„ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1 წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა“ – NAEC-ის ხელმძღვანელის კომენტარი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო წერეთელის განცხადებით, ფიქრობს, რომ რიგ მიმართულებებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა.
ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გამოეხმაურა ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩაბარების შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მაგისტრობის მსურველი, ერთწლიან პროგრამაზე გამოცდას იმ შემთხვევაში ჩააბარებს, თუ მას გრანტის მოპოვების სურვილი ექნება.
„გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საჯარო განხილვების შედეგად.
ის სიახლეები, რაც გაჟღერდა, 3-წლიანი ბაკალავრიატი იქნება ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამაზე და შემდეგ ვნახოთ, რას მოგვიტანს შემდგომი განხილვები. პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ამის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა ამ მიმართულებით განაცხადები გააკეთონ აკრედიტაციის მისაღებად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბიზნეს ადმინისტრირების სამწლიან ბაკალავრიატზე მიღება გამოცხადდება 2025 წელს.
ვადასტურებ, რომ როგორც მინისტრმა განაცხადა, მაგისტრატურაზე გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო უნდა ჩააბაროს“, – თქვა ნინო წერეთელმა 1-ელ მარტს გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის პასუხად.
შეგახსენებთ, რომ უკვე განახლდა წესი, რომელიც განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე”. (ვრცელდება მხოლოდ: ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებზე (180 კრედიტიანი ბაკალავრიატი); (60 კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.).
“ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ. ყველა უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებთ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და აქ არ არის არაფერი სიახლე და პირიქით, ამის არგაკეთება პრაქტიკულად აცდენაში ამყოფებდა ქართულ განათლების სისტემას. პირველი, ჩვენ შევჯერდით, რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა (არსებულ ოთხწლიანთან ერთად), რომლის არსებობაც თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება და მას შეუძლია ორივე პროგრამა განახორციელოს ან ერთ-ერთი. აქ არ იზღუდება არც ოთხწლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის [შემოვიღოთ], თუმცა ამით არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზეც მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.
“რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა, ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რომელსაც ბუნებრივია, თავის გარკვეული შეზღუდვები ექნება – ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც, ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე და მიმდინარეობს ექსპერტებთან მსჯელობა, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომ შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ ჩაბარების მსურველს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს გამოცდებზე გასვლა. ორივე პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას ჩვენ უნივერსიტეტებს მივცემთ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე”, – განმარტა საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება