GE

ცოტა რამ „ცნობილი ხუთეულის“ შესახებ – მასწავლებელი მოსწავლეებს წიგნზე ესაუბრება

ავტორი: ნათია ჭუმბურიძე, დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

ძალიან მიყვარს სათავგადასავლო ლიტერატურა. განსაკუთრებით კი, საბავშვო სათავგადასავლო ისტორიები. პეპის სახალისო თავგადასავალი დღემდე გამორჩეულ ემოციას იწვევს და ბავშვობის დღეებს მახსენებს, როცა გრძელი წინდას მსგავსად, დავეძებდი ხეებში ფუღუროებს, საოცარი საგანძურის აღმოჩენის მოლოდინით.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… უამრავი საინტერესო პერსონაჟის ისტორიას გავეცანი, თუმცა, წლევანდელმა თავგადასავალმა, კვლავ წარსულში დამაბრუნა და საოცარი გრძნობებით, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეცნო ცნობილი ხუთეული: ჯულიენი, დიკი, საყვარელი გოგონა ენი, ჯორჯი (მისი ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ვერ იტანს, როცა ასე მიმართავენ და მეც ჯორჯს ვეძახი), და გაბურძგნული, ჭკვიანი ძაღლი – ტიმი.

ცნობილი ხუთეულის პირველი ისტორია კირინის კუნძულს უკავშირდება, რომელიც ჯორჯის საკუთრებაა და იქამდე მისასვლელი გზაც, მხოლოდ მან იცის. კუნძულს დიდი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ძალიან კარგი სანახავია მისი პატარა კლდოვანი სანაპირო, ვიწრო ყურე, სადაც ბავშვები ნავს აჩერებენ, ძველისძველი ციხესიმაგრე და აქეთ-იქით მოხტუნავე კურდღლები. ვის არ მოეწონება კირინის კუნძულზე ყოფნა? – მით უფრო თუ, ქარიშხალმა, სანაპიროზე უზარმაზარი ჩაძირული გემი გამორიყა…

განსაკუთრებით მომეწონა წიგნის ის ნაწილი, სადაც უშიშარი ხუთეული ექსკურსიას მართავს ძველი, ჩაძირული გემის სიღრმეში. ბავშვები გაფაციცებით ეძებდნენ ზანდუკებს, რომლებშიც შეიძლებოდა ოქროს ზოდები ყოფილიყო დამალული… თავგადასავალი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი…

ხო მართლა, ეს საინტერესო ისტორია ენიდ ბლაიტონმა, მსოფლიოში პოპულარულმა საბავშვო მწერალმა დაწერა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულ ენაზე. თურმე, მას ძალიან უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა, ისევე როგორც მე. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ, რასაც საინტერესოდ გადმოსცემს იმ 600-ზე მეტ წიგნში, რომელიც ბავშვებისათვის დაწერა.

ცნობილი ხუთეულის მოგზაურობა კირინის კუნძულზე (საიდუმლოდ გეტყვით, რომ ის განძის კუნძულიც არის, რომლის შესახებ არავინ არ იცი…) არ სრულდება. ბავშვები და ტიმი საშობაოდ მასწავლებელს – მისტერ როლანდს გაიცნობენ, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ძაღლები… უფრო მეტიც, საიდუმლო განზრახვა აქვს, რომელსაც ცნობილი ხუთეული გამოააშკარავებს და იდუმალებით მოცული, ძველისძველი რუკის დახმარებით, კიდევ ერთ დანაშაულს გამოიძიებენ.
როდესაც „ცნობილი ხუთეულის“ პირველი და მეორე სერია წავიკითხე, ვიფიქრე, ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ შევცდი. სერიის მესამე წიგნი უამრავი მოულოდნელობით, საიდუმლოთი და ხიფათითაა სავსე. ძალიან ვიდარდე ჯორჯის დედის ავადმყოფობის გამო… სტიკების თავხედობამ გამაოცა… ძალიან მინდოდა გატაცებული გოგონა, საბრალო ჯენიფერი მშობლებთან მალე დაებრუნებინათ…

სერიის შემდეგი წიგნებია: „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“, „მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ“, „მოჩვენება მატარებლის საიდუმლო“, „ხუთეული და პატარა მაწანწალა“, „ხუთეული და იდუმალი ტბა“… მხოლოდ წიგნის სათაურიც საკმარისია, გადაეშვა თავგადასავლების ოკეანეში და იმოგზაურო ჯადოსნურ სამყაროში უშიშარ, კეთილ, საინტერესო პერსონაჟებთან ერთად.

ცნობილი ხუთეულის თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს! სერიის ბოლო, მეთერთმეტე წიგნი, რომელიც ქართულადაა თარგმნილი ხუთეულის ახალ ისტორიას გვაცნობს. ამჯერად ბავშვები დასასვენებლად მიემგზავრებიან და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებენ. უეცრად, კოშკის ფანჯარაში სასოწარკვეთილ სახეს შენიშნავენ და სწორედ მაშინ იწყება ახალი თავგადასავალი, რომელშიც ცირკის მსახიობები, პითონი, სახელად „ლამაზო“ და ბოშა გოგონა ჯოც ერთვებიან. თუ გაინტერესებს ვინ იმალება ციხესიმაგრის საიდუმლო ოთახში, არის თუ არა საგანძური კირინის კუნძულზე, რატომ გარბიან ბავშვები სახლიდან, რა იპოვეს გამოქვაბულში, გადაუჩება თუ არა ტიმი თოვლში გაყინვას, სად არის ფერმისკენ მიმავალი საიდუმლო გზის დასაწყისი … და კიდევ უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხი, გირჩევ წაიკითხო ცნობილი ხუთეულის 11 წიგნი. მეთორმეტეს კი მეც ველოდები… იმედი მაქვს მალე ითარგმნება და ახალი თავგადასავალიც ისეთივე მომხიბვლელი იქნება, როგორიც წინა 11 არდადეგები.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე მოსაზრება კრიტიკული აზროვნების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური