GE

„ჩვენ ზედმეტ სიფრთხილეს ვიჩენთ განათლების სისტემისა და ეკლესიის თანამშრომლობასთან და კონსულტაციებთან დაკავშირებით“

„ტრადიციულ რელიგიებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია, ხელს შეუწყობს ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას“,– აღნიშნული განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშმა EDU.ARIS.GE-სთან სკოლებში რელიგიის ისტორიის არჩევით საგნად შეტანასთან დაკავშირებით გააკეთა. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საზოგადოებასთან აქტუალურ თემებზე საუბრების ფარგლებში, პატრიარქის კურთხევით, დღეს მორიგი შეხვედრა იმართება, რომელსაც განათლების სამინისტროს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე განსახილველი თემა კი სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლებაა.

„ვფიქრობ, არასავალდებულო, არამედ არჩევით საგნებში რელიგიის ისტორიის სწავლება, თუმცა არა მხოლოდ სახელმწიფოში დომინანტური რელიგიის, არამედ ყველა კონფენსიის მიმართებით ძირითადი ცნობიერების შეტანა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ცალკე საგნად იქნება განხილული თუ რომელიმე საგანში შემავალ კომპონენტად, ეს განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ, როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის, ასევე კონკრეტულად საქართველოში მცხოვრები სხდადასხვა ეროვნული უმცირესობებისა და აღმსარებლობის მქონე ადამიანთა რელიგიის შესახებ.

„სწორი ინფორმაცია ტრადიციულ რელიგიებთან დაკავშირებით, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას, არამედ იმ არასწორი დამოკიდებულებების აღმოფხვრას, რომელიც დღეს მსოფლიოში გვხვდება, თუნდაც ისლამის რადიკალური მიმართულებების თვალსაზრისით“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

მისივე თქმით, განათლების სისტემებისა და ეკლესიის თანამშრომლობაში ზედმეტი სიფრთხილეა.

„ხშირად, ჩვენს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ეკლესიისა და განათლების სისტემის თანამშრომლობაზე. ნებისმიერი ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ პირველი საგანმანათლებლო–სამეცნიერო ცენტრები სწორედ ეკლესიის წიაღში აღმოცენდა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც საქართველოს თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მით უმეტეს ჩვენს კონტექსტში.

„ვფიქრობ, ჩვენ ზედმეტ სიფრთხილეს ვიჩენთ განათლების სისტემისა და ეკლესიის თანშრომლობასთან და კონსულტაციებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მიმდინარე კონსულტაცია არ ნიშნავს, რომ ეკლესია სწავლების პროცესში ან გადაწყვეტილების მიღებაში უნდა ჩაერიოს. აქ საუბარია ახალგაზრდებისთვის ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც რელიგიის ისტორია და თეოლოგიის  ძირითადი პრინციპებია. მოსწავლეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის უნდა გავიაროთ კონსულტაციები შესაბამის სასულიერი პირებთან, როგორც მართლმადიდებლურ, ისე ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

მინისტრი: „რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს“

ინსტიტუციური მეხსიერება (რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზეც) უნდა არსებობდეს

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური