„ულტიმატუმებით ლაპარაკი უსაფუძვლოა“ – განათლების მინისტრი პროტესტის მონაწილეებს ისევ სასამართლოსკენ მიუთითებს
“ორი ადამიანის პროტესტი” უწოდა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორობის კანდიდატების მრავალთვიან პროტესტს, რომელთაც დღეს, 4 დეკემბერს განათლების სამინისტროში შეხვდა.
მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ პირადად განათლების მინისტრისგან მოითხოვეს, რომ მან გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება, აღადგინოს სამართლიანობა და დისკრეციის წესით განამწესოს სკოლებში დირექტორთა კონკურსის მიმდინარეობისას უსამართლოდ დაწუნებული კანდიდატები.
“რისთვის უნდა გამოვიყენოთ დისკრეცია, რაზე უნდა გამოვიყენოთ, რომ კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო? ეს ასე არ იქნება, ვინაიდან ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ულტიმატუმებით ლაპარაკი უსაფუძვლოა. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი, ეს დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუ ფიქრობს, რომ მისი უფლებები შეილახა”, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
მინისტრი გადაჭრით ამბობს, რომ სკოლის დირექტორთა კონკურსის ფარგლებში, არცერთ შემთხვევაში და არსად გამოკვეთილა “მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევები”.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე კი განათლების სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას აპირებს. მინისტრთან და მის მოადგილეებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, მაია ეკალაძემ, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ განათლების სამინისტრო კონკრეტულ პასუხს სამუშაო საათების დასრულებამდე არ მისცემს, ის შიმშილობის დაწყებას გეგმავს:
“სხვა გზა უბრალოდ არ დამრჩება, უპასუხობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ, მე მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრის დასრულებისას განვაცხადე, რაზეც თამარ მახარაშვილმა მითხრა, რომ “ძალიან წუხს”. სულ ერთი პროცენტით მაქვს იმედი, რომ პასუხს მივიღებთ”, – გვითხრა მაია ეკალაძემ, რომელიც პედაგოგებს განათლების სამინისტროსთან ხუთ საათზე ელის.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება