დისშვილი, როგორც მთავარი მოტივაცია – სპეციალური მასწავლებლობის მსურველი გამოცდიდან პროფესიული მოლოდინებით
“იცით, მე რომელ სკოლაშიც მინდა ძალიან, რომ ვასწავლო, უკვე ვიყავი და გავარკვიე რა რაოდენობით სწავლობენ იქ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები და ეს არის საკმაოდ დიდი ციფრები…”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 38 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველი, თამარ გელაშვილი, რომელმაც როგორც თავად გაგვიმხილა, გამოცდაზე გასვლა ფსიქოლოგიის დიდი სიყვარულისა და მისი მთავარი მოტივატორის – დისშვილის გამო გადაწყვიტა.
2024 წლის ზაფხულის გამოცდებში, აბიტურიენტების შემდეგ, დღეს უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველებიც ჩაერთნენ.
“მაქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, ასევე, ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია. სამწუხაროდ, სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ პედაგოგი მყავს დედა და ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას. ვიცი, რომ ამ საქმეს უნდა მოვეკიდოთ დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით,, მუდმივი განვითარებაა საჭირო. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის უპირველესი მოტივატორი, რატომაც მომინდა სპეცმასწავლებელი გავმხდარიყავი, არის ჩემი დისშვილი, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს, მიღებული ცოდნა მასთან ურთიერთობის პროცესში უფრო ინფორმირებულს მხდის. მასწავლებლის პროფესიას სპორტული ინტერესით ვუყურებ”, – გვითხრა გამოცდაზე შესვლამდე თამარ გელაშვილმა, რომელიც ტესტირებისთვის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრშია განაწილებული.
მასწავლებლობის მსურველმა გვითხრა რას თვლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვნად:
“სიყვარული და კეთილი დამოკიდებულება არის მთავარი, ასევე ყურადღება. ამასთან, სასურველია, იცოდეთ ყველა თავისებურება ცალ-ცალკე, აუტისტური სპექტრის, ცერემბრალური დამბლის, დაუნისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომის. რაღაც საბაზისო ცოდნა აუცილებელია, პრაქტიკა კიდევ სხვა არის”.
მომავალ სპეციალურ მასწავლებელს ვთხოვეთ წარმოედგინა თავისი პირველი დღე სკოლაში:
“რასაკვირველია, მესმის რასთან მექნება შეჯახება. პირველ სამუშაო დღეს გავიცნობ და გავუგებ მოვუსმენ და მივიღებ თითოეულ ბავშვს. აუცილებლად შევხვდები ყველა პედაგოგსა და მშობელს. მშობლებმა ყველაზე უკეთ იციან რა სჭირდებათ მათ შვილებს. სულ ვიქნები განვითარების პროცესში”, – ამბობს მომავალი პედაგოგი.
ის მომავალ კოლეგებს ურჩევს, რომ თუ გამოცდას წარმატებით დაასრულებენ და სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ, ჯერ აუცილებლად გახდნენ სპეციალური მასწავლებლის ასისტენტები და ამის შემდეგ იმუშაონ უფროს სპეცმასწავლებლად. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო დაეხმარებათ კარიერულ განვითარებაში.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- მასწავლებლის გამოცდების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე