალი სახელმძღვანელოები.

– რომელი საფეხურის სახელმძღვანელოები უნდა შეიქმნას პირველ ეტაპზე?

– სახელმძღვანელოების განახლება მიმდინარეობს ყოველი საფეხურის დაწყებისთვის, კერძოდ, პირველი, მე-7 და მე-10 კლასისთვის.

– როდის ექნებათ სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები? თავდაპირველად, მინისტრმა გივი მიქანაძემ 2 წელი დაასახელა სრული ჩანაცვლებისთვის

– ფუნდამენტურ საგნებში სახელმძღვანელოების შეცვლისთვის განსაზღვრულია 2-3-წლიანი პერიოდი.

– საგნობრივი სტანდარტები ყველა საგანში დამტკიცდა? რატომ არ არის საბოლოო დოკუმენტები საჯარო და როდის გამოაქვეყნებთ?

– საგნობრივი სტანდარტების განახლებული ვერსიები დამტკიცების ეტაპზეა.

– ვინ შედიან სახელმძღვანელოების მომზადებისთვის შექმნილ კომისიაში და ჯამში რამდენი ავტორი მუშაობს ახალ სახელმძღვანელოებზე?

– თითოეულ სახელმძღვანელოზე მუშაობენ: ავტორთა ჯგუფი, ფსიქოლოგი, სამეცნიერო რეცენზენტი, დიზაინერები და ილუსტრატორები, პრაქტიკოსი მასწავლებლები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები.

– რომელ საგნებში უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ ან რადიკალურ სიახლეებს და ცვლილებებს?

– ყველა სახელმძღვანელო მუშავდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის საფუძველზე.

– დამამთავრებელი კლასებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოების თემატიკა რა დოზით შეიკუმშება, იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში სავალდებულო სასწავლო წლები შემცირდა?

– სკოლის საშუალო საფეხური გახდება მეტად ინტენსიური, ფოკუსირებული მოსწავლის პროფესიულ არჩევანზე, დაფუძნებული მოსწავლის ინტერესებზე. შესაბამისად, მნიშვნელობა მიენიჭება არსებული მასალის სიღრმისეულ გააზრებას, გადამუშავებას და იმ უნარების განვითარებას, რომელიც აუცილებელია შემდგომ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ან შრომის ბაზარზე გასასვლელად.

P.S. ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება-დამტკიცების პროცესი რომ უკვე დაწყებულია და ამისთვის განათლების სამინისტროს კონკრეტული ვადები აქვს განსაზღვრული, ამაზე ჩანაწერი საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ კანონპროექტშიც („კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“) არის, სადაც ვკითხულობთ:

“კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან პროექტით წარმოდგენილი ინიციატივები მიზანშეწონილია დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში. ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (1353-Vმს-XIმპ; 04/02/2026) საფუძველზე, ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება-დამტკიცების პროცესი უკვე დაწყებულია და აუცილებელია ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ განათლების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ნაწილი საჯარო მოსამსახურე ან საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. სახელმძღვანელოების შექმნისათვის განსაზღვრული ვადების (2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე) გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამართლებრივი საკითხი დროულად იქნეს მოწესრიგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდება, რაც უარყოფითად აისახება ზოგადი განათლების ხარისხზე და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე”.

ამავე თემაზე:

გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“

„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური