„დღეს „ვეფხისტყაოსანს“ და ჰაგიოგრაფიას ველით“ – აბიტურიენტებისა და მშობლების მოლოდინი
„მინდა შემხვდეს რამე რომანტიკოსებიდან, სიყვარულზე ბევრის თქმა შემიძლია”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტმა 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. ტესტირებისთვის რეგისტრაცია ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო, აბიტურიენტებმა და მშობლებმა კი თავიანთი მოლოდინები თუ სურვილები გაგვიზიარეს.
მოსწავლეების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ დღეს “ვეფხისტყაოსანი” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” შეხვდებათ. აბიტურიენტებს სჯერათ, რომ დღეს მაინც მოვა ის ნაწარმოებები, რომლებიც ყველასთვის სასურველი იყო, პირველ და მეორე სესიაზეც მოსულიყო:
“მთავარია “დიდოსტატის მარჯვენა” არ მოვა”.
“მგზავრის წერილები” მგონია რომ შეგვხვდება ან “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. რაც არ მინდა, არის “შელოცვა რადიოთი”, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ”.
“მთავარია წერა-კითხვა ვიცი”, – ამბობს აბიტურიენტი, რომელიც ყველა საკითხზე საუბრისთვის მზადაა.
“ჰაგიოგრაფიიდან ჯერ არ დაუწერიათ ბავშვებს. “შუშანიკის წამება” ან “აბო თბილელის წამება” გვინდა შემოვიდეს. ასევე, “ვეფხისტყაოსანი”. გუშინ მოველოდით, რომ იქნებოდა და იმედი გაგვიცრუვდა. კიდევ სასურველია ქარჩხაძის “იგი” ან “ოთარაანთ ქვრივი”. ამ ნაწარმოებების ანალიზი მარტივია”, – ამბობს ანუკა ნოზაძე, აბიტურიენტი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.
დილიდან საგამოცდო ცენტრებთან განსაკუთრებით აქტიურობენ მშობლები. ისინი შიშობენ, რომ ქართულის გამოცდა წელს მარტივი არ არის, რადგან გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტების უმრავლესობას ნაწარმოებების თეზისებზე საუბარი უჭირთ.
“გუშინ ვერ იხსენებდნენ რა თემებზე იმუშავეს, ალბათ, არ იყო ისეთი მარტივიც. სანამ სწორად არ გაიხსენებენ რა თემები და თეზისები მოვიდა, არ გავუღებთ ამ ჭიშკრის კარს. ცოტა მეტი იფიქრონ და ჩვენც დაგვამშვიდონ. გუშინ ერთი მშობელი ძალიან აღელვებული იყო, რას დაწერდა თუ ვერ იხსენებს რა წერაო”, – თქვა ერთ-ერთი გამოსაცდელის დედამ საგამოცდო ცენტრიდან.
EDU.ARIS.GE შეგახსრნებთ, რომ გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი ვარიანტის ბავშვებმა პროგრამული მასალიდან ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”, ხოლო არაპროგრამულიდან რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “ფიროსმანი” წერეს.
რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მათ ტესტში პროგრამულიდან კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა”, არაპროგრამულიდან კი “ლექსი ვეფხისა და მოყმისა” ჰქონდათ დავალებად.
დღეს, მშობლიური ენის გამოცდა კვლავ ორ – დილის და შუადღის სესიად ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება