GE

დღეს სასწავლო პროცესი განახლდა – როგორი დასწრებაა საჯარო სკოლებში და იწერება თუ არა „არები“

დღეს სკოლებში საგაკვეთილო პროცესი აღდგა და სწავლა განახლდა. EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, როგორი დასწრებაა თბილისის სკოლებში და რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.

32-ე სკოლის მენეჯერის რუსუდან შენგელიას ინფორმაციით, გაკვეთილებს დღეს მოსწავლეთა 70% ესწრება:

„სკოლაში მოსწავლეთა დაახლოებით, 70%-ია. დაბალ კლასებში დასწრება შედარებით გაიშვიათებულია, თუმცა მაღალ კლასებში ძალიან ცოტა ბავშვმა გააცდინა. ზოგიერთ კლასში 3-4 ბავშვი არაა, თუმცა ზოგან დღეს გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. დეზინფექცია ჩატარებულია და სკოლა მზადაა საგაკვეთილო პროცესების აღსადგენად“, –  ამბობს შენგელია.

ანალოგიური მდგომარეობაა 145-ე სკოლაშიც. გამცდენთა უმრავლესობას აქაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები შეადგენენ:

„საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა, თუმცა დაწყებით საფეხურზე გაკვეთილებს თითო კლასში, დაახლოებით, 5-6 ბავშვი არ ესწრება. ზედა საფეხურებზე კი კლასში შეიძლება 2-3 ბავშვი არ იყოს“, – უთხრეს EDU.ARIS.GE-ს სკოლის ადმინისტრაციაში.

როგორც სკოლების ადმინისტრაციებში გვპასუხობენ, „არები“ სასკოლო ჟურნალში ჩვეულებრივ იწერება.

დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობლების თქმით, ჯერ კიდევ ეშინიათ ვირუსების და სკოლაში წაყვანისგან თავს იკავებენ:

„არ ვიცი ხვალ წავიყვან თუ არა, მაგრამ დღეს ჩავთვალე, რომ დასწრებაც არ იქნებოდა და არც ახალ მასალას აუხსნიდნენ. საჯარო თავშეყრის ადგილებში ბავშვის ყოფნა ჯერ კიდევ საშიში მგონია“, – ამბობს პირველკლასელის დედა ნონა ახალაძე.

მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლეები დღეს სკოლაში ჩვეულებრივ გაუშვა ნუნუკა გულუამ:

„ვფიქრობ, ყველა საშიშროებამ ჩაიარა და დროა, ბავშვები სწავლას დაუბრუნდნენ. ორივე შვილი გავუშვი სკოლაში. როგორც ვიცი, დასწრებაც ნორმალურია“,- ამბობს მშობელი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 1 კვირით გადაიდო. სასწავლო პროცესი დღეს აღდგა, თუმცა, როგორც განათლების მინისტრი ამბობს, მეორე საშიშროება, რომელიც წითელას ეპიდ–აფეთქებას უკავშირდება, პროცესზე დაკვირვების აუცილებლობას წარმოშობს და თუ საჭიროება დადგება, სამინისტრო სასწავლო პროცესის თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. ასეთი რეკომენდაცია სწავლის დაწყებამდეც გაიცა. სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს ზუსტად ვერ პასუხობენ ჩატარდა თუ არა ასეთი სამუშაოები ყველა სკოლაში, ვინ არის აღნიშნული პროცესის მაკონტროლებელი და მოწმდება თუ არა სკოლები რეკომენდაციის ჯეროვანი შესრულების დადგენის მიზნით. უწყებამ მხოლოდ ზოგადი პასუხი გაგვცა:

„სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცემული რეკომენდაცია ყველა სკოლისთვის სავალდებულოა და პასუხისმგებელი არის სკოლის ადმინისტრაცია.  ამასთან, რესურსცენტრის ამოწმებს სკოლებს როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად“, – განმარტავენ მიხეილ ბატიაშვილის უწყებაში.

განათლების სამინისტრო სკოლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს!

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური