„ჩვენ ვახორციელებთ ისტორიული ტიპის რეფორმას ზოგად და უმაღლეს განათლებაში“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმას ისტორიულს უწოდებს. ზვიად გაბისონიამ ამ საკითხზე დღეს, 17 მარტს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
სხდომაზე, სასკოლო ასაკში საგამონაკლისო წესთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ უნდა განხორციელდეს, დაჩქარებული წესით განიხილეს. გარდამავალ დებულებას კი საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რასაც საკითხზე მომხსენებელმა, ზვიად გაბისონიამ ასე უპასუხა:
„ძალიან გულწრფელად ვიტყვი – თქვენ იცით, რომ ჩვენ ვახორციელებთ ისტორიული ტიპის რეფორმას. ეს გულისხმობს არა მარტო ზოგადი განათლების ნაწილს, არამედ უმაღლესი განათლების ნაწილს. ჩვენ ამით, გულწრფელად გეტყვით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ძალიან ვამაყობთ. ჩვენ, აღმასრულებელ ხელისუფლებას, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია როგორც ერთმანეთში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. ვადასტურებთ იმას, რომ კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გვქონდა. ასევე, ჩვენ პრაქტიკულად მოვიარეთ მთელი საქართველო და გვქონდა საშუალება, მშობლებს შევხვედროდით. არ დაგიმალავთ და ასეთი ტიპის დრამატიზება, მე მგონი, საჭირო არ არის იმიტომ, რომ მშობლების ნაწილი საერთოდ არ აპირებს წელს ბავშვების სკოლაში წაყვანას – ვგულისხმობთ გარდამავალ პერიოდს. ეს არის ნებაყოფლობითი და არ არის სავალდებულო პრინციპი“.
განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში ამა თუ იმ ტიპის კომპრომისის დაშვება სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება.
„რეფორმის ფარგლებში, არსებობს გარკვეული ტიპის ნეგატიური ინფორმაციაც, ნეგატიური დამოკიდებულებაც, პოზიტიური დამოკიდებულებაც. გარწმუნებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ ყოველთვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გენერალური ხაზი გატარებული. თქვენ იცით, რომ ანალოგიური ტიპის კომპრომისებს ყოველთვის ვუშვებთ, მათ შორის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. მთავარი გახლავთ, რომ გენერალური ხაზი, რომელიც გვაქვს როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, იყოს გატარებული. შესაბამისად, ის დეტალები, რა დეტალებშიც შესაძლებელია გარკვეული ტიპის კომპრომისი, ისე, რომ როგორც ბავშვების, ასევე მშობლების საუკეთესო ინტერესები იყოს გათვალისწინებული, აქ ჩვენ ცუდს არაფერს არ ვხედავთ“, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.
ასევე იხილეთ:
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
-
პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის ახალი კოდექსი დამტკიცდა – ვალდებულებები და დისციპლინური სახდელი
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ და რა ნივთებით ვითამაშოთ მათემატიკის გაკვეთილზე – თამაშით სწავლების უპირატესობები დაწყებით საფეხურზე
by განათლებული ბლოგი
-
დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება