GE

დაუვიწყარი სასკოლო თემა – „როგორ გავატარე არდადეგები“, ანუ არდადეგები ქართულად

სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები გრძელდება. რთულად მოიძებნება ბავშვი, რომელსაც სკოლაში თემა „როგორ გავატარე არდადეგები“ არ დაუწერია. ჩვენ, ე.წ. 90-იანების ბავშვების უმრავლესობას როგორც ყოფა, არდადეგებიც თითქმის ერთნაირი გვქონდა. ვერც დასასვენებელი ადგილების მრავალფეროვნებით ვიწონებდით თავს და ვერც განსაკუთრებული თავგადასავლებით.

დრო შეიცვალა, შეიცვალა ბავშვებისა და მშობლების ინტერესები, შესაბამისად მასწავლებლების მოთხოვნებიც საკუთარი მოსწავლეების მიმართ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ კი უფრო მეტი ზეგავლენა მოახდინა  დღევანდელი ბავშვების დასვენების ფორმასა და შინაარსზეც. როგორც მათ ცხოვრებაში, ასევე არდადეგებზეც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ძალიან ბევრ ბავშვს აქტიურ დასვენებას ურჩევნია ეკრანის წინ მოიკალათოს და დაუსრულებლად უყუროს ფილმებს, ვიდეოებს და არდადეგები სოციალურ ქსელში გაატაროს.

„არ ღირს მთელი დღეების მონიტორთან ან საწოლში გატარება. არდადეგების მთავარი სარგებელი ის ახალი შთაბეჭდილება და გამოცდილებაა, რომლის შეძენასაც ბავშვი დატვირთული სასწავლო გრაფიკის პირობებში ვერ ახერხებს“, – ამბობს ფსიქოლოგი ლელა ტყეშლაშვილ არდადეგების თემაზე საუბრისას.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა სინამდვილეში როგორ ატარებენ არდადეგებს საქართველოში ბავშვები და მასწავლებლები,  როგორ გეგმავენ და რა დროს უთმობენ ამ პერიოდში განათლებას?!

ოთხი წლის დათო სუთიძე ბაღში დადის და თავის არდადეგებს მოუთმენლად ელოდება. მოახლოებულ ახალ წლამდე დღეების დათვლას თითებზე ცდილობს. ახალი წელიც კი უხარია, მაგრამ უფრო ის, რომ ორ კვირას სახლში გაატარებს. რას გააკეთებს არდადეგებზე? ჯერ თოვლის პაპას თბილისში დაელოდება, „დამსახურებული“ საჩუქრის მიღების შემდეგ კი თავის ოჯახთან ერთად სოფელს მიაშურებს. აი იქ კი მისი ღრმა რწმენით იქნება თოვლი, ბევრს იცელქებს და ირბენს.

რადგან საუბარი ბაღებით დავიწყეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბაღის მასწავლებლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავის აღსაზრდელებზე მეტადაც კი უხარიათ არდადეგების მოსვლა. სკოლამდელ ბავშვებთან მუშაობა ხომ ყველაზე რთული და შრომატევადი პროცესია.

ეკა ყიფშიძე, 31- საჯარო ბაღის აღმზრდელი:

„გადმოვიღებ ჩემოდანს, შევკრავ ბარგს, მთის, ბარის თუ ზღვის ტანსაცმელს ერთად ჩავალაგებ და სახლშიც კი არ შევიხედავ. წინასწარ არასდროს არ ვიცი სად და რამდენი ხნით წავალ ხოლმე. არდადეგები ჩემი საყვარელი დროა. მართალია, ამ მხრივ უპირატესობას ზაფხულის არდადეგებს ვანიჭებ, მაგრამ დასვენება წლის ყველა სეზონზე სჭირდება ადამიანს. ბავშვებთან მუშაობა, ძალიან ბევრ შრომას და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდები კვლავ მათთან შეხვედრას. არდადეგების პერიოდში ეს მოლოდინიც ძალიან სასიამოვნოა ხოლმე.

სკოლის მოსწავლეებს უკვე სახვა პასუხისმგებლობები აკისრიათ და ეს მათ არდადეგებზეც ახდენს გავლენას.

ელენე 7 წლის: მე პირველ კლასში ვარ და წელს პირველად მექნება სასკოლო არდადეგები. სწავლა მიყვარს, კლასელებიც მომენატრება და სკოლაც, მაგრამ არდადეგები რომ მოდის ძალიან მიხარია. ჯერ არ ვიცი რას გავაკეთებ, მაგრამ დასასვენებლად წავალ ჩემს სოფელში, სკოლაში მასწავლებელმა გვითხრა, რომ  დავალებებსაც მოგვცემს, ხშირად წავიკითხავ, რომ რაც ვისწავლე არ დამავიწყდეს და არდადეგების მერე ისევ კარგად ვისწავლო.

8  წლის ნია ბათუმიდან თბილისში აპირებს გამგზავრებას და სასკოლო არდადეგების იქ გატარებას. დედაქალაქში მას ბიძაშვილები ელოდებიან. დაგეგმილი აქვს საახალწლო ნაძვის ხის ნახვა და ბევრი გართობა, თუმცა მის მასწავლებელს არ დავიწყებია, ნიასთვის ეთხოვა, რომ  რაც შეიძლება მეტი საინტერესო ამბავი მოაგროვოს დედაქალაქზე და დაბრუნებულმა კლასელებსაც გაუზიაროს.

9 წლის ლუკა და 5 წლის ლილე არდადეგებზე ბაკურიანს ესტუმრებიან. ლუკას თოვლი და სრიალი ძალიან უყვარს, ამიტომ მისი საოცნებო არდადეგებიც ასე წარმოუდგენია, რა თქმა უნდა, სკოლაში დაბრუნებული, შთაბეჭდილებებს ისიც კლასელებს გაუზიარებს.

უფროსკლასელები უკვე ცდილობენ თავისი არდადეგები თვითონ, მშობლებისგან შეძლებისდაგავრად დამოუკიდებლად დაგეგმონ.

ილია, 15 წლის:  სკოლაში საკმაოდ დავტვირთული სწავლის პროცესია, ამიტომ ყოველ არდადეგებს მოუთმენლად ველოდები. პირველ რიგში ვიცი რომ კარგად გამოვიძინებ და დილაადრიან აღარ მომიწევს გაღვიძება, თუმცა ამას ვეჩვევი და მერე სკოლაში დაბრუნებულ ძალიან მიჭირს, მშურს იმ ბავშვების, ვინც მეორე სმენაში სწავლობს. ვიცი, რომ სკოლას მაინც ვერ მოვწყდები. წელს დაგეგმილი მაქვს, რომ ახალი წლის მერე რამდენიმე კლასელთან ერთად გუდაურში წავიდე. სრიალი მიყვარს და ჩემი ზამთრის არდადეგები მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციისთვის არდადეგები, თავიანთ მოსწავლეებთან შედარებით ოდნავ გვიან იწყება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, არდადეგები საგაკვეთილო პროცესს ეხება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პედაგოგებს სკოლაში გამოცხადება არდადეგების პერიოდშიც მოუწიოთ იმის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა რაიმე საქმე დასასრულებელი. „ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციასთან, დირექტორთან უნდა გაარკვიოს“, – აცხადებენ სამინისტროში.

რა საქმეები შეიძლება ჰქონდეთ მასწავლებლებს სკოლაში არასაგაკვეთილო დღეებში და როგორია მათი დასვენების გრაფიკი ზამთრის არდადეგების პერიოდში ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებს ვკითხეთ:

„თუ ჟურნალის დასრულება მოასწარი, მაშინ არ დადიხარ სწავლის დაწყებამდე, მაგრამ არის სკოლები სადაც მაინც დაატარებენ მასწავლებლებს, ყველაფერი მაინც დირექტორზეა, ის განსაზღვრავს…“

„მორიგეობა გვიწევდა ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ რა თქმა უნდა, ახალი წლის დღეებში ვისვენებთ…“

„შვებულებას/ არდადეგებს  მოიაზრებენ მხოლოდ ზაფხულში, ყოველ არდადეგებზე გვიწევს სიარული, გვეუბნებიან, რომ  არდადეგები მხოლოდ ბავშვებისთვისაა.  საქმეს რაც შეეხება, ნიშნების დაწერის, კათედრის ოქმების, შემაჯამებელი დავალების ანალიზის,  შეფასების ჯგუფების ოქმების, პირადი საქმეების მოწესრიგების( მხოლოდ წლის ბოლოს) შემდეგ ძირითადი საქმიანობა სრულდება…“

„არდადეგებს ფაქტობრივად სკოლაში ვატარებთ, დილით ვცხადდებით. ეგ დრო რომ გამოვიყენო სახლში მშვიდად, რესურსების ან სამომავლო საქმიანობის დასაგეგმად, ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესია“…

საინტერესოა, მასწავლებლები როგორ გეგმავენ დასვენების დღეებს და რა რჩვებს აძლევენ თავიანთ მოსწავლეებს.

ნანა ქავთარაძე, ჭიათურის 1–ლი საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი:

„მასწავლებლები დაუღალავად ვშრომობთ და ვცდილობთ, მთელი სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებით დავგეგმოთ, დასვენება კი ყველასთვის აუცილებელია ახალი ენერგიის მოსაკრებად. ახალ წელს ახალი იმედებით ველოდებით ხოლმე მასწავლებლებიც. ამ არდადეგებზე ბავშვებს ბევრ დავალებებს არ ვაძლევ, რადგან სამეცადინო განწყობა დიდად არ აქვთ ხოლმე. დასვენება უნდა იყოს დასვენება!“

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორ დავუგეგმოთ ბავშვებს დასვენება, ისე რომ არც სასწავლო პროცესს მოწყდნენ და სრულფასოვნადაც დაისვენონ?

ამ საკითხზე EDU.ARIS.GE  ფსიქოლოგ ლელა ტყეშელაშვილს ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, არდადეგები სასწავლო პერიოდის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ დროს მოსწავლისთვის შესავსებია მთელი ის კოლოსალური დრო, რომელსაც ბავშვი სკოლასა და უამრავ დამატებით წრეში ატარებს. ეს დრო კი ისე უნდა შევავსოთ, რომ არც დავღალოთ და არც რუტინიდან ამოვაგდოთ ბავშვი.

ლელა ტყეშელაშვილი: ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ არდადეგების დროს ტვინმა უნდა დაისვენოს, ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სწორი, უფრო სასარგებოლა ტვინი გადავრთოთ სხვა სახის აქტივობებზე. დაე დაისვენოს ტვინის იმ ნაწილმა, რომელიც შესაძლებელია დაიძაბა, მაგრამ გააქტიურდეს მისი სხვა უბნები – სკოლაზე, გაკვეთილებზე, რუტინულ დავალებებზე საუბარს შედეგი არა აქვს. სასურველია, რომ გადავრთოთ ბავშვი ისეთ აქტივობებზე, რასაც სწავლის პერიოდში ნაკლებად ახერხებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა და ბუნებასთან კონტაქტი.

რა სარგებლობა მოაქვს არდადეგებს ბავშვისთვის?

ლ.ტ: არდადეგები არის ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების უკეთესად გაცნობის, მასთან ურთიერთობის აღდგენის საუკეთესო საშუალება. თუკი სხვა დროს მოუცლელობას ვიმიზეზებთ და ვწუწუნებთ, რომ დრო არ გვრჩება ბავშვებთან ურთიერთობისათვის, ამ შემთხვევაში ხელიდან  არ უნდა გავუშვათ მასთან გულითადი საუბრის შანსი.

რაც მთავარია, ჰკითხეთ ბავშვს, რა უნდა თვითონ, მიაღებინეთ მონაწილეობა დაგეგმვაში, რა იყო ის, რის კეთების  სურვილიც ჰქონდა სწავლის პერიოდში და ვერ ახერხებდა, ან თქვენ რა ვერ მოასწარით დატვირთული სასწავლო გრაფიკის გამო. კიდევ უფრო კარგია, როცა არდადეგების პერიოდის აქტივობები არდადეგების დაწყებამდე იგეგმება.

არ დაგავიწყდეთ მუზეუმები, თეატრები, კონცერტები, კაფეები, პარკში სეირნობა გორგოლაჭებით ან ველოსიპედით. ასევე, სასწავლო და სამუშაო პერიოდში ხშირად გვენატრება საკუთარ სახლში მყუდროდ ყოფნა, წიგნის კითხვა, საცხოვრებელი სივრცის მოწესრიგება ან შეცვლა, სამზარეულოში ფუსფუსი, გემრიელი, სასარგებლო საკვების დაგემოვნება…  მოკლედ რომ თქვათ, სასურველია იმ სასიამოვნო შთაბეჭდილებების მომარაგება, რომლებიც ბავშვმა მთელი მომდევნო სასწავლო პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიზოგოს.

რაც უფრო ახლოვდება არდადეგების დასასრული, მით უფრო უარესდება ბავშვის განწყობილება. საჭიროა,  სამუშაო რიტმზე ნელ-ნელა და ფაქიზად გადავიდეთ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი არდადეგების გონივრული დაგეგმვა, რომ მისი დასასრული სტრესული არ აღმოჩნდეს ბავშვისათვის.

უცხო არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ კარგი დასვენება, არდადეგების ქალაქგარეთ და მით უფრო კურორტზე გატარება, სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრ ოჯახს არ გააჩნია. EDU.ARIS.GE ასეთ ოჯახებს და ბავშვებს განსაკუთრებით ულოცავს მოახლოებულ ზამთრის დღესასწაულებს და უსურვებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათ საოცნებო არდადეგები გაატარონ თავიანთ ოჯახებთან ერთად.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური