GE

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების აქტივობების შეფასებისთვის რეგისტრაცია 20 აგვისტოს დაიწყება

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების მიზნით, 20 აგვისტოდან რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებლის სახლი ავრცელებს. 

როგორც ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების წესი დაამტკიცა. აღნიშნული წესის მიხედვით, ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროფესიული აქტივობების შეფასება და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კრედიტქულების მინიჭება მოხდება.

მასწავლებლის სახლის განმარტებით, აღნიშნულ აქტივობებს, მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი არანაკლებ 3 წევრისგან დაკომპლექტებული კომისიები შეაფასებენ.

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების კომპეტენციების შეფასება 4 მიმართულებით, სპეციალურად შექმნილი დადასტურების ინსტრუმენტებით მოხდება.

აღნიშნული მიმართულებებია:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა
  • სასწავლო რესურსის შექმნა
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
  • საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა

ჩამოთვლილთაგან ეს უკანასკნელი მიმართულება მხოლოდ სერტიფიცირებულ, დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს ეხება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თითეული მიმართულებების მიხედვით, მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს შეფასების წესით დადგენილი ერთ-ერთი აქტივობა მაინც, რომელსაც თავად ჩათვლის საუკეთესოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ხარისხის დადგენის პრინციპს. ხარისხიანად შესრულებული, თუნდაც ერთი აქტივობა საკმარისია იმისათვის, რომ თითეული მიმართულებით გამოჩნდეს მასწავლებლის კომპეტენციის დონე და პოტენციალი.

კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული აქტივობები მასწავლებლებს, ახალ სქემაში დამატებით აქტივობებად ჩაეთვლებათ და კრედიტქულები მიენიჭებათ.

ცენტრის ცნობით, შეფასების პროცესი იქნება გამჭირვალე, რადგან შეფასება ეყრდნობა მკაფიოდ გაწერილ ინსტრუმენტებს – რუბრიკებსა და კითხვარებს, რომელთა შესახებ თითეული მასწავლებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კონსულტაციებით.

აღნიშნული აქტივობების შეფასებისა და აღიარების მიზნით, მასწავლებლებს შეუძლიათ 20 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, რესურსცენტრში წარადგინონ განაცხადი და განხორციელებული გეგმა, ხოლო 20 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, სკოლას, სადაც მოცემული მომენტისთვის იქნება დასაქმებული მასწავლებელი, შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში – „ისქულში“ (eSchool) ატვირთოს განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

,,ცენტრის ისტორიაში პირველად ხდება, რომ დოკუმენტების ატვირთვა და შეფასება მთლიანად ელექტრონულად ხორციელდება. ეს არის ერთგვარი ტესტი და პილოტი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ახალი სქემის ფარგლებში, ელექტრონულ სისტემაში მოუწევთ მუშაობა. ცენტრი დაეხმარება მათ, რომ ეს პროცესი მათთვის მარტივი და კომფორტული იყოს.
აღნიშნული პროცესის დაწყებამდე აღნიშნული დოკუმენტაციის ატვირთვის ინსტრუქცია განთავსდება როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და დაეგზავნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას,” – აღნიშნულია ცენტრის ოფიციალურ გვერდზე. 

მისივე ცნობით, მასწავლებლებს ეძლევათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ პორტფოლიოებს, შეარჩიონ საუკეთესო აქტივობები, ატვირთონ სისტემაში და იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ შეფასება გამჭირვალედ და ობიექტურად განხორციელდება.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ცენტრის ვებგვერდზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური