GE

„მაგისტრატურის არსი საერთოდ იკარგება, სწავლის და დიპლომის ხარისხიც“ – მაგისტრანტი ერთწლიან მაგისტრატურაზე

„ერთწლიანი მაგისტრატურა, თუ დოქტორანტურას ვერ აგრძელებ ამ ერთწლიანის დიპლომით, ენერგიის და ფულის ტყუილად ხარჯვაა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ანანო შალამბერიძე, „მედიის კვლევების“ მაგისტრანტი, რომელსაც ერთწლიან სამაგისტრო პროგრამების შემუშავების თაობაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მოსალოდნელი ცვლილების შეფასება ვთხოვეთ.

მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი გვიხსნის, რომ როგორც წესი, ვინც მაგისტრატურაზე სწავლას აგრძელებს, სწავლობს იმიტომ, რომ „შემდეგ დოქტორანტურაც გააგრძელოს და აკადემიურ სფეროში დარჩეს“. სწორედ ამ მიზნით ჩააბარა თავადაც და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე მაგისტრატურაზე სწავლის არსს ვერ ხედავს.
ანანო ფიქრობს, რომ პროფესიის დასაუფლებლად და მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ერთი წელი საკმარისი არ არის, ვიანიდან ეს დრო ძირითადად საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობას და საგნების სპეციფიკასა თუ მეთოდებში გარკვევას სჭირდება.

„პირადად ჩემთვის „მედიის კვლევების“ პირველი კურსი ერთგვარი მიმოხილვა და დასაწყისი იყო იმისა, რას ვსწავლობ და როგორ. უშუალოდ პრაქტიკული საქმიანობა მეორე კურსიდან იწყება, რაც კონკრეტული მიმართულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მაგისტრანტი.

დღეს არსებული პრინციპის თანახმად, ორწლიანი მაგისტრატურის შემთხვევაში, 120-დან 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომს ეთმობა და კითხვები, დაგეგმილი ცვლილების შესახებ ამ მიმართულებითაც ჩნდება. უფრო ზუსტად კი გაურკვეველია, თუ როგორ განაწილდება კრედიტები ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში.

მაგალითად ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ თუ სამაგისტრო ნაშრომი ამ შემთხვევაშიც 30 კრედიტი იქნება, მაშინ სწავლისთვის ერთი სემესტრი რჩება, რაც, ანანო შალამბერიძის აზრით, ზედმეტად მცირე დროა. ხოლო თუ ეს კომპონენტი საერთოდ გაქრება და ერთწლიანი მაგისტრატურის შემთხვევაში სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სავალდებულო არ იქნება, დარწმუნებულია, რომ ეს ცოდნის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

რა თქვა განათლების მინისტრმა ერთწლიანი მაგისტრატურის შემოღებაზე და რა წერია განახლებულ წესში 180 კრედიტიანი ბაკალავრიატისა და 60 კრედიტიანი მაგისტრატურის შესახებ

გარდა ზემოაღნიშნულისა, ანანო ცოდნის ხარისხის დაწევასთან აკავშირებს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე უგამოცდოდ ჩარიცხვის შესაძლებლობასაც, რომელიც ამავე საკანონმდებლო ცვლილებით უნდა დადგინდეს:

„ორწლიანი მაგისტრატურის შემთხვევაში, გამოცდაზე მიღებული მინიმალური ქულებითაც ხდებიან მაგისტრანტები, გამოცდის გარეშე მიღება კი სწავლის ხარისხს კიდევ უფრო დააგდებს“.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ანანო შალამბერიძე განიხილავს იმ სტუდენტების შემთხვევასაც, რომლებმაც ბაკალავრიატი სხვა მიმართულებაზე დაამთავრეს და მაგისტრატურაზე სულ სხვა რამის სწავლას გეგმავენ და სწორედ მათთვის მიაჩნია განსაკუთრებით არასაკმარისად ერთწლიანი პროგრამა, რადგან ფიქრობს, რომ „ძალიან აირევიან და ვერაფერში გარკვევას ვერ მოასწრებენ“. ეს ყველაფერი კი, მისი აზრით, მარტივად მიღებული მაგისტრის ხარისხის მქონეთა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

„შეიცვლება კონკურენციაც, იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი ადამიანები ჩაირიცხონ, რომლებსაც უბრალოდ დიპლომის აღება სურთ, ამ შემთხვევაში სწავლის ხარისხიც იკარგება და დიპლომის ხარისხიც, საერთოდ მაგისტრატურის არსი იკარგება“, – აცხადებს მაგისტრანტი.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ერთ-ერთი ცვლილება, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უნდა იმუშაოს, ერთწლიანი (60 კრედიტი) სამაგისტრო პროგრამებს შემუშავებას ეხება. ასეთ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს არ მოუწევთ სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება, თუმცა მისი დასრულება არ იქნება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი.

ცნობისთვის, სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრობისას, ამოქმედების ვადების მითითების გარეშე დამტკიცდა.

ამავე თემაზე:

ერთწლიან მაგისტრატურაზე ჩაბარებისას საერთო სამაგისტრო გამოცდისგან გათავისუფლდებით – რა ცვლილებები შევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

მოამზადა თამუნა კირკიტაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური