„ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ფული აიღო“ – როგორ უნდა შევარჩიოთ რეპეტიტორი სწორად, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩეთ
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას EDU.ARIS.GE-მ აღმოაჩინა, რომ აბიტურიენტების მშობლები უკმაყოფილონი იყვნენ თავიანთი შვილების რეპეტიტორებით. მათი თქმით, ტესტირებიდან გამოსული შვილი, თუ არაერთი სხვა აბიტურიენტი მიუთითებდა, რომ კონკრეტული საკითხი ან თემა გამოსაცდელებისთვის რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა, რადგან მასწავლებელთან ისეთ ჭრილში არ ჰქონდათ დამუშავებული, როგორც ეს მისაღებ გამოცდებზე მოსთხოვეს. აღნიშნულმა ფაქტებმა, რიგ შემთხვევებში, მშობლების განაწყენება და შვილების რეპეტიტორებთან დაძაბული საუბარიც კი გამოიწვია.
არსებობს თუ არა გამოსავალი, ან როგორც ამას მშობლები არქმევენ „თავის დაზღვევის შესაძლებლობა“ რომ საბოლოოდ, რეპეტიტორით კმაყოფილი დარჩეს აბიტურიენტიც და მშობელიც?
არავისთვის იქნება ახალი, თუ ვიტყვით, რომ ახალგაზრდების უდიდესი უმრავლესობა (თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა), სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად კერძო მასწავლებლების, ანუ რეპეტიტორების დახმარებას მიმართავს. ყველა აღიარებს, რომ მახინჯი პრაქტიკაა, თუმცა გადაჭრის გზებზე საუბრისას აღიარებენ იმასაც, რომ ამ ინსტიტუტის გაქრობა, რომელიც მოსწავლესა და მის ოჯახს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება, საკმაოდ რთული და კომპლექსური პრობლემაა, რასაც უახლოეს მომავალში ვერ ეშველება.
აბიტურიენტები და მათი მშობლები, სკოლის დასრულებამდე მინიმუმ ერთი, ზოგჯერ კი ორი და სამი წლით ადრეც კი იწყებენ „განთქმული“ რეპეტიტორების ძებნას და ხშირად მთელი ოჯახის ფინანსურ რესურსს ამაში დებენ. არ იშურებენ დროს, ფულს, ენერგიას, ეძებენ საუკეთესოს, ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, აკვირდებიან მათი მოსწავლეების შედეგებს, მოკლედ, ნემსის ყუნწში ძვრებიან, მაგრამ ამდენი ძალისხმევის მიუხედავადაც კი, ხშირად იმედი უცრუვდებათ. იწყებენ მეცადინეობას და რამდენიმე კვირაში, ან თვეში აღმოაჩენენ, რომ პედაგოგის მუშაობის სტილი, ახსნის მეთოდი, მიწოდებული მასალა, გადმოცემის უნარი, პროფესიონალიზმის დონე, მოსწავლეებთან მისი ურთიერთობის მანერა, ან პიროვნული დამოკიდებულებები არ მოსწონთ. ახალი პედაგოგის მოსაძებნად დრო აღარ რჩებათ და თვეების განმავლობაში უწევთ სიარული პედაგოგებთან, რომელთანაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, ან რომლისგანაც იმას ვერ იღებენ, რაც სჭირდებათ.
დღეს რამდენიმე აბიტურიენტის ისტორიას მოგიყვებით, მათ გამოცდილებას გაგიზიარებთ და ვიმედოვნებთ, რომ მათი რჩევები, დაშვებული შეცდომები, ან გამოტანილი დასკვნები თქვენ, აბიტურიენტებს, ამ საკმაოდ რთული და შრომატევადი ეტაპის გავლაში დაგეხმარებათ:
„ბევრი დაზარალდა და რა თქმა უნდა, რეპეტიტორების ბრალია“
სამი რეპეტიტორის ძებნა, სამ სხვადასხვა საგანში, ნინი გასვიანმა თითქმის ორი წლით ადრე დაიწყო. პირველ რიგში მათსა და მოსწავლეებს შორის არსებულ ურთიერთობას აქცევდა ყურადღებას. კვლევა-ძიებამ შედეგიც გამოიღო – ნინი აბიტურიენტობის პერიოდითაც და გამოცდების შედეგებითაც კმაყოფილია.
მისი აზრით, რეპეტიტორმა უნდა მოახერხოს, რომ მოსწავლეებისათვის მოტივაციის წყაროდ იქცეს და კრიტიკით ხალისი არ დააკარგვინოს. გვიყვება მეგობრების მაგალითებს, რომელთაც სამ-სამჯერაც კი მოუწიათ რეპეტიტორის შეცვლა, რადგან მასწავლებლები მათთან სათანადოდ არ იხარჯებოდნენ და ძირითადად სახლში, საკუთარი ძალებით მეცადინეობის იმედად რჩებოდნენ.
„წელს ისტორიაში განსაკუთრებით ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იყო და მაქსიმალური ქულის მაგივრად, ბარიერი ძლივს გადალახეს. ამის მიზეზი გრიფირებული წიგნებია. ბევრმა მასწავლებელმა, მათ შორის ჩემ გარშემოც, ბავშვებს სახელმძღვანელოები არ გაატარა. ამან გამოიწვია ის, რომ გამოცდაზე დახვდათ საკითხები, რაზეც ნამუშევარი არ ჰქონდათ. ბევრმა აღარ გაატარა პროგრამიდან ამოღებულ მასალაც. ეგონათ, რადგან ამოიღეს, არანაირი ფორმით შევიდოდა, თუმცა ბევრი კითხვა ისე იყო დასმული, ეს თემა თუ არ გეცოდინებოდა, გაგიჭირდებოდა. ასეთი შემთხვევები ჩემს გარშემო ბევრი იყო, ბევრი დაზარალდა და რა თქმა უნდა, რეპეტიტორის ბრალია“, – გვიყვება ნინი.
ნინის ახლანდელი აბიტურიენტებისთვის რამდენიმე რჩევაც აქვს. პირველ რიგში, ის ურჩევს რეპეტიტორები საკუთარ სახლებთან ახლოს შეარჩიონ, რათა გზაში დრო დაზოგონ. ასევე, წინა წლების მოსწავლეების გამოცდილებები გამოიკითხონ. მიიჩნევს, რომ მასწავლებელი აბიტურიენტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი უნდა იყოს და თუ ასე არ არის, მასთან გაგრძელება სწავლის არც ღირს.
„ქართულის გამოცდიდან გამოსული ტიროდა – მასალა ვერ ვიცანიო“
როდესაც მარიამ ჩირიკაშვილმა საგამოცდოდ რეპეტიტორების აყვანა გადაწყვიტა, პირველ რიგში, მათი სწავლების მეთოდით დაინტერესდა. გაესაუბრა მათ ყოფილ მოსწავლეებს, გამოიკვლია სახელმძღვანელოები, რომელთაც ისინი იყენებდნენ. გადაწყვეტილებაც ამ ყველაფრის მერე მიიღო.
იგივე გზის გავლას ურჩევს ახლანდელ აბიტურიენტებსაც – ყურადღება, პირველ რიგში, პედაგოგების პროფესიონალიზმსა და სწავლების მეთოდს მიაქციონ. ამავდროულად, ძველ მოსწავლეებთან მოიკითხონ, თუ როგორ დასრულდა მათი აბიტურიენტობა. დააკვირდნენ იყენებს თუ არა პედაგოგი დამატებით რესურსებს.
ცუდი გამოცდილება მასაც მიღებული აქვს, რის გამოც მასწავლებლის და ჩასაბარებელი საგნის შეცვლაც კი მოუწია. მარიამი გვიყვება, რომ თავდაპირველად ქიმიაში მომზადება გადაწყვიტა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ საგანში შედარებით „სუსტი“ იყო და დახმარება სჭირდებოდა. თუმცა, აღმოაჩინა, რომ რეპეტიტორის ახსნილ მასალას ვერ იგებდა და როცა ხელახალ ახსნას სთხოვდა, უარს იღებდა. მოსწავლეებსაც არჩევდა და მათ განსხვავებულად ექცეოდა.
„ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ფული აიღო ჩემგან“, – იხსენებს მარიამი.
საბოლოოდ, მასწავლებლის ასეთი დამოკიდებულებით პედაგოგისა და ჩასაბარებელი საგნის ცვლილებამდე მივიდა. აქვე მან, როგორც საკუთარი, ისე მეგობრების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთგვარი red flag-ები დაგვისახელა, რაც მოსწავლეებისთვის პედაგოგთან ურთიერთობას არაკომფორტულს ხდის.
„მასწავლებლებისგან არასწორი ქცევა ჩემთვის არის ის, რომ: ყოველი თვის ბოლოს მშობელთან არ აქვთ კონტაქტი; მოსწავლეს არ სთხოვენ მასალას და მეცადინეობას ისე, როგორც საჭიროა; მათთვის მთავარია მათთვის ფული და არა ბავშვების სწორ გზაზე დაყენება; მოსწავლეების გარჩევა – თუ ერთი ბავშვი მდიდარი ოჯახიდანაა და მეორე – ღარიბიდან, ორივე ერთნაირად უნდა შეიყვაროს. მშობლებთან ყოველთვიური კონტაქტი და საქმის კურსში ჩაყენება – თუ როგორ სწავლობს მისი შვილი და ღირს თუ არა მისი მომზადება, აუცილებელია. აგრეთვე აუცილებელია ბავშვთან მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ არა ისეთი, რომ ზედმეტად გათამამდეს და სწავლას ყურადღება აღარ მიაქციოს“, – მიიჩნევს მარიამი.
“სხვების რეკომენდაციებს ვენდე”
„რთული პროცესი იყო“, – ასე აღწერს რეპეტიტორების შერჩევის ეტაპს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლების პროგრამის პირველკურსელი კესო კობაიძე, რომელმაც, სხვა თანატოლების მსგავსად, სკოლის ბოლო ორი წელი სამ კერძო მასწავლებელთან სიარულში გაატარა.
„რეპეტიტორის შერჩევისას ჩემთვის მთავარი იყო არა მხოლოდ პროფესიონალიზმი და გამოცდილება არამედ ის, თუ როგორ ეპყრობოდა მოსწავლეს. მინდოდა ადამიანი, რომელსაც ცოდნის გადაცემა მარტივი და გასაგები ენით, მოთმინებითა და ყურადღებით შეეძლო. გავითვალისწინე სწავლების მეთოდები, კომუნიკაციის სტილი და ის, თუ რამდენად შეძლებდა ჩემი ინტერესებისა და მიზნების დაკმაყოფილებას. ფასი და გრაფიკი მეორე პლანზე გადავიდა. მთავარი იყო რეალური შედეგი სწავლაში და სტრესულ პერიოდში კომფორტული ურთიერთობა“, – გვიყვება კესო.
მიუხედავად შერჩევისადმი დაკვირვებული დამოკიდებულებისა, ისტორიის პედაგოგმა იმედები ვერ გაუმართლა. ამბობს, რომ მან ვერ შეძლო საგნით დაეინტერესებინა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი განწყობა სრულიად სხვანაირი ჰქონდა. კესო ელოდა საინტერესო, შთამბეჭდავი ისტორიებით დახუნძლულ კურსს, სავსეს ამბებითა და პერსონაჟებით, მაგრამ მასალა ისეთი ფორმით იქნა მოწოდებული, რომ დამღლელი და მოსაწყენი გამოდგა.
„მასწავლებელი ძალიან ფორმალური და მშრალი იყო. მისი გაკვეთილების სტილი კი – ფოკუსირებული მხოლოდ თარიღებსა და ფაქტებზე. ხანდახან იმის განცდაც მქონდა, რომ გაკვეთილის ჩატარება ეზარებოდა. თავის საქმეს სიამოვნებით არ აკეთებდა და ვფიქრობ. თუ მასწავლებელი არაა განწყობილი, მოსწავლესაც ვერ დააინტერესებს. ამიტომ ისტორია, ჩემთვის, უინტერესო საგნად იქცა. ამან უფრო მეტად დამაფასებინა ის მასწავლებლები, რომლებმაც სხვა საგნები შემაყვარეს და მოლოდინს გადააჭარბეს. სხვების რეკომენდაციებს ვენდე, სამივე მასწავლებელი ასე ავარჩიე, მაგრამ სანამ სწავლების სტრუქტურას ახლოს არ გაიცნობ, მანამდე ვერ გაიგებ რას გთავაზობს პედაგოგი. კარგი იქნებოდა პირველი გაკვეთილი საცდელი რომ იყოს, მიხვდები მოგწონს ესა თუ ის პედაგოგი თუ – არა“ , -ამბობს კესო.
რეპეტიტორის შეცვლა უნდოდა, მაგრამ შეეშინდა, რომ სხვა მასწავლებლისა და ჯგუფის მიერ გავლილ მასალას ვეღარ დაეწეოდა, ან სტილს ვერ შეეგუებოდა და ეს დროს დააკარგვინებდა. საბოლოო ჯამში კი, გამოცდაზე ვერ მიიღო ის შედეგი, რისი სურვილი და მოლოდინიც სწავლის დასაწყისში ჰქონდა.
„გამოცდაზე ისეთი წვრილმანები შემხვდა, რაც ჩემს განვლილ მასალას საერთოდ არ ემთხვეოდა. ნეტავ, ამ გზის თავიდან გავლა შემეძლოს. მასწავლებელს აუცილებლად შევიცვლიდი. სწავლის პროცესს უფრო ყურადღებით დავგეგმავდი, რათა დრო არ დაკარგულიყო იმ არაეფექტურ მეთოდებში, რომელთაც, მაგალითად, ისტორიის მასწავლებელი მთავაზობდა. საკუთარ შედეგებს სხვებისას არ შევადარებდი. ეს დამეხმარებოდა მოტივაციის შენარჩუნებასა და შფოთვის კონტროლში. ამ გზას მეტი თავდაჯერებულობითა და ნაკლები სტრესით გავივლიდი“, – დასძენს კესო.
„არჩევანის უფლება ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს“
დაახლოებით მსგავსი ისტორია აქვს თაკო კუპრეიშვილს, რომელმაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოსახვედრად სამ საგანში კერძო მასწავლებელთან მომზადება გამოცდებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. რეპეტიტორები სკოლის მასწავლებლებისა და მეგობრების რეკომენდაციით შეარჩია. მისთვის მთავარი იყო პედაგოგს მასალის გასაგებად ახსნის უნარი ჰქონოდა. სწავლას შეუდგა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ისტორიაში ვერაფერს იგებდა. როდესაც პედაგოგს ამის შესახებ ეუბნებოდა, მისგან უყურადღებო დამოკიდებულებას გრძნობდა.
თვლის, რომ მასში ნამდვილად არ გაუმართლა. ეძებდა მასწავლებელს, რომელსაც სიღრმისეული ახსნისა და გადმოცემის უნარი ექნებოდა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა რეალობაში, სადაც არც სწავლების ტექნიკა მოსწონდა, არც ახსნის სტილი, მაგრამ ვინაიდან ახალი მასწავლებლის მოსაძებნად დრო აღარ ჰყოფნიდა, ბედს შეეგუა.
„ბოლო შვიდი თვე მხოლოდ ეროვნულების ტესტებს გვაკეთებინებდა. მთელ გაკვეთილებს მაგას უთმობდა – ვწერდით ტესტებს, რომლებიც ინტერნეტშიც დევს და ვასწორებდით. ოღონდ, მხოლოდ პასუხებს გვკარნახობდა. თუ რაიმე არასწორად მექნებოდა, არც ვუბრუნდებოდით, რომ გაგვევლო და გამეგო რატომ იყო არასწორი. უბრალოდ გვეტყოდა – თვალი გადაავლეთ და მორჩა. გარდა მაგისა, მასალა გარბენით გავიარეთ. თითქოს სადღაც გვეჩქარებოდა. ვერაფერს ვიგებდით, ცოდნის განმტკიცებას ვერ ვასწრებდით. ბოლო ორი კვირა გაკვეთილზე ბევრნი ვისხედით და ტესტებს ვწერდით. ერთხელაც, გაკვეთილიდან რომ გამოვედით, საუბარში აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა მარტო მე კი არ მქონდა, არამედ ყველას – ვერავინ ვერაფერს იგებდა, არაფერი გვახსოვდა. ანუ, ისეთი ცოდნა არ მიგვიღია, რაც გაგვყვებოდა.
„ნაწილობრივ ჩემი ბრალიც არის – თავიდანვე უნდა შემემჩნია, მაგრამ იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ დროულად ვერ შევნიშნე. როცა ეს გავიაზრე, 6 თვეღა იყო დარჩენილი და მასწავლებლის შეცვლის შემეშინდა. ვფიქრობდი, რომ ამისთვის უკვე გვიანი იყო. ეროვნულებშიც ისეთი საკითხები მომივიდა, რასაც ჩვენ თითქმის არც კი განვიხილავდით. უბრალოდ წაიკითხეთ, მნიშვნელოვანი არ არისო – გვეუბნებოდა. ბოლოს უკვე მეგონა, რომ ამ საგანში არაფერი ვიცოდი. თუმცა, მაგის ფონზე, კარგი ქულა ავიღე. მოკლედ, მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის, რომ წიგნი დავიჭირო და წავიკითხო, ჩემითაც შემიძლია, მაგრამ მასწავლებელი რომ ხარ და ამაში ფულს იღებ, ახსნის განსხვავებული მიდგომა უნდა გქონდეს “, – გვიყვება თაკო.
ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაიზღვიოს აბიტურიენტმა თავი იმისგან, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს და მთელი წელი ფუჭად არ დახარჯოს, თაკო გვპასუხობს, რომ მომზადების დაწყებამდე აბიტურიენტმა 2-3 საცდელი გაკვეთილი უნდა გაიაროს და საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნდეს.
„ასე რომ მოვქცეულიყავი, სულ სხვანაირ გადაწყვეტილებას მივიღებდი. არჩევანის უფლება ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს. არც თუ ისე პატარა თანხას ვიხდით და კარგი მასწავლებლის პოვნა სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი“, – დასძენს თაკო.
„თავიდან კეთილი და სათნო იყო, მაგრამ მეორე სემესტრიდან…“
როდესაც თეკლას ამბავი მოვისმინეთ, იმდენად იმოქმედა, რომ დაჯერებაც კი გვიჭირდა. აბიტურიენტობის ისედაც დამღლელი და დამთრგუნველი პერიოდი, მისთვის, კონკრეტული რეპეტიტორის გამო, სრულიად აუტანელი და გაუსაძლისი გახდა. როგორც გვიყვება, პედაგოგი არჩევდა მოსწავლეებს – ვიღაცით მუდამ კმაყოფილი იყო, ვიღაცით მუდამ უკმაყოფილო, ვიღაცას აქებდა, ვიღაცას დამამცირებლად აკრიტიკებდა. ამავდროულად, უხეშობდა მასთან, ვინც თვალში არ მოსდიოდა და ხშირად „სცენების გამართვასაც“ არ ერიდებოდა.
თეკლას თქმით, ამ ყველაფერმა მასზე იმდენად იქონია გავლენა, რომ სწავლაზე ფიქრიც ნაცვლად, მასწავლებელთან გამკლავების გზებზე ფიქრი უწევდა. თუმცა, მაინც მოითმინა. ისევ და ისევ იმის შიშით, რომ შუა გზაში სწავლის შეწყვეტის მერე ახალ პედაგოგს ვერ იპოვიდა. მისი თხოვნით, არ ვაკონკრეტებთ საგანს და არც დეტალურად ვწერთ ყველაფერს:
„ნაცნობი დადიოდა მასთან და ძალიან გვიქო. ცოდნის მიღება თუ გინდა, მაქსიმალურად მიიღებო. მეც დიდი იმედებითა და მონდომებით შევედი. თავისი საგნის უბადლო მცოდნე იყო, უბრალოდ ზედმეტი ხმაური და არასაჭირო “ბრძოლა” შემოჰქონდა სწავლის პროცესში. თავიდან კეთილი და სათნო იყო, მაგრამ მეორე სემესტრიდან ფიფქიას დედინაცვლის ნიღაბი მოირგო. თავისებურად ვინც მოეწონებოდა, კარგი იყო, ვინც არა – რაც უნდა გაეკეთებინა – ცუდი. მე ამითვალწუნა. რაც არ უნდა მექნა, არ მოსწონდა და მაკრიტიკებდა. ჩემი თემა მეორე გოგონას რომ წაეკითხა, მოეწონებოდა, მე რომ იგივე წამეკითხა – არა.
„ერთხელ გვიყვირა კიდეც. ვსწავლობდი და სწავლობდნენ ჩემი ნერვები დიდ გოლიათთან გამკლავებას. თუმცა, ბოლოს უკვე გაუსაძლისი იყო. დაძაბული აურა, დამთრგუნველი გარემო… მქონდა მასწავლებლის შეცვლის მცდელობა, მაგრამ შემეშინდა, რომ წლის შუაში კარგს ვეღარავის ვნახავდი. ამიტომ, დავრჩი და მივენდე ბედს. ისევ ისეთი ქცევა განაგრძო და ბოლოს კიდევ უარესი იყო. ნეტა იცოდეთ ახლაც როგორ მეშინია მაგ ქალის. მგონია, რამე რომ ვთქვა, მიპოვის.
„მე ბევრი ვიფიქრე მის ამ საქციელებზე და ვფიქრობ, რომ უბრალოდ ბუნებითაა ასეთი. ზუსტი პასუხი ამ თემაზე, ჩემთვის, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა აღარც გამოძიების სურვილი მაქვს, რადგან იმხელა სტრესი მივიღე, არაფრად აღარ მიღირს. საბედნიეროდ, ქულებით მაინც კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ ეს ჩემი მოთმინების, ნერვებისა და მონდომების დამსახურებაა“, – გვიყვება თეკლა.
„მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ზღვარი გადალახო, მოსაშორებელია!“
ჩვენი შემდეგი რესპონდენტისთვის, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს რეპეტიტორებთან ურთიერთობის, მთავარი წითელი შუქი ისაა, როცა მასწავლებელი მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვაზეა ორიენტირებული. ანუ, როცა თამასა იმდენად დაბალია, რომ პედაგოგს მხოლოდ მოსწავლის უნივერსიტეტში მოხვედრაც კი აკმაყოფილებს. ეს დასკვნა მისი მეგობრების, კლასელების გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანა. თავად რეპეტიტორები იმის მიხედვით შეარჩია, თუ რამდენად მაღალი ქულები ჰქონდათ აღებული მათ ყოფილ მოსწავლეებს, რადგან მხოლოდ ბარიერის გადალახვა მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. შედეგმაც არ დააყოვნა და ნათია ახლა საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტია, 100 %-იანი გრანტით.
„მასწავლებელი რომელიც მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ზღვარი გადალახო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მოსაშორებელია! ბევრი ვიცი ასეთი. ბევრ ბავშვსაც ვურჩიე დროულად გამოეცვალათ რეპეტიტორი. რაკი რეპეტიტორთან მივდივარ, ე.ი. მაღალი ქულა მინდა ის მხოლოდ ბარიერზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. მაგდენს სახლში მეცადინეობითაც შევძლებთ. მთავარია გადალახო – ამ მიდგომით მოტივაციასაც მიკარგავს“, – მიიჩნევს ნათია.
ამ ყველაფრის მერე კი, მისი თქმით, მასწავლებლის ადამიანური თვისებებია მნიშვნელოვანი – რამდენად კეთილგანწყობილია იგი მოსწავლეების მიმართ.
„რეპეტიტორი რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს დაგაკნინოს და სხვას შეგადაროს, უნდა გამოცვალო. ამიტომ საჭიროა, სანამ რეპეტიტორს აიყვან, ყველა დეტალი გაიარო. მე პირადად ნამდვილად გამიმართლა. არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა რომ მასწავლებელს ვინმესთვის შევედარებინე, ან, თუნდაც, დროზე ადრე გავეშვი. პირიქით, თუ იყო შესაძლებლობა, 4 საათიც კი დავუტოვებივარ და ყველაფერი ერთად გაგვივლია. რაც მთავარია, საკუთარი აზრის თამამად და მკაფიოდ დაფიქსირება მასწავლეს, რისიც საკმაოდ დიდხანს მერიდებოდა,“ – გვეუბნება ნათია.
„ხათრის გამო მასწავლებელთან არ დარჩეთ“
ანა ნავროზაშვილიც იმ ახალგაზრდების რიცხვშია, რომელსაც მასწავლებელთან ურთიერთობის მტკივნეული გამოცდილება მიღებული აქვს. ეს მეთერთმეტე კლასში იყო, თუმცა დროის დაკარგვის შიში მასაც აიძულებდა არასასიამოვნო ურთიერთობა გაეგრძელებინა. საბოლოოდ, მასწავლებელი მაინც შეიცვალა და დარწმუნებით ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: „ჯობია, მარტომ გაიაროთ ის რამდენიმე ნაწარმოები, რაც სხვებს უკვე გავლილი აქვთ, ვიდრე მთელი წელი ისეთთან დარჩეთ, ვინც არ მოგწონთ“, – წლევანდელ აბიტურიენტებს ურჩევს იგი.
მოგვიანებით, ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის მასწავლებლები რეკომენდაციების მიხედვით მოძებნა. კმაყოფილიც დარჩა და თსუ-ის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. მისი აზრით, მასწავლებელი არ უნდა იყოს მხოლოდ იმაზე ორიენტირებული, რომ ბავშვს ჩააბარებინოს. სტრესულ მომენტში მათი გვერდში დგომა არანაკლებ მნიშვნელოვანია – მხოლოდ მასწავლებელი კი არა, მეგობარიც უნდა იყოს, თუმცა, მეგობრული დამოკიდებულება იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ მოსწავლეებს სწავლას არ სთხოვდესო – გვეუბნება ის.
„მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვურჩიო, თუკი არ მოსწონთ, მასწავლებელთან ხათრის გამო არ დარჩნენ. იმის გამო, რომ ნათესავია, ოჯახის მეგობარია და ა.შ. ბევრი ასეთი შემთხვევა ვიცი. არ ღირს ისეთ მასწავლებელთან გაჩერება, რომელიც არ მოგწონს. ჯობია მას ეწყინოს, ვიდრე თქვენ დაკარგოთ რაიმე – გრანტზე დაგაკლდეთ ქულები, ან იქ ვერ მოხვდეთ, სადაც გინდოდათ. მოკლედ, ნათესაობისა და მეგობრობის ხათრით მასწავლებლებთან ნუ გაჩერდებით. ამაში საწყენი არაფერია. თუ მიხვდებით, რომ ისეთ მასწავლებელთან არ ხართ, ვისთანაც უნდა იყოთ, სასწრაფოდ შეცვალეთ. ამას, წესით, 2-4 კვირაში უნდა მიხვდეთ.
„ჩემი დაქალი მეზობელთან დადიოდა ქართულზე. არ მოსწონდა, უნდოდა გამოსვლა მაგრამ რადგან მეზობელი და მამის ძმაკაცის ცოლი იყო, მამამისმა ნება არ მისცა. მაგის გამო ვერ მოხვდა იქ, სადაც უნდოდა. ზუსტად ქართულში დააკლდა ქულები, სხვა ყველა საგანში ძალიან კარგი ქულები ჰქონდა“, – გვიყვება ანა.
EDU.ARIS.GE აუცილებლად გაესაუბრება გამოცდილ რეპეტიტორებსაც და იმ პრობლემებზე გიამბობთ, რომლებითაც მოსწავლეები მათთან მომზადებას იწყებენ.
ასევე იხილეთ:
იქნება თუ არა ცვლილებები 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – NAEC-ის ხელმძღვანელის პასუხი
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება