GE

ბუბა კუდავა: „განათლების სამინისტრო ძალადობრივი გზით გვართმევს ინტელექტუალურ საკუთრებას“

გამომცემლების ნაწილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების თემაზე განათლების სამინისტროს უპირისპირდება. მთავარი საკითხი, რომელშიც სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლების ნაწილი განათლების სამინისტროს პოზიციას არ ეთანხმება, ეს არის ტენდერის ჩატარება სახელმძღვანელოებზე, რომელიც „არტანუჯის“ წარმომადგენლის თქმით, იაფი და არახარისხიანი სახელმძღვანელოების გამოვლენაზე იქნება ორიენტირებული. მისი აზრით, ეს განათლების ხარისხს მკვეთრად გააუარესებს.

„სამინისტრო აპირებს, რომ სახელმძღვანელო შეისყიდოს იაფად და ეს იყოს არა სკოლის, არა მასწავლებლის გადაწყვეტილება, არამედ გადაწყვიტოს წიგნის დაბალმა ფასმა. თუ სკოლებისა და მასწავლებლების 90%–ს მოეწონება ხარისხიანი წიგნი, ხოლო 10%–ს ნაკლებხარისხიანი, სკოლაში ამ სახელმძღვანელოს შეტანა შეიძლება გადაწყვიტოს ამ უკანასკნელის დაბალმა ფასმა.

„გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა ძალადობრივი გზით წაართვას ინტელექტუალური საკუთრება გამომცემლებს – ცალკე იყიდოს მისგან შინაარსი დაბალ ფასად და ამაზე შემდეგ გამოაცხადოს ტენდერი. ანუ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება ჩვენ უნდა წაგვართვას და გადასცეს სხვას. მაშინ, როდესაც ასეთი საკუთრების შექმნისა და განკარგვის უფლება არის გამომცემლების ყველგან და ყოველთვის და მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს, მისცემს და გადასცემს თუ არა ბეჭდვის უფლებას სხვას.

“მითხარით, კოკა–კოლას როგორ ყიდულობს განათლების სამინისტრო – ყიდულობს ფხვნილს და მერე აცხადებს ტენდერს ამ ფხვნილის ჩამოსხმაზე და ხან ბორჯომის კომპანია, ხან ნაბეღლავის და ხან საირმეს კომპანია იმარჯვებს? – არა! კოკა–კოლას ყიდულობს უკვე ჩამოსხმულს, იმიტომ, რომ ფხვნილი და ჩამოსხმის უფლება განუყოფელი უფლებაა. ზუსტად ასეა სახელმძღვანელოების შემთხვევაში. მისი შექმნისა და ბეჭდვის უფლება არის განუყოფელი და მე თუ ბეჭდვა გადავეცი სხვას, იქნება ეს განათლების სამინისტრო თუ სხვა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არჩევანით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბუბა კუდავამ და დასძინა, რომ კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაშიც ისინი სამინისტროს არ ეთანხმებიან, უცხოური გამომცემლობებისთვის მათგან განსხვავებული პირობების მინიჭებაში გამოიხატება.

შეგახსენებთ, რომ დღეს განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ სასკოლო წიგნების გამომცემლებთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა.

განათლების სამინისტრომ სასკოლო წიგნების გამომცემლებთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა

სკოლებში 2017–18 სასწავლო წელსაც ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან – „მე და საზოგადოების“ სწავლება გადაიდო

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური