GE

„ჯარიდან თავის დახსნა გვინდა და ამიტომ გავდივართ გამოცდაზე“ – აბიტურიენტები გორის საგამოცდო ცენტრიდან

დღეს გორის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 922 აბიტურიენტს უნდა ჩებარებინა, საიდანაც 23 აპლიკანტი ადგილზე საერთოდ არ გამოცხადდა, ზოგიერთი კი იმასაც ამბობდა, რომ გამოცდებზე გასვლა სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის სურთ და არა უმაღლესი განათლების მიღებისთვის.

„ჯარიდან თავის დახსნა გვინდა და ამიტომ გავდივართ გამოცდაზე“ – აცხადებდა დღეს გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ბიჭების უმრავლესობა.

ისინი ამბობენ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა არ სურთ და იძულებულნი არიან, გამოცდაზე გავიდნენ, რადგან, მათი თქმით, თუ გამოცდა ვერ ჩააბარეს, ჯარში სექტემბრამდე მაინც აღარ გამოიძახებენ, უნივერსიტეტში მოხვედრის შემთხვევაში კი, სავალდებულო სამსახურიდან 4 წლით გათავისუფლდებიან.

„ჯარში გვიძახებენ და ამიტომ გავედი გამოცდაზე. ბოლო რამდენიმე თვე მოვემზადე და ვნახოთ, რა გამოვა. თუ ვერ ჩავაბარებ, სექტემბრამდე მაინც ვიქნები თავისუფალი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა აპლიკანტმა, რომელსაც გამოცდაზე მოსული საკითხებიც არ ახსოვდა.

კიდევ ერთი აბიტურიენტი კი ამბობს, რომ ჯარს სწავლა ურჩევნია.

„არ მინდა ჯარში. დიდად არც სწავლაზე ვარ გაგიჟებული, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვეს. იმედია, მეშველება რამე. ჯარს კი სჯობს სწავლა და აბა ვნახოთ თუ გამიმართლებს“, – გვითხრა გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა კიდევ ერთმა ახალგაზრდამ.

მესამე აბიტურიენტი კი ნაწილობრივ საგამოცდო საკითხებსაც იხსენებს:

„ოთარ ჭილაძის მოთხრობა მახსოვს და „ხევისბერი გოჩაც” იყო. რაღაცები დავწერე და რა გამოვა არ ვიცი. ისე, მოლოდინი კი კარგი მაქვს. ტექსტის რედაქტირებაც გავაკეთე, მაგრამ მე მაინც ჯარში წასვლა არ მინდა“.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური