„ჩამოსულიც და ადგილობრივიც ერთნაირ მდგომარეობაშია“ – სად და როგორ სწავლობენ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული მოსწავლეები
საჯარო, კერძო და არაავტორიზებული სკოლები – ეს ის დაწესებულებებია, სადაც, რუსეთიდან ბოლო წლებში ჩამოსული მოსწავლეები საშუალო განათლებას იღებენ. რუსულენოვანი სკოლები და სექტორები არაერთი წელია, ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ ქალაქში. სახელმწიფო კი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის განათლებაში იგივე რესურსს დებს, რასაც საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ საქართველოსკენ მიგრანტების ტალღა არა მხოლოდ საბრძოლო ველად ქცეული უკრაინიდან, არამედ რუსეთიდან და ბელორუსიიდან დაიძრა. რუსეთში შექმნილ ვითარებას გამოქცეული ოჯახები საქართველოში მოკლე და გრძელვადიანი მიზნებით ჩამოვიდნენ და ბუნებრივია, მათი შვილებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების ძებნაც დაიწყეს. ინტერნეტში უხვად მოიპოვება ფორუმები, ჯგუფები, ბლოგები, სადაც რუსი მოქალაქეები ერთმანეთს რჩევებს უზიარებენ და მშობლებს იმ შესაძლებლობებს აცნობენ, რომლით სარგებლობაც მათ საქართველოში შეუძლიათ.
ქვეყანაში სულ 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორია. სკოლებისა და სექტორების უმრავლესობა (80%) საქალაქო დასახლებებშია განლაგებული, ხოლო 20% – სასოფლო დასახლებებში, მათ შორის – მაღალმთიან დასახლებებში. რუსულენოვანი სკოლები და სექტორები რეგიონების მიხედვითაც მთელი საქართველოს მასშტაბითაა განლაგებული და გვხვდება თბილისში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო-სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში.
2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა იყო 14 222, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით – 16 042. რაოდენობა, გასულ წელს, 1820 ბავშვით იყო გაზრდილი. განათლების წინა მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი 2022 წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ 2020-2022 წლებში დამატებითი ავტორიზაცია არცერთ რუსულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. ანუ, რუსულენოვანი სკოლების რაოდენობის ზრდა, ქვეყანაში, საჭირო არ გამხდარა.
ჩამოსულთა რაოდენობის შესახებ მონაცემი, როგორც ირკვევა, მუდმივად იცვლება, რადგან ოჯახების ნაწილი, გარკვეული პერიოდის მერე, ქვეყანას ტოვებს. ამ ინფორმაციას გვაწვდიან სკოლები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ. რა პერიოდითაც არ უნდა რჩებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, სახელმწიფოს საკუთარ თავზე აქვს აღებული ვალდებულება განათლების უფლებით უზრუნველყოს ყველა ბავშვი, რომელიც ქვეყანაში თუნდაც დროებით შემოდის. ამას ბავშვის უფლებათა კონვენცია, 28-ე და 30-ე მუხლებით, მის ყველა მონაწილე სახელმწიფოს ავალდებულებს. კონვენცია ეხება ყველა ბავშვს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.
ვალდებულებაში იგულისხმება სახელმწიფოების მხრიდან მათი განათლების ვაუჩერული დაფინანსებაც (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსწავლე კერძო სკოლას აირჩევს, რადგან სახელმწიფო წლიური ვაუჩერით კერძო სკოლის მოსწავლეებსაც აფინანსებს), სახელმძღვანელოებით მომარაგებაც, თუკი იგი საჯარო სკოლაში ჩაირიცხება და პერსონალური კომპიუტერითაც, თუკი მოსწავლე, ამავდროულად, პირველკლასელია. ანუ, სახელმწიფო თანაბარ პირობებში აყენებს მოსწავლეს იმის მიუხედავად, იგი მისი მოქალაქეა თუ უცხო ქვეყნის.
საჯარო სკოლები
ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში, რომელიც 1954 წლიდან არსებობს, სწავლება ქართულ და რუსულ სექტორებზე მიმდინარეობს. თავდაპირველად, იგი მხოლოდ რუსულენოვანი იყო, ქართულენოვანი სექტორი კი მოგვიანებით დაემატა და კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი მხოლოდ 2020 წელს გამოუშვა. სკოლის დირექტორი, ელისო ირემაძე ამბობს, რომ რუსულენოვანი სექტორი ყოველთვის სრული დატვირთვით მუშაობდა და აქ სწავლობდნენ ეთნიკური რუსები, აზერბაიჯანელები, ბელორუსები და სომხები. მისივე თქმით, ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, როგორც ქართულ, ისე რუსულ სექტორებზე. ახლა სკოლაში სულ 864 ბავშვია და სექტორებზე ბავშვთა რაოდენობა 50/50 ნაწილდება.
ელისო ირემაძე ადასტურებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების მერე რუსულენოვან სექტორზე მიმართვიანობა გაზარდა ეთნიკური რუსების, ბელორუსების, ყაზახებისა და უკრაინელების ხარჯზე.
„რუსეთიდანაც საკმაო რაოდენობით მოდიან, მაგრამ ეტაპობრივად – მოდიან, მიდიან. ვერ ვიტყვი, რომ იმდენი მოვიდა, სკოლა გადაივსო. ომის მერე რუსეთიდან მომართვიანობა რომ გაიზარდა, გვეუბნებოდნენ, რომ იქ გასაძლები ცხოვრება არ არის და ამიტომ მოდიან. თუმცა, მათი ნაწილი მერე აქ ვეღარ დამკვიდრდა და ჯერ ბათუმში წავიდნენ, მერე კი საქართველო საერთოდ დატოვეს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში სკოლის დირექტორი.
რაც შეეხება სკოლაში მოსახვედრად საჭირო ბიუროკრატიულ პროცედურებს, მშობლების/კანონიერი მეურვეების მიერ მოსწავლის საბუთების სკოლაში შეტანის მერე მისი პირადი საქმის აღიარებაა საჭირო, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკეთებს. ელისო ირემაძე ამბობს: „სახელმწიფო ვისზეც გადაწყვეტს, რომ აღიარებს მის განათლებას, ჩვენც ვიღებთ. ამის გარეშე მოსწავლე არ ირიცხება“. თუმცა, აქვე დასძენს: „აღიარება რომ არ მისცენ ბავშვს, ასეთი შემთხვევა არ გვქონია“.
ამ პროცედურით განისაზღვრება ისიც, თუ რომელ კლასში უნდა ჩაჯდეს ბავშვი, თუმცა, ქალბატონი ელისოს თქმით, მოსწავლის უფრო დაბალ კლასში დასმის უფლება, სახელმწიფოს, არც აქვს. ჩვენს კითხვაზე, რა ხდება მაშინ, თუ მოსწავლის მიერ გავლილი საგნები და ცოდნის დონე და დანარჩენი კლასის ზოგადი დონისგან განსხვავებულია. იგი გვპასუხობს, რომ ამ შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება რომელშიც იმ საგნების გავლა მოიაზრება, რაც საქართველოს გარდა არსად ისწავლება (ძირითადად, საქართველოს ისტორია და ჩვენი საქართველო).
რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მოგეხსენებათ, საქართველოში საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება მოქმედებს. ანუ, სახელმწიფოს მიერ თითოეულ მოსწავლეზე გამოყოფილია თანხა, რომელიც მოსწავლეზევეა „მიბმული“. ერთ მოსწავლეზე გათვლილი თანხა სკოლის ტიპის მიხედვით განსხვავებულია. ანუ, იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს სკოლა (ქალაქსა თუ სოფელში, ბარში თუ მაღალმთიან რეგიონში) რამხელაა იგი, რა ოდენობის მოსწავლე სწავლობს და ა.შ. ქუთაისის მე-13 სკოლაში, ვაუჩერული დაფინანსება სტანდარტულია – წლიური 300 ლარი, თითოეულ ბავშვზე. დირექტორი ამბობს, რომ ეს წესი ყველა მოსწავლეზე თანაბრად ვრცელდება:
„ერთნაირ მდგომარეობაშია ჩამოსულიც და ადგილობრივიც. სახელმძღვანელოებიც იგივეა – რომლითაც ქართულ სექტორზე სწავლობენ, მათ რუსულ ენაზეც ვათარგმნინებთ. ერთი და იგივე პროგრამით გადიან. უბრალოდ, რუსულ სექტორზე, დამატებით, პირველი კლასიდან, ქართულს სწავლობენ. მოგვიანებით – საქართველოს ისტორიასაც“, – აღნიშნავს ელისო ირემაძე.
რაც შეეხება ატესტატსა და მის ლეგიტიმაციას, სკოლაში გვეუბნებიან, რომ ატესტატს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები იღებენ, ისეთივე ძალა აქვს, როგორიც საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულს, რომელთაც თორმეტივე კლასი საქართველოში დაასრულეს – „ბევრმა მოსწავლემ, რომელმაც ჩვენთან დაამთავრა სწავლა, ამ ატესტატით ბელორუსიაშიც ჩააბარა, თურქეთშიც, მოსკოვშიც, აზერბაიჯანშიც. პრობლემა არ ჰქონიათ და არანაირი გამოცდა, აღიარება არ დასჭირვებიათ“, – განმარტავს ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი.
კერძო სკოლები
„ახალი ქართული გიმნაზია” კერძო სკოლაა, რომელიც თბილისში, გლდანში მდებარეობს და სწავლება რუსულ და ქართულ სექტორებზე მიმდინარეობს. სკოლა 1999 წელს დაარსდა. თავდაპირველად მხოლოდ რუსულენოვანი სექტორი ფუნქციონირებდა. მოგვიანებით კი ქართულენოვანიც დაემატა. რამდენიმე წელიწადში რუსულენოვან სექტორზე მოთხოვნა იმდენად შემცირდა, რომ მისი დახურვა გახდა საჭირო. 12 წლის წინ კი, მოთხოვნა კვლავ გაჩნდა და სექტორიც ხელახლა გაიხსნა.
რუსულენოვანი მოსწავლეების რაოდენობის ბოლოდროინდელი ზრდა, დირექტორის თქმით, უკრაინაში ომის დაწყებამ განაპირობა. ამბობს, რომ სკოლას მიმართეს როგორც რუსეთიდან, ისე ბელორუსიიდან და უკრაინიდან ჩამოსულმა მოსწავლეებმა. სკოლაში აგრეთვე სწავლობენ ეთნიკური ბერძნები, აზერბაიჯანელები და სომხები. „ახალ ქართული გიმნაზიაში” თითოეულ სექტორზე, დაახლოებით, 200 ბავშვია. სწავლის წლიური საფასური 4 ათას ლარს შეადგენს. ვაუჩერულ დაფინანსებას თითოეულ ბავშვზე, რომელიც საგანმანათლებლო ბაზაში ფიქსირდება, სახელმწიფო აქაც 300 ლარს გასცემს. ეს თანხა, განახლებული სიების მიხედვით, წელიწადში ორჯერ ირიცხება.
სკოლაში უცხოელი მოსწავლის მოხვედრის გზა აქაც საკმაოდ მარტივი და სტანდარტულია: საჭიროა სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადი საქმე, დაბადების მოწმობა და მშობლების პასპორტები. ბავშვს მხოლოდ ზოგადი გასაუბრება უტარდება. მშობელმა ყველა ეს დოკუმენტი, ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დადასტურებული უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც ადმინისტრაციის მიერ დასკვნა მზადდება და აღიარების ცენტრში ბარდება. იქიდან პასუხის მოსვლის შემდეგ ბავშვი სკოლაში უკვე ოფიციალურად ირიცხება.
„ამჟამად, რუსულ სექტორზე, თორმეტივე კლასი ფუნქციონირებს. ზოგიერთ კლასში ადგილი აღარც არის და ახალ მოსწავლეებს ვერ ვიღებთ. რაც შეეხება პროგრამას, ეროვნულ სასწავლო გეგმას მივყვებით და რუსულ სექტორზე იგივე პროგრამით ვასწავლით, რომლითაც ქართულ სექტორზე, იგივე სახელმძღვანელოები ითარგმნება და იგივე საგნებს გადიან. ატესტატსაც, რა თქმა უნდა, იდენტური ლეგიტიმაცია გააჩნია“, – ამბობს სკოლის დირექტორი მარინე არაბული.
არაავტორიზებული რუსული სკოლები
ბოლო წლებში საგრძნობლად მომრავლდნენ არაავტორიზებული რუსული სკოლებიც, რომლებიც ყოფილი მინიტრის მიერ ზემოთხსენებულ სტატისტიკაში არ შედიან. მათ, უმეტესად, რუსეთის მოქალაქეები ხსნიან და ხშირ შემთხვევაში, არა სკოლებად, არამედ საგანმანათლებლო ცენტრებად პოზიციონირებენ. მათ ნაწილში სასწავლო პროცესი რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას ეფუძნება, ნაწილში კი, შეიძლება ითქვას, არასტანდარტული სასწავლო გეგმაა, კონკრეტულად ამ სკოლისთვის ადაპტირებული, სპეციალურად შემუშავებული და მოსწავლეები, დღის განმავლობაში იმით კავდებიან, რაც მოსწონთ და აინტერესებთ. მათ ნაწილში თორმეტივე კლასი ფუნქციონირებს, ნაწილში კი ბავშვების მიღება ასაკობრივად შეზღუდულია. განსხვავებულია მათ მიერ გაცემული სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ძალაც.
იმ ფორუმებსა და ჯგუფებში, რომლებიც დასაწყისში ვახსენეთ, არაერთი ასეთი სკოლის გვერდს შეხვდებით. EDU.ARIS.GE-მ სამ მათგანთან სცადა დაკავშირება, თუმცა, როგორც ჩანს, სკოლების ხელმძღვანელები მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებენ.
მიუხედავად ინტერვიუზე უარისა, ამ სკოლებისა და მათი საქმიანობის შესახებ, მათივე ინტერნეტ გვერდებიდან საკმაო ინფორმაციის მოძიება შევძელით. მაგალითად, იმის შესახებ, რომ სკოლების ნაწილი, სხვა დანარჩენთან, ერთად, რუს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს რუსულ საგანმანათლებლო სისტემასთან, სხვადასხვა ფორმით, „კონტაქტის შენარჩუნებასაც“ სთავაზობს. მათ შორის, ე.წ. „საოჯახო განათლებას“, რაც, ზოგადი განათლების პროგრამის სახლში (ან სხვაგან) შესწავლას გულისხმობს და რაც რუსეთში აპრობირებული მეთოდია. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე სასწავლო კურსს სახლში გადის, თუმცა მიმაგრებულია რომელიმე კონკრეტულ რუსულ სკოლაზე, სადაც, გარკვეული პერიოდულობით, გამოცდებს აბარებს.
ერთ-ერთი ასეთია სკოლა, „პროექტორი“, რომელიც თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარეობს და რომელშიც რუსული და ინგლისურენოვანი სექტორები მოქმედებს. სწავლის საფასური კი, წლიურად, 6,400-8,000 დოლარია. სკოლას თავისი ფეისბუქ გვერდი აქვს, პროფილის ფოტოდ კი პლაკატი აყენია ქართული წარწერით „არა ომს“. დაწესებულება, როგორც ჩანს, საკმაო დატვირთვით მუშაობს და გარდა ძირითადი საგანმანათლებლო კურსისა, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს არაერთ პროგრამას, კლუბს, ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებსა და აქტივობებს სთავაზობს.
„საოჯახო განათლება“ მათ შეთავაზებაშიც არის. სკოლის ვებ-გვერდზე განმარტებულია, რომ ბავშვი ჩაირიცხება მოსკოვის სკოლაში ოჯახური განათლების მისაღებად (თუმცა, რეალურად თბილისში, სახლში ისწავლის-ავტ). მშობელს კი შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს სერტიფიცირების განმახორციელებელი სკოლა, ან გამოიყენოს „პროექტორის“ პარტნიორი სკოლა.
„ამრიგად, საქართველოს ტერიტორიიდან გაუსვლელად, ჩვენი მოსწავლეები იღებენ საბუთებს მოსკოვის სკოლიდან და ამ დოკუმენტებით, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად გადადიან საქართველოს, რუსეთის, უკრაინის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის ნებისმიერ სკოლაში“, – განმარტებულია იქვე.
სკოლა, სულ ახლახან, Cambridge Assessment International Education სისტემის მიერ ოფიციალურად სერტიფიცირებული გახდა.
„ჩვენ გვაქვს Cambridge assessment international education საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც აღიარებულია საქართველოს განათლების სისტემის მიერ. საქართველოში არის ადგილობრივი აკრედიტაცია და ასევე, საერთაშორისო განათლების აღიარებული რამდენიმე სისტემა, რაც ადგილობრივთან გათანაბრებულია. მრავალი ადგილობრივი სკოლა აკრედიტებულია მხოლოდ საერთაშორისო პროგრამით. ამ ატესტატით მოსწავლე შეძლებს ჩაბარებას როგორც ადგილობრივ, ასევე სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში“, – მოგვწერეს სკოლიდან. მათ ვებ გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ ლიცენზია კურსდამთავრებულებს უფლებას აძლევს უნივერსიტეტებში გამოცდების გარეშე ჩააბარონ.
სახელმწიფო ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებს ასევე „School club Georgia“, რომელსაც ორი ფილიალი აქვს – თბილისსა და ბათუმში. მასში ნებისმიერ რუსულენოვან მოსწავლეს შეუძლია ჩარიცხვა და სწავლის ყოველთვიური საფასური 750-800 ლარია. სკოლა 1-7 კლასების მოსწავლეებს იღებს და სთავაზობს სწავლებას რუსულ ენაზე, მოსკოვის სკოლაზე მიმაგრებას (რაშიც იგულისხმება ის, რომ მოსწავლეები რუსული პროგრამით სწავლობენ, ყოველწლიური გამოცდების ჩაბარება მოსკოვის ან პეტერბურგის სკოლებში შეუძლიათ და ატესტატსაც იქაურს მიიღებენ), გაფართოებულ დღის ჯგუფებსა და მრავალფეროვან აქტივობებს.
„Tbilisi Family Classes“ კიდევ ერთი სკოლაა თბილისში, სადაც მხოლოდ 1-4 კლასები ფუნქციონირებს და 5-დან 12 წლამდე ბავშვებს იღებენ. სკოლა მოსწავლეებს „გაკვეთილებისადმი არაკონვენციური მიდგომასა“ და დღის საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით გატარებას სთავაზობს, თუმცა, ამავდროულად, გვატყობინებს, რომ „მიუხედავად არასტანდარტულობისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ საჭირო სასკოლო პროგრამას: ჩვენი პატარები ღირსეულად აბარებენ საატესტატო გამოცდებს“. სკოლის პედაგოგების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან და ბელორუსიიდან ომის შემდგომ პერიოდშია ჩამოსული. იმაზე საუბრისგან კი, თუ რა ღირს იქ სწავლა და რას ასწავლიან, ბავშვებს, უფრო კონკრეტულად, თავი შეიკავეს.
„მთავრობის მიზანი უნდა იყოს, რომ არც ერთი ბავშვი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, არ დარჩეს განათლების სისტემის მიღმა“
ის რომ, რუსეთიდან ჩამოსული მოსწავლეები, საქართველოში ყველა იმ უფლებით სარგებლობენ, რომლითაც ადგილობრივი ბავშვები, განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიასთვის სრულიად გასაგებია. მისი თქმით, განათლება, გლობალურად, ბავშვის უფლებაა და სწორია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ნებისმიერი ბავშვის განათლების უფლებაზე ზრუნავს. ამბობს, რომ ეს პრინციპი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაცულია, სადაც განათლების უფლება აღიარებულია. ზოგ ქვეყანაში კი იმაზე უკეთაც, ვიდრე საქართველოში. მაგალითად კი ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავს, სადაც სკოლა ვალდებულია, პირველივე დღეს მიიღოს ბავშვი, მაშინაც კი, თუ იგი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, ან საჭირო დოკუმენტაცია არ გააჩნია.
„მთავრობის მიზანი უნდა იყოს, რომ არც ერთ ბავშვი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, არ დარჩეს განათლების სისტემის მიღმა“, – ამბობს ჯანაშია.
განათლების მკვლევარის თქმით, საქართველო აფინანსებს რუსეთის მოქალაქე ბავშვების განათლებას და ამის გამო რუსეთიც აფინანსებს, იქ, საქართველოს მოქალაქეების განათლებას. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი საქართველოსთვის ოკუპანტი ქვეყანაა, მისი თქმით, ცხადია, რომ ეს, ასეთი პროცესის მიმართ, დამოკიდებულებას განსაზღვრავს.
„შეიძლება თუ არა, რომ ჩვენ მტერი სახელმწიფოს მოქალაქე ბავშვების უფლებები დავიცვათ? რა თქმა უნდა. შეიძლება კი არადა, ვალდებულებიც ვართ, რადგან ის ბავშვი არაა მტერი, სახელმწიფოა მტერი და არც მოქალაქეობაა სამუდამო. ორი წლის მერე რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, ბავშვს კი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა, იმ წლებს ვეღარ დაიბრუნებს. ასე რომ, მისი, როგორც ადამიანის უფლებები დაირღვევა. ამიტომ, როგორც სახელმწიფოს და როგორც საზოგადოებას უფლება არ გვაქვს, ამაზე უარი ვთქვათ“, – დასძენს იგი.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის პრაგმატული მხარეც არსებობს. კერძოდ ის, რომ თუკი ამ უფლებებს არ დავიცავთ, მაშინ მშობლები ალტერნატიული გზების პოვნას შეეცდებიან. არაფორმალური პარალელური გზების შექმნა კი, მისი აზრით, კიდევ უფრო საზიანოა, რადგან იგი სახელმწიფოს მიღმა იარსებებს და ამ ადამიანების ინტეგრირებას ხელს შეუშლის. ანუ, თუ საქართველოში გარკვეული ჯგუფები რუსული სკოლების ანალოგს შექმნიან, რუსული საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვა და ამით რუსული პროპაგანდის გავრცელების მნიშვნელოვანი მექანიზმი გაჩნდება. ამიტომ მიაჩნია, რომ ამ ბავშვების საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შეყვანას უნდა შეეწყოს ხელი, რათა შედარებით თავისუფალ ადამიანებად აღიზარდონ.
სპეციალისტი ამბობს იმასაც, რომ საქართველოში არაფორმალური განათლება არაა რეგულირებული, თუ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას არ ემსახურება. ამას კი უკვე განათლების კანონმდებლობა არ არეგულირებს. ჯანაშიას თქმით, სახელმწიფოს შეუძლია, რუსული სკოლების წინააღმდეგ იმოქმედოს, თუ ფიქრობს, რომ ისინი პროპაგანდას ავრცელებენ, ისე, როგორც სხვა ნებისმიერი დაწესებულების წინააღმდეგ რომელიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა.
„ამისთვის ფორმალური და არაფორმალური გზები არსებობს, თუნდაც ფინანსური კონტროლის მექანიზმები. რუსეთი საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად კვების სტანდარტების მოშველიებასაც კი ახერხებს. როცა სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, ბევრი ბერკეტიც გააჩნია იმისთვის, რომ მისთვის არასასურველ მხარესთან ურთიერთობა შეზღუდოს. ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკას რაც შეეხება, სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ ეს საკითხი აინტერესებდეს“, – დასძენს ჯანაშია.
ავტორიზებული რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობამ, საქართველოში, 2009 წლიდან კლება დაიწყო. 2014 წლის მერე კი სურათი უმნიშვნელოდ იცვლებოდა. რაც შეეხება არაავტორიზებული სკოლების, გნებავთ საგანმანათლებლო ცენტრების რაოდენობას, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი (არსებობის შემთხვევაში) საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ასევე იხილეთ:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება