სკოლის დირექტორთა ხელახალი კონკურსი, გასაუბრება და დისკრეცია – რა გამოსავალს სთავაზობს განათლების სამინისტროს ექსპერტი
რა შეიძლება იყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედითი პასუხი (ან გამოსავალი მისთვის) სკოლის დირექტორთა კონკურსის შედეგების გამო დაწყებული პროტესტისა და მასწავლებლის შიმშილზე, განათლების სპეციალისტმა შალვა ტაბატაძემ ჩამოაყალიბა, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მოწოდებები, რომ შიმშილობა შეწყვიტონ ან მოწოდებები, რომ სამინისტრო დათანხმდეს მოთხოვნებს საკმარისი არ არის სიტუაციის განსამუხტად.
“სიტუაციის განმუხტვა კი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ, ალბათ გარკვეული გამოსავალიც უნდა შევთავაზოთ:
1) გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი 1200 სკოლაში, სადაც სამეურვეო საბჭომ არ/ვერ აირჩია კანდიდატები (გვესმის, რომ უმრავლესობაში ისევ არ იქნება კანდიდატი, მაგრამ 300-350 სკოლაა, სადაც შესაძლებელია იყოს კანდიდატები და 500 სერტიფიცირებული სკოლის დირექტორობის კანდიდატია, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ხელახალ არჩევნებში, თუმცა ფრუსტრაცია და იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ ბევრმა მათგანმა შესაძლოა უარი თქვას მონაწილეობაზე , მაგრამ ერთგვარი გამოსავალია არსებულ კრიზისში);
2) შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ;
3) სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს ამ პროცესში ჩართული ადამიანებისა და ორგანიზაციებთან შეთანხმებული ან მათი მონაწილეობითი ნდობით აღჭურვილი კომისია (162 კანდიდატს ეხება ეს საკითხი) და გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ამ 162 კანდიდატსაც მიეცეს ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
4) გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება არჩეული სერტიფიცირებული კანდიდატები 1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც, დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები მათთვის სასურველ სკოლებში, რომ მაქსიმალურად სკოლებში გვყავდეს სერტიფიცირებული დირექტორები;
5) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს
(ა) სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი;
(ბ)შეიმუშავებს სტრატეგიას იმ სკოლებისთვის, სადაც არ არიან სერტიფიცირებული კანდიდატები, რომ მოხდეს სერტიფიცირებული კანდიდატების ამ სკოლებში არჩევა ან დანიშვნის პროცესი;
(გ) შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლების პროფესიონალი ხელმძღვანელებით უზრუნველსაყოფად , მათი მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულებისა და ავტონომიურობის ინსტრუმენტების შექმნას.
(დ) შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად;
6) სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება აიღოს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ.
მესმის, რომ არ არის იდეალური ვარიანტი, ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს ყველაზე კომპრომისული, ოპტიმალური და განვითარებაზე ორიენტირებული გამოსავალია, ამავე დროს ეს არის განათლების სამინისტროს შესაძლებლობაც (შეიძლება ითქვას მისი მხარდაჭერაც), რომ რეალურად დაიბრუნოს განათლების მართვის მექანიზმები, რომელიც მას ფაქტობრივად ჩამოცილებული აქვს.
“აქ მარტივ რაღაცაზე ვსაუბრობ. სამინისტროც დეკლარირებულად ამბობს, რომ კვალიფიციური სკოლის დირექტორი სკოლაში მისთვის მნიშვნელოვანია, უბრალოდ ფიზიკურად არ არის კადრი. რეალობა შეიქმნა ასეთი. ერთ მხარეს არის 1200 სკოლა არასერტიფიცირებული სკოლის დირექტორით, ხოლო მეორე მხარეს 500 სერტიფიცირებული +162 სერტიფიცირების გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველი, რომელიც ვერ გახდა დირექტორი. პოზიციები თითქოს დაახლოებულია და გამოსავალი მარტივი. შესაბამისად, პასუხი უნდა იყოს ღია და ცალსახა, ან ღიად უნდა თქვას განათლების სამინისტრომ, რომ არ სურს ეს სერტიფიცირებული, კომპეტენციადადასტურებული დირექტორები სისტემაში, არცერთ სკოლაში გარკვეული მიზეზებით, ან უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სერტიფიცირებული კანდიდატები და ამიტომ ხელახალი არჩევნების პირობებში მოხდეს მათი არჩევა”, – წერს 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სფეროს სპეციალისტი შალვა ტაბატაძე.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება