GE

ძვირადღირებული პოპულიზმი! – ანუ რატომ გვაზეიმეს გოგებაშვილის დედაენის დაბრუნება სკოლებში?

მას შემდეგ, რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განათლების მინისტრთან ერთად იაკობ გოგებაშვილისეული დედაენის სკოლაში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ გვამცნო თითქმის ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს 14 „გადამმუშავებელი“ ავტორი ჰყოლია, ასევე ნათელი გახდა, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილისთვის ეს ნამდვილად საზეიმო გადაწყვეტილება იყო.

ყველა ის სპეციალისტი და საზოგადოების წარმომადგენელი კი, ვინც გადაწყვეტილებას იაფფასიან პოპულიზმად მოიხსენიებდა, ამბობდა, რომ იაკობ გოგებაშვილის დედა ენა სკოლიდან არსად წასულა, ან მიიჩნევდა, რომ მოსწავლეებს დედა ენას სხვა სახელმძღვანელოთი ასწავლიდა, პირდაპირი და დაუსრულებელი შეურაცხყოფების, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს „პოპულისტური სვლა“ სულაც არ ყოფილა იაფი – სახელმძღვანელოების ბეჭდვა, ჯამურად 246 400 ლარი დაჯდება.

„აუცილებლად წავუკითხავ პირველკლასელებს, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი“ – მასწავლებლის წერილი „დედაენაზე“

ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ, – ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!

ამ თემაზე EDU.ARIS.GE-ს მიერ სხვადასხვა უწყებისთვის დასმულმა კითხვებმა სწორედ იმაში დაგვარწმუნა, რომ სახელმწიფო 55 000 ერთეულ წიგნის, რომელსაც სავარაუდოდ, უნდა მოყვებოდეს მოსწავლის და მასწავლებლის რვეულიც, სერიოზულ თანხებს მოახმარს, თუმცა ეს სახელმძღვანელო სულაც არ იქნება გრიფირების წესის დაცვით სკოლაში შეტანილი წიგნი და სკოლის კი არა, მასწავლებლის დონეზე გადაწყდება გამოიყენებს თუ არა მას სწავლა-სწავლების პროცესში.

„სკოლების მიერ არჩევის საკითხი არ დგას, სკოლას რაც ჰქონდა ისევ ის სახელმძღვანელო დარჩება. ეს დედაენა გადაეცემა ბუკთან ერთად საჩუქრად ყველა პირველკლასელს, ეს არის კომპლექტი, ხოლო დედაენა, რომელიც სკოლას აქამდე ჰქონდა შერჩეული, ჩვეულებრივად დარჩება. ამ შემთხვევაში, მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, ან გაყვეს იმ ძირითად ხაზს რაც ჰქონდა აქამდე და ეს დედა ენა დამატებით გამოიყენოს, ან პირიქით, ძირითად დედაენად ეს სახელმძღვანელო გამოიყენოს, ხოლო რაც აქამდე ჰქონდა სკოლას შერჩეული, ის დამატებითად“, – გვიპასუხეს სამინისტროს გრიფირების სამსახურში.

რაც შეეხება სახელმძღვანელოს მაკეტის გამოქვეყნებას, რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო, გრიფირების სამსახური ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მაკეტი არც საჯარო სკოლებისთვის გადაუციათ. დირექტორები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მათ მაკეტი არ უნახავთ და ამაზე სამინისტროს, ან რესურსცენტრის მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა.

მაკეტის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა განათლების სამინისტროს გრიფირების სამსახურის ცნობით, მათი ინფორმაციით, სახელმძღვანელო უკვე ბეჭდვაზეა გაშვებული, რომ სკოლებს გადაეცეთ.

ბეჭდვის დაწყების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახური (ესიდა), რომელმაც ბეჭდვის თაობაზე ჯერჯერობით მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ ხელშეკრულება ახლა (სავარაუდოდ დღეს) გაფორმდა და ბეჭდვა ამის შემდეგ უნდა დაიწყოს.

კითხვებზე, რომელი გამომცემლობა დაბეჭდავს 50 ათასამდე ერთეულ სახელმძღვანელოს, რა ნაწილებისგან იქნება შედგენილი ის და რა უჯდება სახელმწიფოს ეს პოპულისტური ნაბიჯი, განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან ასეთი პსუხები მივიღეთ:

დედაენის დაბეჭვდაზე ხელშეკრულება გაფორმდა სააგენტოსა და სპს “კონსორციუმი – ქართული სტამბების გაერთიანება, სეზანი, ფავოტირი სტილი, გამომცემლობა „კოლორს“ შორის.

დედაენის სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან თითოეული იბეჭდება 55 000 ერთეული.

სახელმძღვანელოების ბეჭდვა ჯამურად ჯდება 246 400 ლარი.

ხელშეკრულების შესაბამისად, პირველი კლასის დედაენის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილების მიწოდება დასრულდება 2019 წლის 14 სექტემბრამდე, ხოლო მეორე ნაწილების 1 დეკემბრამდე.

„ზეიმის“ გაგრძელების საფუძველს კი, ალბათ, ის გვიჩენს, რომ მათი განმარტებით, სახელმძღვანელოს პირველკლასელთათვის გადაცემა არ დაგვიანდება.

„გოგებაშვილის მეთოდის“ პარადოქსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური