GE

„დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის კომბინირებული ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ პრაქტიკული ნაწილი საერთოდ ამოღებული იქნას“

2023 წლის მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ყველა საგანში ცნობილია. ახლა პედაგოგები საკუთარ შედეგებზე მსჯელობენ და აანალიზებენ, რა გაუჭირდათ ტესტებზე მუშაობისას ყველაზე მეტად.

ტესტირებაზე გასულები აქტიურად წერენ დაწყებითი საფეხურის კომბინირებული ტესტის შესახებ (დაწყებითი საფეხური – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) და მას რთულს უწოდებენ. მათი ინფორმაციით საშუალო ქულის მიღებაც არ ყოფილა მარტივი.

თათია კვარაცხელია, მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი EDU.ARIS.GE -სთან ამბობს, რომ მე-7 – მე-12 კლასების მასწავლებლობისთვის განკუთვნილი ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც გასულ წელს ჩააბარა ბევრად მაღალ ქულაზე დაწერა, ვიდრე I – IV კლასის კომბინირებული გამოცდა:

„მას შემდეგ, რაც პრაქტიკოსი პედაგოგების კუთხით რეფორმა დაიგეგმა და განხორციელდა ვიფიქრე, რომ უფრო მეტი შანსი მომეცემოდა დასაქმებისთვის. გასულ წელს ჩავაბარე VII-XII კლასების ქართული ენა და ლიტერატურა და პარალელურად სწავლა დავიწყე 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე. წელს დაწყებითი განათლების კომბინირებული ტესტი ვწერე. გაცილებით მაღალი შეფასება მქონდა შარშან ჩაბარებულ ქართული ენის ტესტში, რადგან ფილოლოგი ვარ. დაწყებითების პროგრამა რომ მესწავლა ბაკალავრის საფეხურზე, ალბათ, ბევრად მეტ ქულას ავიღებდი.

„ვფიქრობ, კომბინირებული ტესტის ჩაბარებას ის ართულებს, რომ აქ საჭიროა გქონდეს ცოდნა და კომპეტენციები რამდენიმე სფეროში, ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა. ეს 3 სრულიად სხვადასხვა მეცნიერებაა და შესაბამისად, რთული იქნება. კიდევ ერთი: ამ საგნებში ჩვენ საგნობრივ ცოდნასაც გვთხოვდნენ და აკადემიურ უნარებსაც გვიმოწმებდნენ. ამიტომ, გამოცდილ პედაგოგებსაც უჭირთ ხოლმე, რომ სასურველი შედეგი აჩვენონ“.

მისი თქმით, იმის გასაგებად, თუ რატომ უჭირთ ამ ტესტის კარგად შესრულება, საკმარისია გავეცნოთ ტესტის მეორე ნაწილის დავალებებს, რომელშიც მხოლოდ აკადემიური უნარები მოწმდება, მასწავლებლობის მსურველებს კი პრაქტიკული გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ და ასეთი ტიპის დავალებები არც უნდა მოდიოდეს, რადგან უსამართლობის განცდას ტოვებს.

“გამოსაცდელს, რომელიც მასწავლებლობის მსურველია და არა მოქმედი პედაგოგი, პროფესიული აკადემიური უნარები როგორ ექნება განვითარებული? ეს ლოგიკური კითხვაა. მაგალითისთვის, წლევანდელი ტესტის ბოლო დავალება გვთხოვდა პრობლემის გადაჭრის გზები წარმოგვედგინა და მათზე გვემსჯელა. იყო რამდენიმე სიტუაცია შვილისა და მშობლის ურთიერთობიდან, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობიდან. დამეთანხმებით, ეს პრაქტიკული შემთხვევებია, როცა გეკითხებიან რატომ უთხარი მოსწავლეს ეს და არა ის. ამიტომ, ტესტის აკადემიურ ნაწილში უპირატესობა აქვთ მოქმედ პედაგოგებს. შესაბამისად ჩვენთვის, გამოცდილების არმქონეებისთვის, რთულია.

„ვფიქრობ, ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ პრაქტიკული ნაწილი საერთოდ ამოღებული იქნას. ან მოქმედი პედაგოგებისთვის ცალკე ტესტი შეიქმნას და პრაქტიკოსებისთვის სხვა. ასე უფრო სამართლიანი იქნება. ალბათ, ყველა დამეთანხმება, როცა ამბობენ რთული იყო ტესტიო, ზუსტად ამ ნაწილს გულისხმობენ -პრაქტიკულს და არა თეორიულს, სადაც გაცილებით მეტი ქულა მოდის და არავის სურს ამ ქულების დაკარგვა”, – გვიხსნის მასწავლებლობის მსურველი.

სამართლიანობის კონტექსტის გათვალისწინებით, თათიას ვკითხეთ, სკოლაში დასაქმებასთან დაკავშირებული რა მოლოდინები აქვს ახლა, როცა უკვე 2 საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული და ერთ-ერთ მათგანში 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების პროგრამასაც ასრულებს. მისი თქმით “კეთილგანწყობილი დირექტორის” იმედად არის და აი რას გულისხმობს ამაში:

„მითი არაა, რომ მასწავლებლისთვის რეგიონში გაცილებით რთულია დასაქმება. (ნათია სამეგრელოს რეგიონიდან არის ავტ.) აქ ისეთ გამოწვევებს “გადავეყარე”, ერთი პერიოდი საერთოდ აღარ მინდოდა სკოლაში მუშაობა. კეთილგანწყობილ დირექტორს იშვიათად ნახავთ, მაინც ის კადრი ურჩევნიათ, ვისთანაც წლები იმუშავეს და ახალგაზრდა მასწავლებლები დაბრკოლებად მიაჩნიათ. არ ენდობიან მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებული გამოცდები აქვთ ჩაბარებული. ასეთი დასკვნა გამოვიტანე, მე პირადად. შესაძლოა, სიახლეებისა და გარდაქმნების შიშიც ჰქონდეთ. გაგზავნილი მაქვს ჩემი cv რამდენიმე სკოლაში და ვნახოთ…“

ასევე იხილეთ:

დაწყებითი საფეხურის ტესტში შიდა ბარიერია გათვალისწინებული – რა უნდა იცოდნენ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე გამსვლელებმა

გამოქვეყნდა მასწავლებლის საგნის გამოცდების შედეგები დაწყებითი საფეხურისთვის და ზოგიერთ სხვა საგანში – გამოცდები 2023

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური