GE

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს – რით ამშვიდებს აბიტურიენტებს NAEC და განათლების სამინისტრო

2026 წლის აბიტურიენტებისთვის, ასევე მაგისტრობის მსურველთათვის რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს.

ამის მტკიცებულებაა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ორი ბრძანება, რომლის თანახმად, რეგისტრაციის გამოცხადებისთვის აუცილებელი ანკეტების შესავსებად უნივერსიტეტებს დრო 10 მარტის ჩათვლით განესაზღვრათ, ანკეტებზე პასუხის მიღების ვადა კი გივი მიქანაძის ბრძანებით, 16 მარტით არის დათარიღებული. ეს მაშინ, როდესაც გასული წლების მაგალითებს თუ შევხედავთ, შეფასებისა და გამოცდების ცენტრს აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებული ჰქონდა 1-2 მარტს და შესაბამისად (იმავე დღეს) გამოქვეყნებული ჰქონდა აბიტურიენტის ცნობარიც, რომელის შედგენაც ყოველწლიურად უნივერსიტეტების ანკეტა-კითხვარების დადასტურების შემდეგ ხდება და დროს მოითხოვს.

უფრო გვიანი ვადებია განსაზღვრული მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის დაწყებამდე შესასრულებელი პროცედურებისთვის – 30 მარტის ჩათვლით.

რას ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ პასუხში არ უარყოფს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის გამოცდებისთვის რეგისტრაციის დაწყება დაგვიანდება, თუმცა აბიტურიენტებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ ისინი მოასწრებენ „გააზრებული არჩევანის გაკეთებას“.

EDU.ARIS.GE-ს კითხვას, რამდენი ხნით დაგვიანდება რეგისტრაციის დაწყება და როდის უნდა ველოდოთ ცნობარის გამოქვეყნებას, გამოცდების ცენტრში 3 თებერვალს ასე უპასუხეს:

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში შეტანილმა ცვლილებებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განსხვავებული ვადები განსაზღვრა.

შესაბამისად, ახალი სამართლებრივი რეგულაციების გათვალისწინებით, აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი ცნობარი, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება, რათა მათ დროულად და სრულყოფილად მიიღონ ინფორმაცია და შეძლონ გააზრებული არჩევანის გაკეთება. შესაბამისი ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას ეტაპობრივად უზრუნველყოფს.

რა პასუხები აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს

დღეს, 4 თებერვალს აბიტურიენტის ცნობარის გამოქვეყნების ვადის შესახებ ზვიად გაბისონიამ EDU.ARIS.GE-ს უთხრა:

ზვიად გაბისონია: „აბიტურიენტის ცნობარი თებერვალში გამოქვეყნდება. კალენდარი გვაქვს. გვესმის ჩვენ, რომ ანკეტა-კითხვარების ვადის პრობლემაა. უბრალოდ, დადარებები მიმდინარეობს, ძალიან ბევრია პროგრამა და შესაბამისად, არ გვინდა, რომ შეცდომა დავუშვათ. ამიტომ, სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. ამას ემატება ეკონომიკის სამინისტროს კვლევები. ნამეტი სტუდენტები იქნება, დიდი ალბათობით, რადგან გვინდა, რომ სტუდენტების რაოდენობა არ შემცირდეს – გაცხადებული აქვს ეს პრემიერ-მინისტრს“.

-EDU.ARIS.GE: ანუ, აბიტურიენტები ცნობარს (პროგრამებისა და უნივერსიტეტების ჩამონათვალს) დაელოდონ თებერვალში?

– ზვიად გაბისონია: თებერვალში აუცილებლად იქნება, ცალსახად.

რა თქვა ზვიად გაბისონიამ ოდნავ მოგვიანებით, პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაციის გამოცხადების შესახებ დეპუტატის კითხვის პასუხად:

„თებერვალში იქნება მთავრობის გადაწყვეტილება კვოტირებასთან და პროგრამების განსაზღვრასთან დაკავშირებით და ამას მოჰყვება ანკეტა-კითხვარების გახსნა. ვადების დარღვევა არ მოხდება, [რეგისტრაცია] მარტში იქნება. ამ საკითხებზე მთავრობა მუშაობს და ძალიან მალე ოფიციალურად გამოვაქვეყნებთ“.

აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა განათლების მინისტრის მოადგილეს 3 თებერვლის პარლამენტის სხდომაზეც მოუწია, თუმცა პასუხები ცალსახა და საბოლოოდ დაზუსტებული არ ყოფილა.

მინისტრის მოადგილეს პარლამენტში დეპუტატმა კითხვა დაუსვა: „როგორ ფორმატში ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოესწრება თუ არა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება ეროვნული გამოცდებისთვის?, აბიტურიენტებს ერთიანი უნივერსიტეტი ექნებათ მოსანიშნი თუ ცალ-ცალკე უნივერსიტეტებს ჩაწერენ?“

უნივერსიტეტების არჩევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა დაისვა: „ძველი წესით, უმაღლესი განათლების მისაღები გამოცდების წინ სტუდენტებს ჰქონდათ გარკვეული წესი, რომ ერთ უნივერსიტეტში თუ ვერ მოხვდებოდნენ, შემდეგ მეორეს, მესამეს, მეოთხეს მონიშნავდნენ. ამ ნაწილში როგორ იქნება წლევანდელი აბიტურიენტების რეგისტრაციის წესი? სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინც აბარებს, აქვს თუ არა უფლება, პარალელურად მონიშნოს რომელიმე კერძო უნივერსიტეტი, სადაც შეეძლება სწავლის გაგრძელება?“.

ამ კითხვებზე ზვიად გაბისონიას პასუხი ასეთი იყო:

„მონიშვნების საკითხს რაც შეეხება, არანაირი შეზღუდვები ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებით არ იქნება. რეორგანიზაცია არის პროცესი და არა ერთჯერადი ფაქტი. შესაბამისად, ის გულისხმობს გარკვეული პერიოდის დროის დინებაში შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. შესაძლოა, მინიმალური დრო იყოს, სულ მცირე, ექვსი თვე, მაქსიმალური კი გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება, რათა მოხდეს ყველა პროგრამის გადაწყობა, დადარება“.

ამავე თემაზე:

„ვფიქრობდით, კერძო უნივერსიტეტი აგვერჩია და ახლა ამ საკითხზეც გაურკვევლობაში ვართ“ – აბიტურიენტის მშობელი გორიდან

აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური